Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკლესია-სახელმწიფოს ჭიდილისა და ”ძირგამომთხრელთა” კვირა


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი
მიმოხილვა დავიწყოთ ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტით, რომლის განხილვაც განსაკუთრებული ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობდა და რომელსაც განსაკუთრებული ძალით ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 29 აპრილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გამართული რამდენიმესაათიანი მწვავე კამათის დროს, სასულიერო პირებმა რამდენიმეჯერ შეახსენეს ”ქართულ ოცნებას”, რომ არჩევნები ახლოვდება და ეკლესიის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა კარგს არაფერს მოუტანს პოლიტიკოსებს.

მართალია, კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მიზნად ისახავს დისკრიმინაციისგან დაცვას მრავალი მიმართულებით, -მაგალითად, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა თუ რელიგიისა და რწმენისა, - მაგრამ ეკლესია განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა ამ ჩამონათვალში შეტანილ ”სექსუალურ ორიენტაციასა” თუ ”გენდერულ იდენტობას”. თუმცა სადავო ფორმულირება უცვლელი სახით დარჩა კანონში, რომელიც 2 მაისს, 115 დეპუტატის მხარდაჭერით, ერთხმად დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დათმობა შეინიშნებოდა და, მაგალითად, პირდაპირ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის "საზოგადოებრივი ზნეობის დაცვა” დასახელდა, ბევრი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ეკლესიის ზეწოლას აშკარად გაუძლო.
მე მოხარული ვარ, რომ სახელმწიფომ ასე თუ ისე მოახერხა ეს. რა თქმა უნდა, ცალკეული ჩანაწერები, ცალკეული განცხადებები ისევ იწვევს კრიტიკას...
თამთა მიქელაძე

ეკლესია მუდმივად ცდილობს, თავის, როგორც ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური აქტორის, მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინოს, უთხრა რადიო თავისუფლებას ”ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ, რომლის აზრითაც, იგივე მოხდა ანტიდისტკრიმინაციულ კანონთან მიმართებით, მაგრამ სახელმწიფომ პოზიცია არ დათმო:

”მე მოხარული ვარ, რომ სახელმწიფომ ასე თუ ისე მოახერხა ეს. რა თქმა უნდა, ცალკეული ჩანაწერები, ცალკეული განცხადებები ისევ იწვევს კრიტიკას, მაგრამ, მთლიანობაში, ხელისუფლებამ შეძლო საკუთარი ზღვარის დაცვა და შეაჩერა ეკლესიის მხრიდან შეღწევის მცდელობა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ხელისუფლებამ ეს ღიად მოახერხა. მისასალმებელი იყო პარლამენტის ზოგიერთი წევრის განცხადება”.

ვიდრე პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაამტკიცებდა, 2 მაისს, დღის პირველ ნახევარში, გამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც ის უარყოფდა
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, ცვლილებების შეტანის შემდეგ, ამ ეტაპზე მისთვის უკვე მისაღები ყოფილიყოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. საპატრიარქო ასევე აღნიშნავს, რომ მას ”ბოლო ვარიანტის გაანალიზების საშუალება” არ ჰქონდა, ხოლო ასეთ სერიოზულ თემაზე ”ნაჩქარევი შეფასების გაკეთება ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის”. ამავე განცხადების თანახმად, ეკლესია სადავო აქცენტებს ზედაპირზე ვეღარ ხედავს და ამიტომ კანონპროექტის სიღრმისეულ განხილვას აპირებს:

”საქართველოს პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კანონპროექტის უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა, ახლა მდგომარეობა შეიცვალა და იგი უფრო სერიოზულ შესწავლას და სპეციალისტების (იურისტების, ფსიქოლოგების, საერთაშორისო სამართლის ექსპერტების) დასკვნას საჭიროებს”.
ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ ყველას გასაგონად თავისი რეკლამებით და რეკლამებში ხარჯავენ მრავალი ათასობით, ასიათასობით ლარებს იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი...
ირაკლი ღარიბაშვილი

ამ შინაარსის განცხადება ბევრისთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ საპატრიარქო ამ ეტაპზე აღარ აპირებს მწვავე და აქტიური პროტესტის გამოხატვას ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, რომელიც ”გაგებით მოეკიდა ეკლესიის სიფრთხილეს”. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ეკლესიისთვის კანონპროექტის დეტალების უკეთ ახსნისა და განმარტებისკენ მოუწოდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები 1 მაისს დახურულ ფორმატში შეხვდნენ სასულიერო პირებს.

საპატრიარქოსგან მადლობა დაიმსახურა, ხოლო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ”უკიდურესი შეშფოთება” გამოხატეს პრემიერ-მინისტრის ”შეურაცხმყოფელი” განცხადების გამო. 1 მაისს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ კამპანიაში ”ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ” ჩართული ორგანიზაციები მიზანმიმართულად მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ:

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
„მაშინ როცა იმავე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება, გაძლიერება ხდება, ჩვენ ყოველმხრივ ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ ყველას გასაგონად თავისი რეკლამებით და რეკლამებში ხარჯავენ მრავალი ათასობით, ასიათასობით ლარებს იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი და ამას მე ვუწოდებ, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას“.

”ქვეყნის მეთაურის რიტორიკა ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას. პრემიერ-მინისტრის ბრალდებები არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებებს და ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ინიციატივების მნიშვნელობას და როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში”, - ვკითხულობთ კამპანიაში ”ეს შენ გეხება” ჩართული ორგანიზაციების მიერ 1 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. აქვე ნათქვამია, რომ ”მოსმენებთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე საუბარი არასამთავრობო სექტორმა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, რაც დასაბუთდა ამ თემაზე მობილური ოპერატორების მიერ გაკეთებული განცხადებებით. სამწუხაროდ, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებების აღმოფხვრა ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა. არსებული მანკიერი პრაქტიკის დაუშვებლობაზე საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი ბატონი თომას ჰამარბერგი ვრცლად საუბრობს თავის ანგარიშებში. ეს საკითხები ასევე აისახა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2013 წლის ანგარიშში”.
მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან და წარმატებულ ბიზნესსაც კი ახორციელებდა მათთან ერთად. შესაბამისად, მესმის კიდევაც, რომ მას არ ახსოვს, რომ ასეთი აქტივობები მიმდინარეობდა სამოქალაქო სექტორში...

პრემიერ-მინისტრის შემდეგ, კამპანია ”ეს შენ გეხება” ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც გააკრიტიკა. სოციალურ ქსელში გაკეთებული მისი კომენტარის თანახმად, აბსურდია მტკიცება იმისა, რომ ყველას უსმენენ. აქვე დაისვა შეკითხვა - სად იყო „ეს შენ გეხება“ მაშინ, როცა მართლა ყველას უსმენდნენ? ამ და სხვა შეკითხვებს კამპანიის წარმომადგენლებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე უპასუხეს. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ვიცე-პრემიერს წარსულს შეახსენებს:

”მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან და წარმატებულ ბიზნესსაც კი ახორციელებდა მათთან ერთად. შესაბამისად, მესმის კიდევაც, რომ მას არ ახსოვს, რომ ასეთი აქტივობები მიმდინარეობდა სამოქალაქო სექტორში. კამპანია „ეს შენ გეხებას“ სამი ტალღა იყო, როგორც მოგეხსენებათ, და სამი კამპანიის დაფინანსება არ დაჯდა იმაზე მეტი, რაც იყო ახალი მინისტრის ახალი ავტომანქანის ღირებულება“.

კვირის მიმოხილვა საერთაშორისო ასპარეზთან დაკავშირებული მოვლენებით განვაგრძოთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 29-30 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-9 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში", რომელსაც მხარი მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ არ დაუჭირა. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის თქმით, 29 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეებმა დაამტკიცეს გადაწყვეტილება, რომელშიც, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ინტერესების ამსახველი არაერთი ასპექტია გათვალისწინებული:

”ეს გადაწყვეტილება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ეს არის მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი იმის გამო, რომ რუსეთი ამ ფორმულირებას ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაში ეს პუნქტი არის შეტანილი. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ შეშფოთებაა გამოთქმული ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნულია ის დარღვევები, რაც ხდება იქ. მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ პირველად არის ნახსენები გადაწყვეტილებაში მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების შესახებ, რაც ხელს უშლის ადამიანების თავისუფალ ცხოვრებას”.
ნატოს თავისი თავდაცვითი სისტემები არ გააჩნია, ეს აქვთ მოკავშირეებს და ნატოს ყოველთვის შეუძლია ორგანიზებაში მხარდაჭერა, მაგალითად, როგორც თურქეთისთვის განვახორციელეთ სირიის კონფლიქტთან მიმართები...
ჯეიმს აპატურაი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ”ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება და კონსტრუქციული როლი შეასრულოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში”.

მიმდინარე კვირაში ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე ლაპარაკი იყო ვაშინგტონში, სადაც 30 აპრილს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სიტყვით გამოვიდა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „ერთიანი და თავისუფალი ევროპისკენ“. მან თქვა, რომ ალიანსმა საქართველოში „თავდაცვითი საშუალებები“ უნდა განალაგოს და რომ ეს ადეკვატური მესიჯი იქნება რუსებისთვისაც, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. ალასანიას განცხადებით, ნატომ არ უნდა დაივიწყოს ერთგული პარტნიორები, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან და რომ საქართველოში - და მთლიანად კავკასიაში - მეტი სწავლება უნდა ჩატარდეს ნატოს წევრი ქვეყნების მიერ.

ჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი
​თავდაცვითი სისტემების თაობაზე ვაშინგტონში მყოფ მინისტრ ალასანიას 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე თბილისიდან უპასუხა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მას შემდეგ, რაც მას შესაბამისი შეკითხვა დაუსვეს. ჯეიმს აპატურაი თვლის, რომ საკითხი განსახილველია:

„ნატოს თავისი თავდაცვითი სისტემები არ გააჩნია, ეს აქვთ მოკავშირეებს და ნატოს ყოველთვის შეუძლია ორგანიზებაში მხარდაჭერა, მაგალითად, როგორც თურქეთისთვის განვახორციელეთ სირიის კონფლიქტთან მიმართებით - „პატრიოტის“ სისტემა გადავისროლეთ, რაც იყო შემაკავებელი გზავნილი. მინისტრ ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და დარწმუნებული ვარ, მას განიხილავენ ნატოში“.

ჯეიმს აპატურაიმ ასევე აღნიშნა, რომ უელსის შემოდგომის სამიტისთვის ნატო ყურადღებით აკვირდება ასპირანტი ქვეყნების მიერ ნაჩვენებ პროგრესს და რომ საქართველოში ამ მხრივ გაუმჯობესება ყოველწლიურად შეინიშნება. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ნატოსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე რუსეთი გავლენას ვერ მოახდენს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG