Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული კვირა


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის (მარჯვნივ) შეხვედრა ვაშინგტონში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის (მარჯვნივ) შეხვედრა ვაშინგტონში.
გასული კვირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელმაც ლამის ერთი კვირა გასტანა. სტუმრობისას ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა როგორც ამერიკის ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, გამორჩეული იყო ღარიბაშვილის შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც თეთრ სახლში შედგა, შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მოგვიანებით ამის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა:

”პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს საქართველოში ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სთხოვეს მას, გააგრძელოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისათვის”.

განცხადებაში შეერთებული შტატები გამოხატავს ასევე მადლიერებას საქართველოსადმი „სამაგალითო მეგობრობისა და საიმედო პარტნიორობისათვის“. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთელმა მთავრობამ მასპინძლებისგან სრული მხარდაჭერა მიიღო:

”მათ დაგვიდასტურეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს. მე ასევე მივიღე დადასტურება და მზადყოფნა იმისთვის, რომ გაღრმავდეს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. მთლიანობაში, ეს იყო ძალიან პოზიტიური, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა”.

25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილს გმოსვლა ჰქონდა ატლანტიკურ საბჭოში, სადაც მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველო უყურებს როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარიბჭეს და იმედი აქვს, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მას დაეხმარება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს წვლილის შეტანას გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფაში და აპირებს ავღანეთის მისიაში საბრძოლო ოპერაციის დასრულების შემდეგაც დარჩეს, რათა პარტნიორებთან ერთად დაეხმაროს ადგილობრივ ძალებს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების შემდეგ, როგორც ამას ნატო მოელოდა, ახლა უკვე საქართველო მოელის მიღწევების სათანადოდ დაფასებას:

”საქართველოსთვის მომავალი ნატოს სამიტი დიდ ბრიტანეთში წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას იმისა, რომ ადეკვატურად აისახოს ქვეყნის წინსვლა, კერძოდ, როცა დრო მომწიფებულია ამისთვის, მეტად მნიშვნელოვანია წინსვლა და ამისათვის რეალისტურ გზას წარმოადგენს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის) მინიჭება. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ MAP-ზე, რადგანაც მას განვიხილავთ ალიანსთან ინტეგრაციის ერთადერთ მექანიზმად, რომელიც წარმოადგენს საფუძველს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამ არსებითად ახალ დონეზე გადასვლით - მზად ვართ, რომ გულმოდგინედ გავაგრძელოთ ყოვლისმომცველი რეფორმების თანმიმდევრული, ეტაპობრივი პროცესი”.

26-27 თებერვალს კი ბრიუსელი მასპინძლობდა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თავყრილობას, რომელზეც ასევე მიწვეული იყვნენ თავდაცვის უწყებათა პირველი პირები ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიდან. ბრიუსელში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

მინისტერიალი განიხილებოდა მოსამზადებელ ეტაპად ნატოს სამიტის წინ, რომელსაც სექტემბერში უელსი უმასპინძლებს, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ როგორ მომზადდება ნიადაგი უელსის სამიტისთვის და მიიღებს თუ არა საქართველო ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმას. ანალიტიკოსების უმრავლესობა სკეპტიკურად არის განწყობილი და მათ შორის არის პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე:

”არ მაქვს, სამწუხაროდ, დიდი მოლოდინი იმისა, რომ სამიტი დამთავრდება ჩვენთვის MAP-ის მონიჭებით. მაგრამ თუკი ჩვენი ნატოში ინტეგრაცია ჯერ კიდევ არის, ასე ვთქვათ, გაჭედილი, ორმხრივ ურთიერთობაზე და, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობაზე ამერიკასთან კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ”.

გასულ კვირაში გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც შარშან 200-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გამოვლენილ მდგომარეობას ასახავს და რომელშიც საქართველოს 64 გვერდი ეთმობა. ანგარიშში გამოყოფილი ძირითადი პრობლემები უმცირესობებისა და პოლიტიკური ოპონენტების უფლებებს უკავშირდება. საქართველოში წლის განმავლობაში გამოვლენილ ყველაზე დიდ პორობლემებად სახელდებოდა 3 საკითხი:

. გადაყენება და გათავისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისა, რადგანაც ისინი თითქოსდა ასოცირდებოდნენ ყოფილ მმართველ პარტიასთან - ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” - და ხელისუფლების არასათანადო რეაქცია ამგვარ ფაქტებზე;

• გაზრდილი საზოგადოებრივი ძალადობა ლგბტ (LGBT) თემის წინააღმდეგ და ხელისუფლების მარცხი - დასაჯოს დამნაშავე პირები;

• ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რელიგიური უმცირესობების შეკრებისა და თავისუფალი ღვთისმსახურების უფლების ხელყოფა და ძირითადად არასათანადო რეაგირება ხელისუფლების მხრიდან.

გასული კვირა მნიშვნელოვანი იყო შიდაპოლიტიკური თვალსაზრისითაც. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ვანო მერაბიშვილს - „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, რომელსაც ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, ანუ დამამძიმებელი გარემოებებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსმენის შემდეგ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ განაჩენის დასაბუთებული ვერსიის გაცნობის შემდეგ აუცილებლად გაასაჩივრებს და მიმართავს სააპელაციო სასამართლოს:

„მიუხედავად იმისა, რომ პატივისა და ღირსების ნაწილში გამართლებული იქნა ბატონი მერაბიშვილი, ჩვენ ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ. ეს ფორმალურადაც გვჭირდება იმის გამო, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ სტრასბურგის სასამართლოში და მივიღოთ ის შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული. მიგვაჩნია, რომ ბატონი მერაბიშვილი უკანონოდ იქნა დამნაშავედ ცნობილი. არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სასამართლომ ვერ გაუძლო ზეწოლას და მივიღეთ ეს განაჩენი“.

გასულ კვირაში დააკავეს და 20 ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი, რომელმაც, პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობისას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დააკავა კომპანია „დუო პრინტის“ ხელმძღვანელი დავით შათირიშვილი.

გასულ კვირაში საქართველოში დაბრუნდა პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი, რომელიც 2006 წლიდან იძებნებოდა სამხედრო ამბოხებისა და ტერაქტების მოწყობის ბრალდებით. ემზარ კვიციანი, რომელიც 27 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს, იმედოვნებს, რომ შეცვლილი ხელისუფლების პირობებში საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG