Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თანაბარი უფლებები - თანაბარი შესაძლებლობა“


რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და არმქონე ბავშვებმა სკოლაში ერთად ისწავლონ? არის თუ არა შესაბამისი ფიზიკური გარემო საქართველოში ინკლუზიური განათლებისათვის?
კოალიციამ „ხელმისაწვდომი განათლება ყველასათვის“ საქართველოში 22 სკოლის მონიტორინგი ჩაატარა. რამდენად მზადაა საქართველოში სკოლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მისაღებად?

კოალიციამ „ხელმისაწვდომი განათლება ყველასათვის“ იმ სკოლების მონიტორინგი ჩაატარა, სადაც ინკლუზიური განათლების მეთოდია დანერგილი. დღეს, 5 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრეს. ორგანიზაციის „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ წევრმა, ნინო ბაიდაურმა, ილაპარაკა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა სკოლაში იმ ბავშვებთან ერთად იარონ, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები არა აქვთ:

„ნებისმიერი ის პრობლემა, რომელიც შშმ ადამიანების წინაშე დგას, ერთმანეთისგან გამომდინარეობს და ერთმანეთზეა ჩაბმული. შესაბამისად, მათი მოგვარების გზებიც ჯაჭვურადაა ერთმანეთზე ჩაბმული. იგივე ხელმიუწვდომელი განათლება მათ ხელს უშლით მომავალში სამსახურის პოვნაში, რადგან არაკონკურენტუნარიანები არიან. შესაბამისად, ვერ ებმებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.
აბსოლუტურად, სრულად ხელმისაწვდომი და ყველა სტანდარტის დაცვით აშენებული შენობა-ნაგებობები ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს. ამიტომაც შემოგვაქვს ნაწილობრივ მისაწვდომობის ტერმინი...
ნინო ბაიდაური

მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით 22 სკოლაში ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისათვის ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა გამოიკვლიეს, ანუ რამდენად ადვილად შეუძლიათ მოსწავლეებს სკოლამდე მისვლა, შენობაში გადაადგილება... ასევე, რამდენად აკმაყოფილებს საკლასო და რესურსოთახები ინკლუზიური განათლების სტანდარტებს და ა.შ. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ პირობები ან საერთოდ არ არის დამაკმაყოფილებელი, ან ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელია. ნინო ბაიდაური განმარტავს:

„აბსოლუტურად, სრულად ხელმისაწვდომი და ყველა სტანდარტის დაცვით აშენებული შენობა-ნაგებობები ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს. ამიტომაც შემოგვაქვს ნაწილობრივ მისაწვდომობის ტერმინი, რადგან სხვა შემთხვევაში მოგვიწევს იმის თქმა, რომ საერთოდ არც ერთი შენობა არ არის მისაწვდომი შშმ ადამიანებისათვის“.

გიორგი ალავიძე, ორგანიზაციის „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეტლით გადაადგილდება. მას პრესკონფერენციაზე მომხსენებლებისათვის განკუთვნილ შემაღლებულ ადგილზე ასასვლელად რამდენიმე ადამიანის დახმარება დასჭირდა. მისი განმარტებით, ნაწილობრივ ხელმისაწვდომია ისეთი გარემო, რომელიც სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს სრულად ვერ აკმაყოფილებს:
„ჩვენი მთავარი სურვილია, ბავშვები იყვნენ დამოუკიდებლები. სანიტარულ კვანძებშიც თვითონ მოემსახურონ თავის თავს. არის რამდენიმე სკოლა, მე რომელიც ვნახე, რომელიც იყო პროგრამაში ჩართული. იქ შეიძლება სინათლის სანათებელი იყოს ზევით და ვერ მისწვდეს. როდესაც ადამიანს, მაგალითად, ქურთუკის ჩამოკიდება სჭირდება, ვერ სწვდება და ვინმეს ეძახის დასახმარებლად, ეს უქმნის პრობლემას და დამოუკიდებლობის ხარისხს დაბლა სწევს“.
ჯერ დავინახოთ, რომ არსებობს... რატომღაც გვგონია, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გარშემო არ არსებობენ. და ჩვენ, საზოგადოებამ, და მთავრობამ ხელი უნდა შევუწყოთ ამ ადამიანების ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფას. და პირველი ნაბიჯი...
ნინო ბესელია

გარდა ამ პრობლემებისა, როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ფიზიკური გარემო მხოლოდ იმ მოსწავლეებისათვისაა ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელი, რომლებსაც ეტლით გადაადგილება უწევთ. მხედველობა ან სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის საჭირო სტანდარტებს კი სკოლები სრულიად ვერ აკმაყოფილებს.

ნინო ბესელია, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თავმჯდომარე, ამბობს, რომ ყველა შექმნილი პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულებიდან მომდინარეობს:

„ჯერ დავინახოთ, რომ არსებობს... რატომღაც გვგონია, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გარშემო არ არსებობენ. და ჩვენ, საზოგადოებამ, და მთავრობამ ხელი უნდა შევუწყოთ ამ ადამიანების ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფას. და პირველი ნაბიჯი, გარდა იმ ინფრასტრუქტურული გარემოსი, არის განათლება და ინფორმაცია“.

ნინო ბაიდაური, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“, ამბობს, რომ ინკლუზიური განათლება არამარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის არის სასარგებლო:

„მინდა ვუთხრა იმ მშობლებს, რომლებსაც არ ჰყავთ შშმ ბავშვები. ინკლუზიური განათლება სჭირდება მათ შვილებსაც. თუნდაც რომ მიხვიდეთ იმ სკოლაში, სადაც შშმ ბავშვებიც სწავლობენ და გაესაუბროთ მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, რომლებსაც ბავშვებთან აქვთ შეხება, ისინი მოგიყვებიან, როგორ იცვლებიან ეს ბავშვები, - ჩვეულებრივი, ე.წ. ჩვეულებრივი ბავშვები, - როგორ იცვლება მათი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ერთმანეთისადმი, რომ აღარაფერი ვთქვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე. ინკლუზიური განათლება სჭირდება ნებისმიერ ბავშვს, რომ ის გაიზარდოს კარგ მოქალაქედ“.
XS
SM
MD
LG