Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიცვალა საზოგადოებრივ განწყობებში


ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საზოგადოებრივი განწყობის გასარკვევად ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს შორის საქართველოში მოსახლეობა პირველ ადგილზე სამუშაო ადგილების სიმცირეს ასახელებს. კვლევა მიმდინარე წლის 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით და პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 3 942 რესპონდენტი გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგებში ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმებისა და საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებისადმი.

სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებია ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 63 % მიიჩნევს, რომ, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, სამუშაო ადგილების თვალსაზრისით, მდგომარეობა არ შეცვლილა. 47 % ფიქრობს, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხიც ძველებურად დარჩა, თუმცა 40%-ის აზრით, ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომია. ამასთან, გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები საქართველოში სამუშაო ადგილების თემას ნაკლებად განიხილავენ, 29%-ს მიაჩნია, რომ სიღარიბის თემა სათანადოდაა განხილული. გამოკიხულთა 35%-ს ეჩვენება, რომ კრიმინალის დონე საქართველოში გაიზარდა, 46%-ის ხედვით კი, იგივე დარჩა.
სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება რჩება მოსახლეობისთვის სამ უმთავრეს საკითხად. ასევე, მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, რუსეთი წარმოადგენს რეალურად არსებულ საფრთხეს...
ლუის ნავარო


ყველაფრის მიუხედავად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსახლეობის 13% მიიჩნევს, რომ ის და მისი ოჯახი შედარებით უკეთესადაა, თუმცა ეს მაჩვენებლი 2%-ით ჩამორჩება გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელს.
საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდებაო, ამბობს 33%, 38% კი ცვლილებას ვერ ხედავს.

მთავარი ეროვნული პრობლემები და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული თემები, კომენტირებისას, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ ასე შეაჯამა:

„სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება რჩება მოსახლეობისთვის სამ უმთავრეს საკითხად. ასევე, მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, რუსეთი წარმოადგენს რეალურად არსებულ საფრთხეს და, წინა კვლევასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია, ასევე გაზრიდილია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც არ მოსწონს საქრთველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან. ეს ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ალბათ, ყირიმში მიმდინარე მოვლენებით არის გამოწვეული. თუმცა, ამასთან, მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის აზრს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრის თაობაზე.

„ენ-დი-აი“-ს გამოკველვის თანახმად, გამოკითხულთა 46 % მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, თუმცა ეს მაჩვენებელი 8%-ითაა გაუარესებული, წინა წლის გამოკითხვის მაჩვენებელთან შედარებით.

„ენ-დი-აი“-ს გამოკვლევის პრეზენტაციის შემდეგ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სპეციალური განცხადება გააკეთეს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, კვლევა უჩვენებს, რომ „ხელისუფლება მთლიანადაა ამოვარდნილი იმ პრობლემების გადაწყვეტის პროცესიდან, რომელიც მოსახლეობას აწუხებს“:

„დაკარგული სამუშაო ადგილები, გაზრდილი კრიმინალი და [ხელისუფლება] დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით. ის, რომ ვითარება, დემოკრატიის თვალსაზრისით, არ შეცვლილა, ეს სლაიდიც ადასტურებს, ანუ კამპანია „ეს შენ გეხება“. ანუ ტოტალური მოსმენების წინააღმდეგ კამპანია საჭიროდ მიაჩნია ჩვენი მოსახლეობის 62-%- ს. ასე რომ, ბატონი ღარიბაშვილის, კალაძისა და სხვათა არაადეკვატური რეაქცია იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენს ხალხს ამ თვალსაზრისითაც დემოკრატია უნდა და ეს კამპანიაც ადასტურებს და ადეკვატურად ფასდება საზოგადოების მხრიდან და მთავრობის მხრიდან რეაქცია არის არაადეკვატური“.
მე ძალიან მახარებს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების მომხრეთა რაოდენობა, ეს არის ძალიან სასიამოვნო. რაც შეეხება მეორე საკითხს, საზოგადოებას ასე მიაჩნია...
ვახტანგ ხმალაძე

აღსანიშნავია, რომ გამოკვლევის მიხედვით, კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებდა, რესპონდენტთა 37% უარყოფითად პასუხობს, ნაწილობრივ დადებითად კი - 18% .

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77%-ისთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ნატოში შესვლას კი 72% ემხრობა.

გამოკითხულთა იმავე რაოდენობისთვის მისაღებია, რომ საქართველოს მთავრობა გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავს, გამოკითხულთა 16% კი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა სიმრავლე სასიამოვნოა, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა პროცენტული მაჩვენებელი კი ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტი ინფორმაციის გაცემის აუცილებლობას აფიქრებინებს:

„მე ძალიან მახარებს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების მომხრეთა რაოდენობა, ეს არის ძალიან სასიამოვნო. რაც შეეხება მეორე საკითხს, საზოგადოებას ასე მიაჩნია. პრობლემა არის იმაში, რომ ხელისუფლების მოქმედებას საზოგადოება ასე აღიქვამს, ე.ი. სათანადოდ ვერ აწვდის ხელისუფლება ამას საზოგადოებას“.

საინტერესოა კვლევაში მოცემული მაჩვენებლები უმცირესობებთან მიმართებით.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმცირესობათა უფლებების დაცვას ძალიან მნიშვნელოვნად გამოკითხულთა 11 % მიიჩნევს, მნიშვნელოვნად - 51 %.

უმცირესობებზე საუბრისას გამოკითხულთა 26%-ს პირველად რელიგიური უმცირესობები ახსენდება, 25 %-ს - ეთნიკური უმცირესობები, 22 %-ს - სექსუალური უმცირესობები. აქვე NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 25 მილიონი ლარით დაფინანსებას გამართლებულად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ არ იცოდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომ 25 მილიონი ლარით ფინანსდება, 20%-ისთვის კი ეს ინფორმაცია ცნობილი იყო.

ხოლო კითხვაზე, ამართლებთ თუ არა იმას, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 25 მილიონ ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ვამართლებ“ – 55%, „არ ვამართლებ“ – 21%, „არ ვიცი“ - 22%, უარი პასუხზე – 1%.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG