Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სიახლეები


ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ორი ათწლეულის განმავლობაში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს აღწევს.

ევროკავშირის საკითხებზე სპეციალიზებული ინტერნეტგამოცემა eu observer-ი, ევროკავშირის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 2012 წლის შემდეგ დაახლოებით 100,000-ით გაიზარდა და 2013-ში თითქმის 435,000-ს მიაღწია. შვედეთში უფრო მეტი განაცხადი შევიდა, ვიდრე, მაგალითად, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში. თავშესაფრის გამოყოფის შესახებ ყველაზე მეტი განაცხადი იყო სირიელებისგან, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში სისხლიან სამოქალაქო ომს გაურბიან. მნიშვნელოვან ჯგუფებს შეადგენენ რუსეთისა და ავღანეთის მოქალაქეებიც.

სტატისტიკის ოფისის მონაცემებით, 2008 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა სირიისა და რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა. გასულ წელს თავშესაფარი ითხოვა სირიის 50,000-მა მოქალაქემ, რაც, 2008 წელთან შედარებით, მონაცემის ათჯერ გაზრდას უდრის. რუსეთიდან 41,000 განაცხადი შევიდა - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე 2008 წელს. ავღანეთიდან 26,000 განაცხადი იყო.

თავშესაფრის მსურველთა რაოდენობის ზრდამ დამატებითი პრობლემები შეუქმნა ევროკავშირის ისეთ წევრ ქვეყნებს, როგორიცაა ბულგარეთი და საბერძნეთი. ისინი აცხადებენ, რომ მათი თავშესაფრის სისტემა სხვა ქვეყნებისგან დახმარებას საჭიროებს.

თავშესაფრის თაობაზე ევროკავშირში მოქმედი კანონების - ე.წ. „დუბლინის რეგულაციის“ - თანახმად, განაცხადი იმ ქვეყანამ უნდა განიხილოს, საიდანაც თავშესაფრის მოსურნე პირი პირველად შევიდა ევროკავშირში.

ევროკავშირის საშინაო საქმეების კომისარმა სესილია მალმსტრომმა 24 მარტს სოფიაში წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, არასწორია გავრცელებული აზრი, თითქოს დუბლინის სისტემა თავშესაფრის მოსურნეებს ძირითადად ევროკავშირის პერიფერიებზე მოიაზრებდესო.

„სინამდვილეში, თავშესაფრის საქმეთა 70 პროცენტს ხუთი წევრი ქვეყანა განიხილავს - გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და ბელგია - და მათგან არც ერთი არ მდებარეობს ევროკავშირის გარე საზღვარზეო“, - თქვა მან.

ბულგარეთის თურქეთთან საზღვრის გამო, ბულგარეთში სირიელი ლტოლვილების დიდი ნაწილი შედის.

შარშან იქ სირიიდან 8,000-მდე ადამიანი შევიდა. ბულგარეთი მიგრანტების უფლებების დამცველთა ჯგუფების კრიტიკის სამიზნე გახდა იმის გამო, რომ არ აღმოაჩნდა მათზე ადეკვატური მზრუნველობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. 2013 წლის დასაწყისში ბულგარეთი გაეროს ლტოლვილთა სააგენტომაც გააკრიტიკა.

მას შემდეგ ბულგარეთმა თურქეთის საზღვარზე ორ ქალაქს შორის მავთულხლართის ღობე აღმართა, ბულგარეთში ლტოლვილების შედინების შეფერხების მიზნით.

უკმაყოფილებას გამოთქვამს შვედეთიც. ამ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა პროცესში სათანადოდ არ მონაწილეობს და გამოვიდა მოწოდებით ევროკავშირმა თანაბრად გაინაწილოს იმიგრანტთა ტალღასთან გამკლავების ამოცანა - განსაკუთრებით სირიელ ლტოლვილებთან მიმართებით.

შვედეთი ევროკავშირში იმით გამოირჩევა, რომ სირიელ ლტოლვილებზე სამუდამო ბინადრობას გასცემს. ქვეყანა წელს ლტოლვილთა რაოდენობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას ვარაუდობს. შესაბამისად, ქვეყანა შიშობს, რომ ეს ფაქტორი წნეხს შეუქმნის მის გულუხვ სოციალურ სისტემას - განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მატულობს ბინებისა და განათლების ფასი.
პოპულისტური ორიენტაციის, ანტიიმიგრაციული შეხედულებებით გამორჩეული პარტია „შვედეთის დემოკრატები“ პოზიციებს იმყარებს. ამჟამინდელი მონაცემებით, სექტემბერში დანიშნული არჩევნების წინ ის პოპულარობით მესამეა.

შვედეთის იმიგრაციის მინისტრი შიშობს, რომ ანტიიმიგრაციული განწყობები შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს, მათ შორის, ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც.
XS
SM
MD
LG