Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსანს წამებაში ადანაშაულებენ


9 მაისს ე.წ. "მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, ლევან ტაბიძეს, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. პროკურატურა მას ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით ადამიანების წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებს. ბრალდების განცხადებით, ტაბიძემ „მუხროვანის ამბოხისთვის" ძებნილი პირების - კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის - ადგილსამყოფლის გასაგებად კობა ოთანაძის ნათესავებზე ზეწოლა განახორციელა. ლევან ტაბიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბრალდება კი აღმკვეთი ღონისძიების სახით მის პატიმრობას მოითხოვს. აღმკვეთი ღონისძიების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, 10 მაისს იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, ლევან ტაბიძეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ლევან ტაბიძის ადვოკატი, ვლადიმერ გაბრიჩიძე, აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული გამოძიებისას „მუხროვანის ამბოხში“ ბრალდებულთა ოჯახზე ზეწოლა არ ყოფილა. მისივე თქმით, არსებობს ტაბიძის უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
"საქმეზე ე.წ. ამბოხებულების დაკავება მოხერხდა ოთანაძის ოჯახის წევრების აქტიურობის შედეგად, რაშიც მათ სოლიდური გასამრჯელო აქვთ აღებული. დღევანდელი საქმე მთლიანად არის დამყარებული ოთანაძის ოჯახის წევრების ჩვენებებზე. ისინი აცხადებენ, რომ ჩვენებები, რომლებიც მათ მისცეს ძველ საქმეზე, ცემით და წამებით გამოსძალეს. ლევან ტაბიძე ამას კატეგორიულად არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ამ ჩვენებების სანაცვლოდ, ოთანაძის ოჯახის წევრებს თანხა აქვთ მიღებული", - განაცხადა ვლადიმერ გაბრიჩიძემ მედიასთან საუბარში.
იმის გამო, რომ ლევან ტაბიძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა ძებნილი კობა ოთანაძის ადგილსამყოფლის დადგენის კუთხით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მურად ზარიძეს და მისი ოჯახის ყველა წევრს - მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვს - უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება...
კოკა კაციტაძე

საქართველოს პროკურატურა 8 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ 2009 წლის 20 მაისს ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხისთვის" ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის გამო ჩატარებული სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები ცნობილია. პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ლევან ტაბიძე, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დააკავა. პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2009 წლის 20 მაისს, ღამით, ლევან ტაბიძე და მისი თანმხლები პირები შეიჭრნენ კობა ოთანაძის ნათესავის, მურად ზარიძის, საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ზარიძის მეუღლე, ნათია თვაური, მათი ერთი წლის შვილი, მშობლები და დები. სცემეს ოჯახის წევრებს. მურად ზარიძის და, ნათია ზარიძე, საწოლიდან გადმოაგდეს და ძირს დაგდებულის ცემა განაგრძეს. პროკურატურის თანახმად, ლევან ტაბიძე დაჟინებით მოითხოვდა მათგან კობა ოთანაძის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას:

„იმის გამო, რომ ლევან ტაბიძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა ძებნილი კობა ოთანაძის ადგილსამყოფლის დადგენის კუთხით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მურად ზარიძეს და მისი ოჯახის ყველა წევრს - მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვს - უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს ე.წ. „მოდულის“ შენობაში. მოდულის შენობაში მურად ზარიძე და მისი ოჯახის წევრები რიგრიგობით შეჰყავდათ ლევან ტაბიძის სამუშაო კაბინეტში, სადაც გრძელდებოდა მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორება და მუქარა ხორციელდებოდა მურად ზარიძის მცირეწლოვანი, 1 წლის ბავშვის მისამართით, რის შემდეგაც ნათია ზარიძემ ვერ გაუძლო მასზე განხორციელებულ ძალადობას და მიაწოდა მათ მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია კობა ოთანაძის ადგილსამყოფლის თაობაზე. წამებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2009 წლის 20 მაისს ქალაქ თბილისში, თიანეთის გზატკეცილზე, ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც გია კრიალაშვილი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი მძიმედ დაიჭრნენ“, - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ 8 მაისს პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მარტო ჩემს ოჯახს კი არა, ჩემი ოჯახის ახლობლებსაც შეუცვივდნენ და დააშინეს, წაიყვანეს მოდულის შენობაში, დააშინეს, სცემეს. ასე მიზანმიმართულად აშინებდნენ ხალხს...
კობა ოთანაძე

ლევან ტაბიძეს გაწეული სამსახურისათვის მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილისგან 10 000-ლარიანი ფულადი პრემია გადაეცა, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით კი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ე.წ. „მუხროვანის ამბოხის“ საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 იანვარს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრები, სადაც იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, ”ორ გვამს“ ითხოვს კობა ოთანაძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ არც მის ოჯახს და არც მის ახლობლებს ფული არ აუღიათ.

„მარტო ჩემს ოჯახს კი არა, ჩემი ოჯახის ახლობლებსაც შეუცვივდნენ და დააშინეს, წაიყვანეს მოდულის შენობაში, დააშინეს, სცემეს. ასე მიზანმიმართულად აშინებდნენ ხალხს. თუ თანხის აღებაზე იყვნენ თანახმა, რაღას სცემდნენ? სასაცილოა. სხვა სათქმელი აღარაფერი დარჩათ. ამ ქმედებისათვის პრემიებს თვითონ იღებდნენ. ჩემი ახლობლები რომ ნახოთ, ისინი ისევ ქირით ცხოვრობენ და გაუბედურებულები არიან“, აცხადებს კობა ოთანაძე.

ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, „მუხროვანის ამბოხის“ გამოძიების ბოლომდე მიყვანა არ უნდა გაუჭირდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გაეცეს პასუხი ყველა შეკითხვას.

მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ის აქტიურად აგრძელებს გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით ჩატარებული ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხისათვის“ ძებნილი პირების - კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის - დაკავების სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებების დასადგენად.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG