Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლი, როგორც საბჭოთა კავშირის ხიბლი


ავტორი: ლიკა სანთელაძე

სააღდგომოდ რაჭაში ჩასულს მამაჩემის ბიძასთან მორიგმა კამათმა მომიწია - ლაპარაკი ,,ახლანდელი მთავრობით“ დაიწყო, რუსეთსა და ევრაზიულ კავშირსაც შევეხეთ და საბჭოთა კავშირამდე მივედით. მამაჩემის ბიძა 60 წლისაა, ევრაზიული კავშირის შექმნის მომხრეა და დღემდე ნატრობს რეზინის ,,ვალინკებს“, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს უფასოდ აძლევდნენ და კოლექტივს, რომელშიც ცეფებიანი ტრაქტორით მუშაობდა. ,,რას ამბობ, შე ოჯახაშენებულო? კოლექტივის დროს უმუშევარს ვინ გაგაჩერებდა, ყველას საქმე ჰქონდა. მუშაობდი კოლექტივის ფერმებში, ვენახებში. საჭმელ-სასმელი არ გაკლდა, ,,სპიჩკა“ ხუთი კაპიკი ღირდა!“ - მიხსნიდა ცოტა განაწყენებული.
ალბათ, ყველას სმენია არგუმენტები სოციალურ კეთილდღეობაზე საბჭოური ცხოვრების ნოსტალგიამორეული ადამიანებისგან. 25 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინტერესო ლექციას დავესწარი სელფის შესახებ, რომელსაც თსუ-ის პროფესორი, ფსიქოლოგი მაია მესტვირიშვილი კითხულობდა. ამ ლექციის შემდეგ დავფიქრდი, სოციალური კეთილდღეობის გარდა რა შეიძლება იყოს საბჭოთა კავშირის ხიბლი. რა კავშირში შეიძლება იყვნენ ერთმანეთთან სელფი, თავისუფლება და საბჭოური წყობა. მაია მესტვირიშვილის თქმით, სელფის, როგორც საკუთარი თავის განცდის აღქმა სუსტია ფეოდალურ წყობილებაში. აქ დაბადებიდანვე გადაწყვეტილია რომელი სოციალური ჯგუფის წევრი ხარ, ვინ იქნება შენი სამეგობრო წრე (დიდგვაროვნები თუ ღარიბები), როგორ ჩაიცვამ (შენი კლასის შესაბამისად), სად იცხოვრებ, რამდენი ფული გექნება - კლასობრივი განსხვავება გთავაზობს ცხოვრების წესს და შენ, უმეტეს შემთხვევაში, მორჩილი ხარ. შესაბამისად, ნაკლებია გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. ფეოდალური წყობისგან განსხვავებით, კაპიტალისტური წყობა ნაკლებად გზღუდავს - გაძლევს თავისუფლებას და ადამიანი გრძნობს, რომ შეუძლია იცხოვროს იქ, სადაც სურს, იმეგობროს მასთან, ვისთანაც უნდა, ჩაიცვას ის, რაც მოსწონს. ადამიანი პასუხისმგებელი ხდება თავის ცხოვრებაზე.
ფეოდალურ საზოგადოებაში ნაკლებია თავისუფლება, შესაბამისად, ვერ მიიღებ გადაწყვეტილებებს. კაპიტალურ საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად თავისუფალი ხარ, წყვეტ შენი სურვილების შესაბამისად და მეტია პასუხისმგებლობაც. საბჭოთა კავშირი ფეოდალური ტიპის წყობილება არ ყოფილა, მაგრამ მისი სისტემა ადამიანების თავისუფლებას ზღუდავდა და გადაწყვეტილებებს მათ მაგივრად იღებდა.
იქნებ ჩემი ნათესავისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა და სისტემის მხრიდან მუდმივი კონტროლია საბჭოთა კავშირის ხიბლი? როგორც ცნობილია, საბჭოთა სისტემა თავად წყვეტდა სად ემუშავა ადამიანს. ჩემი ნათესავიც, რომელმაც სკოლა დაბალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრა, უმალ კოლექტივის წევრი გახდა და ამ ,,შემოსაზღვრულ სფეროში“ შესაძლებლობები მაქსიმალურად განავითარა - გახდა რაიონში ცნობილი და დაფასებული ტრაქტორისტი. მას, ალბათ, აღარ უფიქრია არჩევანის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე - სად იგრძნობდა თავს უკეთესად, რომ არა რეჟიმი, რომელმაც სოფლის მეურნეობაში - ცეფებიან ტრაქტორ ,,ესტო-ში“ მიუჩინა ადგილი.
საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისთვის ბუნებრივი იყო, რომ მიზნებს, ღირებულებებსა და ცხოვრების წესს სისტემა განსაზღვრავდა. ჩემმა ნათესავმა მისი დაშლის შემდეგ მიიღო თავისუფლება და დღემდე ვერ ხვდება, რატომ არ უნდა წყვეტდეს სისტემა მის ბედს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG