Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბედისწერას მინდობილი (ნაწილი 1)


ავტორი: კონსტანტინე ჯოჯუა

ჭერამდე აფრინდა, ნეტარების გრძნობა დაეუფლა. ქვემოთ ჩაიხედა და დაინახა, ექიმები როგორ უახლოვდებოდნენ მის სხეულს. რეანიმაციაში იყო, ირგვლივ უჩვეულო ფაციფუცს, მკვეთრ სინათლეს გრძნობდა. „ღმერთო ჩემო, რა დროს ეს არის, იმდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი, - გაიფიქრა, - ბათუმში მელოდებიან, იმ არაჩვეულებრივი ობიექტის გახსნას უნდა დავესწრო“. ნეტარება სადღაც გაქრა, აფორიაქდა და გასასვლელს დაუწყო ძებნა. ამ დროს მისკენ წამოვიდა თუ მოფრინდა ნაცნობი სახის, წარმოსადეგი, მომღიმარი ადამიანი. „გამარჯობა შენი, საით გაგიწევია? რა შეგემთხვა?“- შეეკითხა. „გამარჯობა, მეცნობით, მაგრამ ვერ გაგიხსენეთ. ჰო, მართლა, რა შემემთხვა?“ - გაიმეორა და გაახსენდა, რომ რაღაც დიდი, მუქი ცისფერი, შუაში ყვითელი ფერის ვარსკვლავით, სასტიკი ძალით დაეჯახა და გონება დააკარგვინა. „მე ნიკოლო მქვია, თქვენ, ალბათ, მთავარი ბრძანდებით, - უთხრა უცნობმა, - აი, ამას ხომ არ ჰგავდა ის, რაც დაგეჯახათ?“, - შეეკითხა, მერე თითქოს აზრებს კითხულობსო და დერეფანში მდგარ ერთ ახალგაზრდაზე მიანიშნა. მას „ქართული ოცნების“ სიმბოლოებიანი ცისფერი მაისური ეცვა. „ჰო, ამ გამოსახულებას ჰგავდა ძალიან“, - უპასუხა და დაფიქრდა, მაისურმა თუ ნაჭერმა ასე როგორ დასცა ძირს!
„ის ნიშნები და სიმბოლოები, მაისურს რომ ახატია, რას ნიშნავს, იცით“?- შეეკითხა ნიკოლო. „არა და არც მაინტერესებს, - მოუჭრა, - მას მერე, რაც ეს გამოსახულება გამოჩნდა, ნერვებს მიშლის“. თქვა და ჩაიხედა ქვემოთ, სადაც ექიმები თავს დასტრიალებდნენ მის სხეულს. „ვიდრე ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ, მე ჩემს საქმეებს მივხედავ“, - თქვა და წავიდა კი არა, სამსახურისკენ გაფრინდა . დიდი ლამაზი შენობის შესასვლელში ვერავინ შეამჩნია, ადრე კი მოწიწებით ესალმებოდნენ. ლიფტში ერთი ნაცნობი სახეც არ შეხვედრია, რაც არასოდეს მომხდარა. დერეფანს გაუყვა და აი, თავისი კაბინეტის მუხის კარები ღია დახვდა. შევიდა და ელდა ეცა, ვიღაც მამაკაცი მის მაგიდას მისჯდომოდა და მითითებებს იქ მყოფთ აძლევდა. „აქ რა ხდება?“ - დაიძახა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა, არც არავის შეუმჩნევია. ძალიან დაღონდა, დაიწყო ხმამაღლა ლაპარაკი, მაგრამ ისევ არავითარი რეაქცია.
უცებ ისევ საავადმყოფოში აღმოჩნდა, პალატის თავზე, ჭერთან. ქვემოთ მის სხეულს ისევ ექიმები დასტრიალებდნენ. „უკვე კარგა ხანია, რაც აქ უგონოდ წევხარ, დღეს გაგირთულდა მდგომარეობა“, - უთხრა ნიკოლომ. „ქვეყნის საქმეები მელოდება წინ, მარტო 300 მილიონი ერთ ობიექტისთვისაა გამოყოფილი, 200 მილიონი ასათვისებელია. მთელი ქალაქი და უზარმაზარი პორტი გვაქვს სასწრაფოდ ასაშენებელი. მილიარდებია დასახარჯი. აშშ-ში ვიზიტი, მეგობრებთან შეხვედრები, ბანკეტები. გარეთ მრავალფეროვანი ცხოვრება ჩქეფს, მე კი აქ, საავადმყოფოში ჩავიკეტე, ვერაფერს ვაკეთებ, უჩემოდ ყველაფერი გაჩერდება.,“ - სხარტად პასუხობს მთავარი. „დაწყნარდი, დამშვიდდი, იქ გარეთ ახლა სხვა რეალობაა, - ეუბნება ნიკოლო, - თქვენი საქმეები სხვებმა გადაიბარეს. თან ბევრი პრეტენზია აქვთ თქვენთან, აი, მაგალითად, გაჭირვებული ხალხისთვის, მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის ვერ მოიცალაო“. „ერთი წუთით, - შეაწყვეტინა მთავარმა, - ყველაფერს ერთად როგორ მოვასწრებდით, აღმშენებლობა იყო მთავარი, ტურისტების მოზიდვა. ყოველ გამოსვლაზე ვამბობდით: „მართალია,ჩვენთან ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებულია, მაგრამ ევროპას ვაშენებთ და ახლა ესაა უმთავრესი.“ „დიახ, ასეა, - უპასუხა ნიკოლომ, - ბრძენ მთავარს დიახაც მართებს იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რათა მისი ძალაუფლება ყოველთვის და ყოველგვარ ვითარებაში აუცილებელი იყოს მოქალაქეებისათვის, და მაშინ ისინი ყოველთვის უერთგულებენ მას. ორიოდე სიტყვით გადაწვდებოდით ხალხს, მის გასაჭირს, როგორც ახლა ბრძანეთ ისე, სასხვათაშორისოდ, ხოლო ყველა დანარჩენ დროს აღმშენებლობაზე პათეტიკით საუბარს ანდომებდით. იცით, რას გეტყვით? თქვენს შემდეგ მომავალი თავის გამოსვლებში ხშირად ამბობდა: მე ფეხზე დავაყენებ ყოველ ოჯახს საქართველოში! ხედავთ უზარმაზარ განსხვავებას? ეს წელიწადზე მეტ ხანს მეორდებოდა და ვერ ამჩნევდით მას, ისევე, როგორც ვერ შეამჩნიეთ ცისფერ ფონზე მიმობნეული ვარსკვლავების ძალა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდებოდა ადამიანს. ლამის ნახევარი საქართველო ატარებდა ამ სიმბოლიკას. დაინტერესდით მაინც, რას ნიშნავს ეს? რა ძალა გააჩნია? თუმცა, გამახსენდა, არც ახლა გაინტერესებთ. მართლა, რატომ გადადეთ არჩევნების თარიღი თვის ბოლოდან თვის დასაწყისისკენ“?
„ჩვენ არ გვცალია ამ წვრილმანებისთვის, - უპასუხა მთავარმა, - ევროპისკენ, ნატოსკენ სწრაფვა, აი, რა იყო და არის ჩვენი ძირითადი მიზანი. სულ წინ ვიყურებით, გვერდზე გასახედად, უკან გასახედად არ გვცალია. დაგვეწიოს, ვინც იღბლიანია და ვისაც შეუძლია, ვისაც არა, რა ჩვემი ბრალია. მოსე 40 წელიწადი ატარებდა უდაბნოში თავის ხალხს, ვიდრე მონობაში გაზრდილები არ ამოიხოცებოდნენ. ყოველგვარ საბჭოურს ჩვენ არ ვცნობთ. ისინი ხელს გვიშლიან. იცოცხლონ, როგორც უნდათ, მიდგნენ-მოდგნენ. ხომ ხედავთ, როგორ გავალამაზეთ ქვეყანა? ევროპას დავამსგავსეთ! უცხოელი ტურისტებიც მომრავლდა, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოთი სიამაყის გრძნობა გაუჩნდათ. დასავლეთში დიდ პატივს გვცემენ, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. აი, თუნდაც ავტობუსების გაჩერება ნახეთ, რომელი ტრანსპორტი როდის მოვა, ლამაზი სამარშრუტო ტაქსები, გახაზული ქუჩები, თანამედროვე სუპერმარკეტები...“ „ეს ყველაფერი კარგი,- უპასუხა ნიკოლომ,- ეს ყველას მოსწონს, ამ მხრივ შრომას გიფასებენ, მაგრამ ვისთვის ეს ყოველივე? მხოლოდ ტურისტებისთვის და შეძლებული ხალხისთვის? ხშირად დადიოდით მაგალითად, ავტობუსით? იცით, რა სუნი დგას ხოლმე, დაუბანელი ადამიანების სუნი. დაუბანელი, ალბათ, იმიტომ, რომ ელექტროენერგიის ეკონომიას აკეთებენ სახლში, -აგრძელებდა ნიკოლო - მთავარს შეუძლია არ ეშინოდეს შეთქმულებისა, თუ ხალხი კეთილადაა განწყობილი მის მიმართ, მაგრამ თუ ხალხს, პირიქით, მტრად მიაჩნია და სძულს იგი, მთავარს ყველასი და ყველაფრის შიში უნდა ჰქონდეს. ყველა მოწესრიგებული სახელმწიფო და ყველა ბრძენი მთავარი მთელი თავგამოდებით ესწრაფვოდნენ იმას, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩაეგდოთ დიდებულნი, ხალხი კი კმაყოფილი ჰყოლოდათ, ვინაიდან ესაა მთავრის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი, თქვენ ხომ არ დაგირღვევიათ რომელიმე პუნქტი? ეხლანდელი ე.წ. დიდებულნი, ოლიგარქები, ბანკირები, წარმატებული ბიზნესმენები ძალზედ ხომ არ გაანაწყენეთ?“ - შეეკითხა იგი.
„ეს კაცი, ნიკოლო, ძალიან გამითამამდა, - გაიფიქრა მთავარმა და ფიქრი ხმამაღლა გააგრძელა, - რუსეთი ხომ გავაკარით ბოძზე? მთელ მსოფლიოს ვანახეთ, რა სატანაც არის. ტერიტორიები კი ჩამოგვაჭრა, გაგვიმრავლა დევნილთა თუ ლტოლვილთა რიცხვი, მაგრამ საბოლოოდ ნიღაბი ავხადეთ მსოფლიოს თვალში! ყველა კონფერენციასა თუ შეხვედრაზე ჩვენ გვპატიჟებენ, სიამოვნებთ ჩვენი განსაკუთრებული სითამამე ამ საკითხში, ოვაციებით გვხვდებიან - ნუთუ, ეს მაინც არ გესმით?“ „მესმის, როგორ არა, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ - უპასუხა ნიკოლომ, - ისიც მესმის, რა რადიკალური გზებით ებრძოდით დამნაშავეობას, ამ მხრივ მთელ მსოფლიოს გაუსწარით, მაგრამ რას გეტყვით, იცით? აქ თქვენ აშკარად დინების საწინააღმდეგოდ გაცურეთ. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროში, ოდითგანვე არსებობდნენ და კვლავაც იარსებებენ ადამიანები, რომლებიც კანონებს ნაკლებად ემორჩილებიან. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტსაც, რომ თქვენი თანამემამულეები მოწინავე პოზიციებს იკავებენ ამ სფეროში, ასეთი მკვეთრი მოძრაობები შეიძლება უკან შემოგიბრუნდეთ.“ „ამ კაცს ყველაზე ჭკვიანი ხომ არ ჰგონია თავისი თავი? რა ირონიულად მელაპარაკება? და საერთოდ, ვინ არის, რა უნდა? - გაიფიქრა მთავარმა, - აი, თქვენნაირები გვიშლით ხელს ჩვენი მიზნების მიღწევაში!“ - შესძახა და უეცრად თავის სხეულში აღმოჩნდა, თითქოს უცებ მოვიდა გონს.

(იხ. გაგრძელება)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG