Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელბეკის ეპოპეა, როგორც სტრატეგიული ჩაურევლობის სიმბოლო


ბელბეკის საავიაციო სამხედრო ბაზა, 2014 წლის 4 მარტი
ბელბეკის საავიაციო სამხედრო ბაზა, 2014 წლის 4 მარტი
სევასტოპოლთან მდებარე უკრაინის ბელბეკის საავიაციო სამხედრო ბაზის ანექსია და მისი სარდლის, პოლკოვინიკ იული მამჩურის ბედი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ერთი თვის განმავლობაში ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროების ამ უთანასწორო დაპირისპირებაზე, ალბათ, კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ ჟურნალისტები, ისტორიკოსები და პოლიტიკოსები.

ბელბეკის ეპოპეას კარგად ინფორმირებული, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან ფრთხილი დასავლეთის სტრუქტურების, სტრატეგიული ჩაურევლობის სიმბოლოც კი შეიძლება ეწოდოს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია დაიწყო, სევასტოპოლის ბელბეკის 204-ე ტაქტიკური ავიაციის ბრიგადის სარდალი, უკრაინელი პოლკოვნიკი იული მამჩური, რამდენიმე ათეულ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად ბოლომდე ინარჩუნებდა სამხედრო ფიცის ერთგულებას და იცავდა სამხედრო ნაწილს გააფთრებული ბრბოსაგან.

მაგრამ 22 მარტს, შაბათს, ბელბეკის სამხედრო-საჰაერო ბაზა მთლიანად იზოლირებული აღმოჩნდა. როგორც უკრაინული მედია იუწყებოდა, ბაზის აეროდრომი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს, ისინი აკონტროლებდნენ ასევე ბაზის ყველა შესასვლელს და სადღაც შუადღისთვის ერთსაათიანი ულტიმატუმი წაუყენეს ბაზის ხელმძღვანელობას. ან დატოვეთ ბაზა, ან შტურმს დავიწყებთ, - ასე ჟღერდა ულტიმატუმი.
უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. შემდგომში მათი გამოყენება კი არა თავდაცვის მინისტრზე, არამედ უზენაესი საბჭოს იმ დეპუტატებსა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, რომლებსაც აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე...
ანატოლი ტენიუხი

ერთსაათიანი ულტიმატუმის განმავლობაში სევასტოპოლის ბელბეკის 204-ე ტაქტიკური ავიაციის ბრიგადის ბაზაზე მყოფი სამხედროების ოჯახის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს კიევში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წინ. მათი უმრავლესობა სამხედრო უწყების ხელმძღვანელს მოუწოდებდა, უზრუნველეყო პირადი შემადგენლობის უსაფრთხო ევაკუაცია ყირიმიდან, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ ჯარისკაცებს მისცემოდათ ცეცხლის გახსნის ბრძანება. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ტენიუხმა, რომელიც შაბათს დემონსტრანტებს პირადად შეხვდა, ვერ აიღო საკუთარ თავზე შეიარაღებული ძალების გამოყენების პასუხისმგებლობა:

“უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. შემდგომში მათი გამოყენება კი არა თავდაცვის მინისტრზე, არამედ უზენაესი საბჭოს იმ დეპუტატებსა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, რომლებსაც აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე“.

თუმცა, როგორც გაირკვა, სტრატეგიული მნიშვნელობის მიუხედავად, სევასტოპოლის 204-ე ტაქტიკური ავიაციის ბელბეკის ბაზის დამცველებს იარაღიც კი არ ჰქონიათ წინააღმდეგობის გასაწევად.

„მათ შეიარაღებაში ერთი ძველი საზენიტო დანადგარი, სამი სატვირთო მანქანა და ხუთ კაცზე ერთი ავტომატია“,
- იუწყებოდა საინტერნეტო გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ჟურნალისტი მირიამ დრაგინა, რომელიც ბელბეკის ბაზის გარშემო განვითარებულ დრამატულ მოვლენებს უშუალოდ ადევნებდა თვალს.

ერთსაათიანი ულტიმატუმის შემდეგ, რომელსაც თან ახლდა გამაფრთხილებელი გასროლა და შტურმი სამხედრო ბაზაზე ალყის მომწყობი რუსი სამხედროების მხრიდან, პოლკოვნიკმა იული მამჩურმა თანამებრძოლები პლაცზე შეკრიბა, მათთან ერთად, თვალცრემლიანმა, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა და ასე შეხვდა რუს სამხედროებს, რომლებმაც ჯავშანმანქანების გამოყენებით შეანგრიეს ჭიშკარი და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ანექსირებული ყირიმიდან, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და რუსმა სამხედროებმა უკრაინულ მედიას თითქმის მთლიანად ჩაუკეტეს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლკოვნიკი მამჩური დააპატიმრეს. სევასტოპოლის ბელბეკის 204-ე ტაქტიკური ავიაციის ბრიგადაზე რუსი სამხედროების შტურმის დროს ერთი ჟურნალისტი და ერთი სამხედრო დაიჭრა.

მოგვიანებით კი, უკრაინის სახმელეთო ნაწილებზე კონტროლის დაწესების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილები უკრაინის შავი ზღვის ფლოტის გემებზეც გადავიდნენ. როგორც უკრაინული მედია იუწყება, შაბათსვე რუსმა სამხედროებმა გემ „ვინიცაზე“ რუსული დროშა აღმართეს უბრძოლველად, შემდეგ კი ხელთ იგდეს უკრაინის ფლოტის ერთადერთი წყალქვეშა ნავი „ზაპოროჟიე“.

მაშინ როდესაც უკრაინის ხელისუფლება, თავდაცვის მინისტრ ანატოლი ტენიუხის თქმით, არ ჩქარობს მიიღოს შეიარაღებული ძალების გამოყენების გადაწყვეტილება, რუსეთი, ჩანს, არ აპირებს მხოლოდ ყირიმის ანექსიას დასჯერდეს. რუსეთის პროპაგანდისტულმა ტელეარხმა „როსია 24“-მა შაბათს გადასცა ინტერვიუ პრორუსული თავდაცვითი რაზმის ერთ-ერთ შავნიღბიან მებრძოლთან, რომელიც დონეცკსა და ლუგანსკში განლაგებული უკრაინული შეიარაღებული ძალების ტექნიკის განადგურებით დაიმუქრა.

„ჩვენს შეიარაღებაში, დაახლოებით, 200 ერთეული კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი, 100 ტყვიამფრქვევი და 2-3 ერთეული „მუხა“ (რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი) გვაქვს, ასამდე საბრძოლო კომპლექტით. ერთი სიტყვით, კარგად შეგვიძლია ტექნიკის დაწვა. დავიყოფით 5-6 კაცად და დავწვავთ ტექნიკას, უბრალოდ, დავწვავთ ტექნიკას“, - განაცხადა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოქმედი ე.წ. რუსული პარტიზანული ჯგუფის ერთ-ერთმა მებრძოლმა რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში.

აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების, გაეროსა თუ ნატოს სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში თავის ინტერესების განსახორციელებლად არც ერთ მეთოდს არ ერიდება - იქნება ეს დეზინფორმაცია, მცოცავი ანექსია, პირდაპირი სამხედრო აგრესია თუ მართვადი ქაოსის შექმნის მცდელობა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში. დონეცკში უკვე მესამე დღეა სეპარატისტულად განწყობილი მოქალაქეების აქცია ტარდება დონეცკის ოლქის უკრაინიდან გამოყოფისა და დევნილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, დაბრუნების მოთხოვნით. ამ ფონზე, რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში იზრდება შიში, რომ მოსკოვი, რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით, მათთანაც შეეცდება ყირიმის სცენარის განმეორებას.

ფილიპ ბრიდლავი
ფილიპ ბრიდლავი
ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი (SACEUR) გენერალი ფილიპ ბრიდლავი საგანგაშოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთს განთავსებული ჰყავს სამხედრო ძალები, რაც, გადაწყვეტილების შემთხვევაში, საკმარისია დნესტრისპირეთში შესაჭრელად. გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გენერალმა ბრიდლავმა განაცხადა, რომ ალიანსს საკმარისი ძალები ჰყავს მზადყოფნაში და ტარდება გაძლიერებული წვრთნები, რაც საჭიროა მოკავშირეების დასაცავად და საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად.

მაგრამ რა უნდა ქნან და ვის იმედზე უნდა იყვნენ ნატოს არაწევრი ქვეყნები, რომლებიც აშკარად ისჯებიან მხოლოდ იმისათვის, რომ ირჩევენ ისეთ პარტნიორებსა და ისეთ ალიანსებს, რომლებსაც მოსკოვი მტრებად მიიჩნევს?

„ვფიქრობთ, გაყინული კონფლიქტები გადაიქცა ინსტრუმენტად, რაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაში ვეტოს დასადებად გამოიყენება. სხვაგვარად თუ ვიტყვით, თუკი რუსეთს არ სურს, რომელიმე ქვეყანა დასავლეთისაკენ მიდიოდეს, ის იყენებს ანექსიას, გაყინულ კონფლიქტს, რის გამოც ახლა არავინ არ ფიქრობს გარედან ახალი ქვეყნების მიღებაზე ნატოში, რადგან ეს, შესაძლოა, რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავდეს“, - განაცხადა კვირას, გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, გენერალმა ბრიდლავმა.

მაგრამ ნატოს ერთ-ერთი უმაღლესი ოფიცერი, გენერალი ფილიპ ბრიდლავი, ისევე როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანატოლი ტენიუხი, საბოლოო ჯამში, მაინც ოპერატიული ინფორმაციის სისწორესა და ბრძანების შესრულებაზე არიან პასუხისმგებლები. გადაწყვეტილება კი იმის მისაღწევად, რომ რუსეთი არ იქცეოდეს ისე, როგორც იქცევა და „იარაღად არ იყენებდეს გაყინულ კონფლიქტებს“, პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ კიევში, ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG