Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და რუსეთის მიერ დაპირებული მოქალაქეობა


საგარეო საქმეთა სამინისტრო განუმარტავს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ისინი დაკარგავენ ამ სტატუსს რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში. ეს განცხადება საგარეო უწყებაში რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონთან მიმართებით გაკეთდა და იქვე საპასუხო სამართლებრივი სვლის აუცილებლობასაც გაესვა ხაზი. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილით ეკიდება კანონს, რომლის ჭრილშიც ბევრმა დაინახა რუსეთის ავი ზრახვები.

”ეს კანონი ჩვენთვის ცნობილია და ჩვენი იურისტები მას გულდასმით სწავლობენ”, – განაცხადა 22 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, რომლის აზრითაც, საქართველოს საპასუხო ქმედებები მოეთხოვება:

”ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და მიმაჩნია, რომ ამას აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ სამართლებრივი კონტრზომებით - რა თქმა უნდა, გამომდინარე იმ კანონიდან, რომელიც მიიღო რუსეთის ფედერაციამ. სწორედ ამ კანონთან უნდა მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის შედარება. თქვენ იცით, რომ ორმაგი მოქალაქეობა გამორიცხულია საქართველოს კანონმდებლობით ან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იღებენ... და სწორედ აქ უნდა ვეძებოთ, თუ როგორ უნდა გაეცეს პასუხი ამ კანონს”.

ვლადიმირ პუტინის მიერ 21 აპრილს ხელმოწერილი ფედერალური კანონი, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ყურადღებითა და სიფრთხილით აკვირდება, აწესებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და აღიარებული არიან ”რუსული ენის მატარებლებად” (носителями русского языка).

”რუსული ენის მატარებელი” - ამ სტატუსის მისაღებად, ფედერალური კანონის თანახმად, საგანგებო კომისიების წინაშე გასაუბრებას გაივლის ყველა მსურველი - უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ მოქალაქეობის არმქონე პირი. ეს
კომისიები დაკომპლექტებული იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოებისა და ფედერალური ორგანოს მიერ, რომელიც ახორციელებს მიგრაციის კონტროლსა და ზედამხედველობას.

კანონის მიხედვით,”რუსული ენის მატარებლად” აღიარებულ იქნებიან ის პირები, რომლებიც ფლობენ რუსულ ენას და ყოველდღიურად იყენებენ მას ”საოჯახო-საყოფაცხოვრებო და კულტურული სფეროებში” - ”თუ ეს პირები ან მათი ნათესავები ”პირდაპირი აღმავალი ხაზით” მუდმივად ცხოვრობენ ანდა ადრე მუდმივად ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ანდა ტერიტორიებზე, რომლებიც მიეკუთვნებოდა რუსეთის იმპერიას ან საბჭოთა კავშირს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში”.
საუბარია იმაზე, რომ ეს რუსეთის მხრიდან იქნება მთელი ამ ზონის კონტროლის ძალიან მძლავრი მექანიზმი, იმიტომ რომ დღემდე რაც ვნახეთ ჩვენ, მაგალითად, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ასევე ყირიმში, მთავარი მოტივი, რითიც რუსეთი შედის და იპყრობს ამ ტერიტორიებს...
ხათუნა ლაგაზიძე

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კანონის ეს დებულება არ შეეხება უშუალოდ საქართველოს, რადგანაც ის მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში მცხოვრებ პირებს ან მათ ნათესავებს ეხებათ. თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ კანონი სხვადასხვანაირად წაკითხვისა და იმდენად ფართოდ მოქმედების საშუალებას იძლევა, რომ ნამდვილად მოითხოვს სიფრთხილესა და წინდახედულობას, რუსეთის წარსული ქმედებების გათვალისწინებით. ვრცელდება ხმები რუსეთის პასპორტების დარიგების ფაქტების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა, საგარეო უწყების ინფორმაციით, ასეთი ფაქტების არსებობა არ დასტურდება ჯავახეთში.

კანონის თანახმად, პირები, რომლებიც უარს იტყვიან უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას მიიღებენ რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრების ვადების დაუცველად, რუსული ენის ცოდნის შესაბამისი დონისა და ქვეყანაში ცხოვრების უფლების წარდგენის გარეშეც. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება შესაძლებელი. ამასთან, რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებისთვის კანონი ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ქვეყანაში შესვლისა თუ დროებითი საცხოვრებლის მიღების თვალსაზრისით.

ერთი სიტყვით, გაცილებით მარტივდება რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა, რაც შესაძლოა მიმზიდველი აღმოჩნდეს ბევრისთვის და, მათ შორის, საქართველოშიც. თუმცა ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის მიღმა ბევრი ხედავს რუსეთის მიერ აქამდეც უკვე ბევრჯერ აპრობირებულ ავ ზრახვებს. ამ კანონს საფრთხის შემცველად მიიჩნევს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც. როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რუსეთი ევრაზიული კავშირის შექმნის მიზანს არ ღალატობს და ამ გეგმით მოქმედებს:

”საუბარია იმაზე, რომ ეს რუსეთის მხრიდან იქნება მთელი ამ ზონის კონტროლის ძალიან მძლავრი მექანიზმი, იმიტომ რომ დღემდე რაც ვნახეთ ჩვენ, მაგალითად, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ასევე ყირიმში, მთავარი მოტივი, რითიც რუსეთი შედის და იპყრობს ამ ტერიტორიებს, არის საკუთარი მოქალაქეების დაცვა. რუსეთი ახლაც ამის ფორმალური საფუძვლის შექმნას ცდილობს”.

გულისხმობს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებები დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ორმაგი მოქალაქეობის მიღების მსურველებისთვის, ეს ჯერჯერობით უცნობია და ამის შესახებ არც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იციან, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს ორგანიზაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე, შეზღუდვები წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს დღეს მოქმედ საკანონმდებლო ბაზასთან და, ცხადია, კონსტიტუციასთან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG