Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ცას ვები ოქროს შიბითა..." ანუ ორიოდე სიტყვა ქართული წარმართული რელიგიური წარმოდგენების შესახებ (I)


ავტორი: ირაკლი მოდებაძე

''ბუდჰაჩარიტაში" ( დაწერილია 1 საუკუნეში, აშვაგჰოშას მიერ.) აღწერილია შემთვევა, რომელიც მოხდა იმ პერიოდში, როცა ბუდა გასხივოსნების შემდეგ პირველად ეწვია თავისი დაბადების ადგილს, კაპილავასტას, სადაც მან აჩვენა ხალხს საკუთარი ზებუნებრივი შესაძლებლობები (სიდჰები). მრავალრიცხოვანი ხალხის თვალწინ, ბუდა ჰაერში აიწია და მოიჭრა სხეულის გარკვეული ნაწილები და ძირს დაყარა. შემდეგ ისინი ისევ შეაერთა და ძირს დაეშვა. მოგვიანებით, მსგავსი "სასწაულების" ჩადენა ფაკირებმა დაიწყეს. ისინი მრავალრიცხოვანი მაყურებლების თვალწინ თოკს ჰაერში ისვრიან, რომელიც თითქოს ზეცამდე ადის, შემდეგ ფაკირის მოწაფე მიჰყვება ამ თოკს. ფაკირი აისვრის მაღლა დანას და მოსწავლის სხეული დაბლა ეცემა, თითქოსდა მკვდარი, მაგრამ ფაკირი მას ""აცოცხლებს"...
ლეგენდები თოკით ცას მობმულ ადამიანებზე დამახასიათებელი არაა მხოლოდ ინდოეთისა და ტიბეტისთვის. რაოდენ გასაკვირიც არ იყოს, მსგავსი ლეგენდები გვხვდება ირლანდიურ ფოლკლორშიც. ს.ო'გრეიდის მიერ 1892 წელს გამოცემულ წიგნში, Silva Gadelica, (რომელიც წარმოადგენს ირლანდიური ლეგენდებისა და ზღაპრების ერთ-ერთ პირველ კრებულს) გადმოცემულია ამგვარი თქმულება: ჯადოქარი აგდებს აბრეშუმის თოკს ჰაერში, რომლის ბოლოც თითქოს ზეცაში იკარგება. ამ თოკს იგი მოაბამს ჯერ კურდღელს, შემდეგ ძაღლს, რომლებიც მალევე იკარგებიან ზეცაში. შემდეგ იგი თოკზე ასვლას უბრძანებს ახალგაზრდა გოგონას და ყმაწვილს. როცა ძაღლი კურდღელს დაეწევა, თავად ჯადოქარი იწყებს თოკზე ასვლას, აჭრის თავს ყმაწვილს და დაბლა აგდებს. შემდეგ იგი თავს "ადგილზე აბრუნებს" და ყმაწვილიც ცოცხლდება.
მსგავსი გადმოცემები არსებობს აფრიკის სხვადასხვა ტომის ხალხებში, აცტეკებში, ბენგალიელეში, ავსტრალიელ აბორიგენებსა და ციმბირის ტერიტორიაზე მცხოვრებ შამანებსა და... ქართულ თქმულებებში! (რაზედაც მოგვიანებით ვისაუბრებთ)
არაერთი ჰიპითეზა გამოითქვა ამ ლეგენდების შესახებ (რომლებიც რიგ შემთხვევებში ისტორიულ წყაროებსა და პირად ჩანაწერებშია მოხსენიებული: მაგ. 17 საუკუნეში მოღვაწე ჰოლანდიელი მოგზაური ედ. მელტონი აღწერს მსგავს ტრიუკს, რომელიც მან იხილა ბატავიაში ჩინელი მისტიკოსების შესრულებით) . ზოგიერთის აზრით, "თოკების ტრიუკი" ჩვეულებრივი ილუზიონისტური ნომერია, ზოგი ფიქრობს, რომ ეს მასობრივი ჰიპნოზის მცდელობაა და ა.შ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენი ინტერესის საგანი თავად სიუჟეტია. მირჩა ელიადე თავის "აზიურ ალქიმიაში" (Элиаде Мирча,
Азиатская алхимия. Сборник эссе / Пер. с. рум., фр.,
англ. - М.: Янус-К, 1998. - 604 с.) გამოყოფს ორ მნიშვნელოვან ელემენტს: ა)სხეულის დანაწევრება და შემდეგ აღდგენა. ბ) თოკის მეშვეობით ცაში ასვლა. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
შამანური ინიციაციების დროს, ადაპტები ხედავენ დემონებს, რომლებიც მათ სხეულს ანაწევრებენ, შემდეგ კი თითქოს ახლიდან აწყობენ. მსგავსი ინიციაციები გვხვდება ავსტრალიელ, აფრიკელ, ციმბირელ, ამერიკელ და ესკიმოს შამანებში. ელიადე ვარაუდობს, რომ ეს ინიციაციის არქაული ფორმაა, რომელიც ძველ მსოფლიოში ფართოდ იყო გავრცელებული...
რაც შეეხება მეორე მომენტს, იგი უფრო მრავალმხრივ განხილვას საჭიროებს. სხვადასხვა კონტინენტებზე, სხვადასხვა ხალხებში გვხვდება მრავალი ლეგენდა, რომელთა მითოლოგემა აგებულია ცისა და მიწის კავშირის შესახებ, რომელიც გარკვეული მოვლენების გამო დაირღვა. კავშირის საშუალება შეიძლება იყოს კიბე, ხე, თოკი... ადამიანებისა და ღმერთების სამყარო (სკნელი და ქვესკნელი) ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, ადამიანებს შეეძლოთ ღმერთების სამყოფელს სწვეოდნენ და ღმერთებიც ხშირად ჩამოდიოდნენ მიწაზე. მაგრამ ხდება ამ კავშირის დარღვევა ადამიანთა მიზეზით (ხის მოჭრა, თოკის გაწყვეტა) და მოკვდავთათვის მიუწვდომელი ხდება უკვდავთა სამყარო. ირღვევა როგორც თავდაპირველი კოსმიური წესრიგი (ერთმანეთს საბოლოოდ გამოეყოფა ცა და მიწა), ასევე ადამიანის მდგომარეობაც. ზოგიერთი მკვლევარი ჯაჭვის გაწყდომაში სულისა და სხეულის დაშორებას, მათ შორის კავშირის გაწყვეტას ხედავს. ამიერიდან, თოკს მხოლოდ რჩეულები ფლობენ, (ბერები, ასკეტები, სწავლულები...) მხოლოდ მათ შეუძლიათ ისევ ცაში დაბრუნება. (მითების ზოგიერთ ვარიანტში, მხოლოდ სულს შეუძლია ცას დაუბრუნდეს, რადგან სხეული მიწას ეკუთვნის)
რაც შეეხება ქართულ მითოსს, აქ არ ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მისტიკოსი ანაწევრებს ადაპტს. სამაგიეროდ, საკმაოდ ხშირად გვხვდება ინფორმაციაა ცას მობმული ადამიანების შესახებ.
"ბერი გიორგი მეც ვიყავ, ცას ვები ოქროს შიბითა
ხმელგორზე მედგა ბერმუხა, ზედ ავდიოდი კიბითა,
ჩემს საყმოთ შამანაზენი ღმერთთან ამქონდა იქითა..."
ან
"... ერთიც ეტანა ღულელი, არიშაული ბერია.
სახელს სუმელჯას ეტყოდეს, ანდრეზში ეგრე სწერია.
ანგელოზთ ეცხადებოდა, გასთეთრებიყო წვერია...
ალბათ ასწავლა ღულელმა ალვის ხეთ დასაჭრელია:
«თქვენ მაიყვანეთ კატაი ხეთ ძირში დასაკვლელია!»
ხენი დანათლეს სისხლითა, ეგ უფრო საკვირველია.
ალვისხე გადააქციეს, ძირ არ გაწირეს, წვერია.
შიბ გაწყდა, ცისკე წავიდა, წიოდა როგორც გველია..."
ქართულ ხალხურ პოეზიასა და ზეპირ გადმოცემებში ხშირად გვხვდება ლეგენდა მუხის (ან ალვის) ხის შესახებ, რომელიც ზეცასთან ოქროს ჯაჭვით (შიბით) იყო მობმული. მასზე ასვლის უფლება მხოლოდ ღვთაებათა მსახურებს, ბერებს ჰქონდათ. მუხა, ან მთა, რომელზეც ეს მუხა დგას, სამყაროს ცენტრი და წმინდა ადგილია, სადაც მიწა და ცა ერთმანეთს უკავშირდება. პერიოდულად, ჯაჭვით ზეცაში ადიოდნენ ხატის რჩეულები, რომლებსაც ღვთისშვილებისთვის ადამიანთა "შემონაზღვენი" აჰქონდათ. ამავე გზით, ღვთისშვილები და გმირები სტუმრობდნენ ადამიანთა სამყოფელს. თავად ამ ჯაჭვის ფლობა ბერების მიერ, ან მისი გამოყენების უფლება მათ პრივილეგირებულ მდგომარეობას ანიჭებს სხვა ადამიანებთან შედარებით. სამწუხაროდ, მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება იმის შესახებ, თუ რას ხედავდნენ ძველი ქართველები ოქროს თოკის სიმბოლიკაში: შესაძლოა ეს ყოფილიყო მისტიური ცოდნა, რომელიც საშუალებას აძლევდა მის მფლობელს "ზეცამდე ამაღლებულიყო", შესაძლოა ბერები იყენებდნენ თოკის ალუზიას იმისთვის, რომ პროფანებისათვის მიუწვდომელი ჭეშმარიტებანი სამყაროს აგებულების, თავდაპირველი წესრიგისა და ადამიანთა ბედის შესახებ გასაგები ენით გადმოეცათ, ხომ არ ნიშნავდა თოკით მოგზაურობა ცასა და მიწას შორის სიკვდილისა და კვლავ გაცოცხლების სიმბოლოს? (ბერი ადიოდა ცაში და ტოვებდა ადამიანთა სამყოფელს-სკნელს, რაც შეგვიძლია სიკვდილადაც მივიჩნიოთ. ხოლო ზესკნელიდან სკნელში დაბრუნება ნიშნავს გაცოცხლებას) ეს კითხვები ჯერჯერობით პასუხგაუცემელი რჩება.

(მომზადებულია მირჩა ელიადეს "აზიური ალქიმიისა" და ზურაბ კიკნაძის "ჯვარი და საყმოს" მიხედვით)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG