Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 8 აპრილი


რუსეთის ბეჭდური მედია აქტიურად გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს, რომელიც ალექსანდრე ჭიკაიძემ „კვირის პალიტრას“ 7 აპრილს მისცა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის დაიცვას ქვეყანა სააკაშვილის მაიდნისგან“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის პარტიის წევრებმა თბილისში ჩაიყვანეს ევრომაიდნის აქტივისტები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა. სტატიის მიხედვით, იგეგმება კარვების გაშლა და მრავალდღიანი აქციებისათვის 300-400 კაცის მობილიზება.

გაზეთის რედაქცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ პროვოკაციები მოსალოდნელია 17 მაისს - ჰომოფობიასთან ბრძროლის საერთაშორისო დღეს. გარდა ამისა, წყაროს ცნობით, ასევე მოსალოდნელია კარვების ქალაქის დადგმა კინოს სახლსა და რუსთაველის მოედანს შორის, რათა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვით მოხდეს თბილისის პარალიზება. ამასთან, „იზვესტია“ ვარაუდობს, რომ საქართველოში, უკრაინისგან განსხვავებით, არეულობა სოციალურ ნიადაგზე დაიწყება, რადგანაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სოციალურ პრობლემებს არასაკმარისად სწრაფად უმკლავდება.

სტატია მთავრდება დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის კომენტარით, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალები“ ვერ შეძლებენ თბილისში მაიდნის მოწყობას.

„ეს პარტია კი არა, ავანტიურისტთა ჯგუფია! თუ ისინი შეეცდებიან პროვოკატორების გამოყენებას, ღირსეულ პასუხსაც მიიღებენ. ხალხის დიდი ნაწილი მათ ვერ იტანს“, უთქვამს ზაზა პაპუაშვილს „იზვესტიისათვის“.

„ნოვაია გაზეტამ“ კი საქართველოში ჩასული რუსი ტურისტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. რედაქციის ცნობით, მიუხედავად სავიზო რეჟიმისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა, 2014 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ესტუმრა რუსეთის 128,8 ათასი მოქალაქე, რაც 43 პროცენტით მეტია ანალოგიური პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელთან. ამასთან, 64,5 ათასმა რუსმა სტუმარმა საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარი გადაკვეთა „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, ხოლო რუსეთის მოქალაქეებმა შეადგინეს ამ პუნქტით საქართველოში შესულთა საერთო რაოდენობის 54 პროცენტი. სულ, 2013 წელს საქართველოს 5 მილიონ 365 ათასი უცხოელი ეწვია, რაც 21 პროცენტით მეტია 2012 წლის მაჩვენებელზე.

„უთანხმოება მწყობრში“ - ასეა დასათაურებული გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარია მოსკოვის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის - ოდეკაბეს - წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის კრიზისის გამწვავების შემდეგ პირველად გაიმართა მოსკოვში. სტატიის მიხედვით, მოცემულ სიტუაციაში რუსეთს წაადგებოდა მოკავშირეთა საჯარო მხარდაჭერა, თუმცა, როგორც ირკვევა, უკრაინასთან მიმართებით არც ამ ორგანიზაციაშია ერთსულოვნება, რაც გამოჩნდა კიდეც გაეროს გენერალურ ასამბლეაში გამართულ კენჭისყრაზე. იგულისხმება რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკანონოდ აცხადებს ყირიმში გამართულ რეფერენდუმს. ამ დოკუმენტის მიღების წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ რუსეთმა, სომხეთმა და ბელორუსიამ. ყაზახეთმა თავი შეიკავა, ხოლო ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა საერთოდ არ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში. ამასთან, „კომერსანტს“ ოდეკაბეს სამდივნოსთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ ორგანიზაციის ყველა წევრს აქვს სუვერენული პოზიციის უფლება და მოსკოვი არ აპირებს პარტნიორებისთვის თავისი პოზიციის თავზე მოხვევას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG