Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრორუსულმა ძალებმა უკრაინაში უკანონო რეფერენდუმი ჩაატარეს


უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩატარდა ეგრეთ წოდებული რეფერენდუმები, რაც კონსტიტუციის დარღვევაა და რის უკანაც პრორუსული ძალები დგანან. უკრაინის დროებითმა მთავრობამ მათ „დანაშაულებრივი ფარსი“ უწოდა. დასავლეთი ამ რეფერენდუმებს ასევე არალეგალურად მიიჩნევს. უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რუსული ორიენტაციის რეგიონებში სამ მილიონ მოქალაქეს კვირას მოწყობილი უკანონო რეფერენდუმების ბიულეტენში პასუხი უნდა გაეცა შეკითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აქტს. მოცემულ ეტაპზე ამ ოლქების პრორუსული ძალები არ გეგმავენ, ყირიმის მსგავსად, რუსეთთან შეერთებას, თუმცა რუსეთს მფარველ ძალად განიხილავენ, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, დენის პუშილინმა, რუსეთის მედიას განუმარტა, „კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სუვერენიტეტი მოვიპოვეთ. ამიერიდან ვიმოქმედებთ პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლობიდან გამომდინარეო“. როგორი იქნება მომავალი ნაბიჯები, გამოჩნდება. პუშილინის თანახმად, ახლა შეეცდებიან მთავრობისა და სამხედრო სტრუქტურების შექმნას. დონეცკის ეგრეთ წოდებულმა სახალხო მმართველმა, პაველ გუბაროვმა, თქვა, რომ რეფერენდუმი იყო პირველი ნაბიჯი სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი რუსეთის შესაქმნელად.

დონეცკის მოქალაქე ევგენი ბალაშოვი ამბობს, „ჯერ საკუთარ ფედერალურ სახელმწიფოს შევქმნით და მერე რუსეთს შევუერთდებითო“.

უკრაინის ამ რეგიონების მომავალი ასე წარმოუდგენია დონეცკელ ტატიანას, რომელიც გვიხსნის: „ეს ორსაფეხურიანი რეფერენდუმი იქნება. ჯერ ხმა მივეცით ფედერალურ რესპუბლიკას, შემდგომ, ვნახავთ. მე მსურს, რომ რუსეთის ნაწილი გავხდეთო“.
ველით, რომ ხმის მიცემის შედეგების პრაქტიკული რეალიზება მოხდება ცივილიზებული გზით, ძალადობის შემდგომი გამოვლინების გარეშე...
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური

დონეცკში ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 75-მა პროცენტმა, თვითგამორკვევას ხმა მისცა 90-მა პროცენტმა. ლუგანსკში მოქალაქეთა აქტიურობა იყო 81-პროცენტიანი, დამოუკიდებლობას მიემხრო 96 პროცენტი. ეს მონაცემები პრორუსული აქტივისტების ცნობებს ეყრდნობა. ამდენად, მათი სიზუსტის გარანტია არ გვაქვს, მით უმეტეს, რომ რეფერენდუმს არ ჰყოლია მეთვალყურეები, ბიულეტენები დაბეჭდილი იყო ყოველგვარი დაცვის გარეშე, რაც ასევე ეწინააღმდეგება კანონს. იტყობინებიან, რომ ხმის მისაცემად მიდიოდნენ ბავშვები, ზოგიერთმა მოქალაქემ რამდენჯერმე მისცა ხმა, ბევრმა ოჯახის წევრების ნაცვლად ჩააგდო ბიულეტენი.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მოსკოვში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს რეფერენდუმისთვის მზადებას და მის მსვლელობას და რომ პატივისცემით ეკიდებიან ხალხის ნების გამოხატვას. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა: ”ჩვენ პატივს ვცემთ მოსახლეობის ნების გამოხატვას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ველით, რომ ხმის მიცემის შედეგების პრაქტიკული რეალიზება მოხდება ცივილიზებული გზით, ძალადობის შემდგომი გამოვლინების გარეშე... დიალოგი უნდა შედგეს კიევის, დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებს შორისო”. ლავროვი თვლის, რომ „კრიზისიდან გამოსვლის საკითხზე მიმდინარე პირდაპირ მოლაპარაკებებში რეჟიმის ოპონენტების ჩართვის გარეშე არაფერი გამოვა“. ასე თქვა მან ორშაბათს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პუტინმა გასულ დღეებში ორი რამ თქვა: ერთი, რომ ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი უნდა გადადებულიყო. ეს არ მოხდა და, ალბათ, ახლა იტყვის, რომ ის არ აკონტროლებს ამ მოვლენებს...
კარლ ბილდტი

უკრაინის ახლანდელმა ხელისუფლებმა რეფერენდუმი, როგორც ზემოთ ითქვა, უკანონოდ გამოაცხადეს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი რადის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმს არ ექნება რაიმე იურიდიული შედეგი, მის ორგანიზატორებს კი პასუხისგებაში მისცემენ. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოწყობილ რეფერენდუმებს უკანონოდ მიიჩნევს ევროკავშირიც. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი პუტინის ნათქვამს და ქმედებას ერთმანეთს ადარებს:

„პუტინმა გასულ დღეებში ორი რამ თქვა: ერთი, რომ ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი უნდა გადადებულიყო. ეს არ მოხდა და, ალბათ, ახლა იტყვის, რომ ის არ აკონტროლებს ამ მოვლენებს. პუტინმა თქვა ასევე, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვრის რეგიონიდან გაჰყავს. არც ეს მომხდარა, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს გაუჭირდება იმის თქმა, რომ არ აკონტროლებს რუსეთის არმიას“.

ვაშინგტონმა ამას „მომავალი განხეთქილებისა და მღელვარების პირობების შექმნის მცდელობა“ უწოდა. ცნობილია, რომ უკრაინაში 25 მაისს უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. ლუგანსკის ოლქის პრორუსული სეპარატისტების წარმომადგენელი, ვასილი მიკიტინი, ამბობს, რადგან რეგიონი დამოუკიდებელია, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში 25 მაისის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდებაო.

დაბოლოს, ევროკავშირმა დღეს გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს უკრაინის კრიზისის გამო 13 პირს და ორ კომპანიას. სანქცირებული სუბიექტების სიას დაემატა რუსეთის მოქალაქეები და პირები, რომლებიც ყირიმში ცხოვრობენ, ასევე ორი ფირმა, რომლებიც ასევე ყირიმში მოქმედებენ და რომელთა ნაციონალიზებაც მოახდინა რუსეთმა რეგიონის ანექსიის შემდეგ.
XS
SM
MD
LG