Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმს აშინებს ნატოს ბაზების განთავსება საქართველოში


უილიამ ჰეიგი და ირაკლი ღარიბაშვილი
უილიამ ჰეიგი და ირაკლი ღარიბაშვილი
დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სუვერენული საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მიესალმება ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ და იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები პარტნიორებს შორის - ასეთი იყო 8 მაისს, თბილისში ყოფნის დროს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგის განცხადებებში დასმული ძირითადი აქცენტები. ნატოს მომავალი სამიტის მასპინძელი ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის - საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიგის, ვიზიტმა საქართველოში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე განსაკუთრებით აღაშფოთა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები.

სოხუმში ფიქრობენ, რომ დასავლეთმა სერიოზულად გადაწყვიტა სამაგიერო გადაუხადოს რუსეთს და მის მოკავშირეებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. შიში, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაშია გამოკვეთილი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს უკავშირდება. სოხუმი თითქმის დარწმუნებულია, რომ უილიამ ჰეიგმა თბილისთან ნატოს სამომავლო გეგმები განიხილა და რომ ეს გეგმები ხელს აძლევთ საქართველოში ”რევანშისთვის განწყობილ ძალებს”, რომლებიც ”ვერა და ვერ ეგუებიან აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობას” და რომლებსაც არ ტოვებთ სოხუმის დაბრუნების იმედი. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„საქართველოს პერსპექტივები ნატოში უნდა განვიხილოთ ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდლის, ფილიპ ბრიდლავის, სიტყვების კონტექსტში, რომ - უკრაინის მოვლენების გამო - ალიანსი განიხილავს თავისი ჯარის აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მუდმივად განთავსების საკითხს. გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთი ”ცხელი თავი” თბილისში მოხარული იქნება გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდეს ნატოს ბაზები. ეს უკიდურესად უარყოფითად აისახება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე”.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ნატოსა და საქართველოს შორის. ეს თანამშრომლობა ამ ეტაპზეც მეტად მნიშვნელოვანია, მაგალითად, ავღანეთში... და დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ბევრი გზა შემდგომი თანამშრომლობისთვის...
უილიამ ჰეიგი

სოხუმის მიერ გავრცელებულ ამ განცხადებაში მოხსენიებულმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა - ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალმა - მართლაც განაცხადა: რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე ალიანსმა უნდა იფიქროს აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში ჯარის მუდმივად განთავსებაზე და ამ საკითხზე ნატოს სარდლები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები უელსის სამიტამდე იმსჯელებენო. მაგრამ გენერალს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ასეთი შანსი საქართველოსაც მიეცემა.

თვითონ საქართველოს რაც შეეხება, მას აქვს სურვილი, რომ თავის ტერიტორიაზე განათავსოს ნატოს ”თავდაცვითი საშუალებები” და ამ ინიციატივით 30 აპრილს ვაშინგტონში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოვიდა.

8 მაისს, თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ამ მხრივ არაფერი დაუკონკრეტებია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს უილიამ ჰეიგს. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უფრო კონკრეტული თავდაცვის ღონისძიებების შემუშავება თავდაცვის მინისტრების პრეროგატივაა, ხოლო ნატომ უნდა განავითაროს თანამშრომლობა საქართველოსთან:

“ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ნატოსა და საქართველოს შორის. ეს თანამშრომლობა ამ ეტაპზეც მეტად მნიშვნელოვანია, მაგალითად, ავღანეთში... და დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ბევრი გზა შემდგომი თანამშრომლობისთვის იმგვარად, რომ ეს წაადგეს საქართველოს უსაფრთხოებას და ასევე განმტკიცდეს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება. უფრო მეტს ვერ გეტყვით ამის თაობაზე, მაგრამ მჯერა, რომ ნატოს სამიტი უელსში იქნება მეტად მნიშვნელოვანი წინსვლის აღიარებისთვის. გაერთიანებული სამეფო, როგორც მასპინძელი ნატოს სამიტისა, ნათელ პოზიციას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია პროგრესის აღიარება და ამის საფუძველზე ურთიერთობის შემდგომი განვითარება”.
მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველომ მკაფიოდ აჩვენა ის პროგრესი, რაც ნატოს ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება და, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად შეფასდება...
მაია ფანჯიკიძე

არავინ იცის - და, მათ შორის, არც ბრიტანელმა მინისტრმა - დაზუსტებით, თუ რას შესთავაზებენ საქართველოს უელსის სამიტზე, თუმცა იმედებს აშკარად ამძაფრებს მისი სტუმრობა საქართველოში, სადაც ის უკრაინიდან ჩამოვიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთი დაეხმარება საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოების პროცესში და, ასევე დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით, უელსის სამიტზეც საქართველო ადეკვატურ შეთავაზებას მიიღებს:

”მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველომ მკაფიოდ აჩვენა ის პროგრესი, რაც ნატოს ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება და, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად შეფასდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალ სამიტზე უელსში. ჯერ კიდევ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ვფიქრობთ, დადგა დრო, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ალიანსის ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად”.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეთავაზებას, რომ ნატომ საქართველოში ”თავდაცვითი იარაღი” განათავსოს, მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ეს არ იყო კონკრეტული შეთავაზება, ეს იყო იდეა, რომელსაც ”ყურადღებით მოეკიდნენ ნატოს წევრი ქვეყნები და ნატოს შტაბბინა ბრიუსელში”. მინისტრის თქმით, ამ თემაზე საუბარი გაგრძელდება, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG