Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 18 მარტი


ყირიმი ერთ-ერთ წამყვან თემად რჩება ქართულ პრესაში. „რეზონანსში“ ქვეყნდება სტატია, სათაურით „დასავლეთს რუსეთთან ომი არ სურს“. სამხედრო ექსპერტ თემურ ჩაჩანიძეს გაზეთისთვის უთქვამს: „უკრაინის სახით რუსეთმა ევრაზიულ და საბაჟო კავშირში ძალიან დიდი საყრდენი დაკარგა. ახლა რუსეთი ამ გავლენის სფეროს აღდგენას ცდილობს, პირდაპირ ომით კი ამას ვერ მიაღწევს. ამიტომ ყირიმის სცენარის გამეორება ურჩევნია. ის მიმართავს ყველანაირ გზას, რათა ხელისუფლება დააშანტაჟოს - დაემუქრება იარაღის გამოყენებით, გაზის მიწოდების შეწყვეტით, ბლოკადით, ბირთვული იარაღით და ამ გზებით შეიძლება პოლიტიკურ საწადელს მიაღწიოს კიდეც“.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ კი ქვეყნდება ინტერვიუ ვლადიმირ ფესენკოსთან, პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელთან. ფესენკო ამბობს, რომ „თუ რუსეთი ყირიმის გარდა თავისი შეიარაღებული ძალებით აქტიურ სამხედრო მოქმედებებს ქვეყნის სხვა ნაწილებში დაიწყებს, უკრაინული არმია და რიგითი მოქალაქეები თავს დაიცავენ. ვითარება საკმაოდ რთული და კრიტიკულია. ახალ ხელისუფლებას საკმაოდ კრიტიკულ ვითარებაში უწევს სახელმწიფო სტრუქტურების ქმედობაუნარიანობის აღდგენა. ყველაფრის მიუხედავად, არც იმის თქმა შეიძლება, რომ ყველაფერი დანგრეულია და უკრაინას არ ძალუძს წინააღმდეგობის გაწევა“.

ამავე გაზეთისთვის ვახტანგ ძაბირაძეს უთქვამს: „დასავლეთი უკრაინის ნაცვლად არ იბრძოლებს, ეს ცხადია ისევე, როგორც ჩვენ მაგივრად არ იბრძოლებს, თუმცა მხარდაჭერა იქნება. ვერ მოვითხოვთ და არც შეიძლება მოვთხოვოთ დასავლეთს იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე შეუძლია“.

რაც შეეხება საქართველოს ამბებს, „ახალი თაობისა“ და „ალიას“ პირველ გვერდებზე გამოტანილია სათაურები, რომ პროკურატურა მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის დაკავებას აპირებს. ამ თემაზე ორივე გაზეთი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელ თენგიზ ომანიძესთან ინტერვიუს ეყრდნობა. ომანიძე „ახალ თაობას“ ეუბნება, რომ „ინფორმაცია ლაშა ნაცვლიშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა“ მიაწოდეს. იგივე თენგიზ ომანიძე „ალიასთან“ ამბობს, „არ გვგონია ეს დაკავება სამართლიანობის აღდგენას უკავშირდებოდესო“. პროკურატურის გააქტიურების შესახებ „ახალი თაობის“ შეკითხვას კი „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი უპასუხებს, რომ „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ, თვითმმართველობის არჩევნები მოგვადგა კარსო“.

არჩევნებისთვის არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივის შეფასებისას „გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი“ ნანა დევდარიანი „ახალი თაობის“ კორესპონდენტს ეუბნება, რომ ნინო ბურჯანაძე, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში „11% აჩვენა“, „ყველაზე კარგ მდგომარეობაშია“: „მისი „დემოკრატიული მოძრაობა“ ახლა გახდა მიზიდულობის ცენტრი და არაფერი უცნაური იმაში არ არის, რომ მასთან მიერთებაზე ცალკეული ოპოზიციური პარტიები ფიქრობდნენო“.

„ახალ თაობაში“ დღეს ქვეყნდება ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან. „მე ვერ ვისაუბრებ დღევანდელი ხელისუფლების კომპეტენციაზე და არაკომპეტენტურობაზე, რადგან ამაზე მაშინ კონკრეტული მაგალითები უნდა მქონდეს. მე, პირადად, ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში ვარ და მიმაჩნია, რომ წინ ნელა მივდივართ, თუმცა უარყოფითი პროცესები ჯერ ვერ შევნიშნე. ამიტომ ვარ გაჩუმებული და ველოდები. ვნახოთ, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები“, - ეუბნება სალომე ზურაბიშვილი „ახალ თაობას“.

დასასრულ, ისევ „რეზონანსს“ მივუბრუნდები. გაზეთი წერს, რომ საქართველოში „სამუშაოს მაძიებელთა არმია იზრდება, ვაკანსიები კი მცირდება“. სტატიაში წაიკითხავთ: „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხვი 9 ათასი ადამიანით შემცირდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველადი პროგნოზი გამართლდეს და წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 17,3%-მდე გაიზარდოს“. „რეზონანსისთვის“ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობის ზრდისა და ვაკანსიების შემცირების შესახებ ცნობები დასაქმების ცენტრებიდანაც მიუწოდებიათ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG