Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრორუსული ძალები უკრაინაში თვითმმართველობის რეფერენდუმებისთვის ემზადებიან


აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტულად განწყობილი ძალები ემზადებიან რეფერენდუმისთვის, რომელმაც უნდა განსაზღვროს, პრორუსული მეამბოხეების აზრით, თვითგამორკვევის ხარისხი ამ რეგიონებში. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მათ მოუწოდა, რეფერენდუმი გადადეთო, მაგრამ სეპარატისტები თავისას არ იშლიან და 11 მაისისთვის მზადებას განაგრძობენ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მოწოდებამ, გადადონ რეფერენდუმი, ზოგიერთებს იმედი მისცა, თუ პუტინი მოუწოდებს, ეს იმას ნიშნავს, რომ არც რეფერენდუმი ჩატარდება და კრემლის მმართველმაც ოდნავ შეცვალა კურსიო. კურსის შეცვლისა რა გითხრათ, პუტინი 9 მაისს ყირიმში ჩაფრინდა, სადაც ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის, არმიისა და ავიაციის ერთობლივი აღლუმი გაიმართა. სევასტოპოლი ყირიმის დე ფაქტო მმართველობამ რუსეთს გადასცა განსაკუთრებული სტატუსით და ის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის სუბიექტად იქცა. და ესეც მანამდე, იმავე უკანონო, უკრაინის კონსტიტუციის საპირისპირო რეფერენდუმის ძალით მოხდა, როგორისთვისაც მზადება გრძელდება.

სეპარატისტების ლიდერმა დონეცკში, დენის პუშილინმა, ჟურნალისტებს უთხრა, ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, მისი წინადადება მასმედიით შევიტყვეთო. პუშილინმა ნაწილობრივ იხუმრა კიდეც, ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, ჩავატაროთ რეფერენდუმი, იმავე გზით გაიგებსო. ამ დროს უკრაინის უშიშროების საბჭომ გამოაქვეყნა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებისა და რუსეთის მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაცია „რუსული სახალხო ერთობის“ ლიდერის საუბარი, რის მიხედვითაც დაასკვნიან,რომ რეფერენდუმის კოორდინირებას მოსკოვიდან ეწევიან.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა თვითგამოცხადებული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რომან ლიაგინმა, რეფერენდუმის თარიღი არ იცვლება, მეტიც, მის ჩასატარებლად ყველაფერი მზად არის:

„22 საოლქო კომისიის ბაზაზე შექმნილია 53 ტერიტორიული საარჩევნო კომისია. ხმის მიცემისთვის იმუშავებს ათას ორასზე მეტი საარჩევნო უბანი“.

ლიაგინის თანახმად, სამ მილიონამდე ბიულეტენი უკვე მზად არის. რეფერენდუმში მონაწილეებს დაუსვამენ შეკითხვას, რომელსაც მათ ან ჰო-თი, ან არა-თი უნდა უპასუხონ. შეკითხვა ასე ჟღერს: ემხრობით დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის გამოცხადებას?

სულ, ლიაგინის თანახმად, 15 ათასამდე მოხალისე გაუწევს მეთვალყურეობას რეფერენდუმს დონეცკში. მსგავსი რეფერენდუმი ტარდება ასევე ლუგანსკის ოლქში. ორივე რეფერენდუმის ორგანიზატორები, მართალია, შეიძლება ყირიმის რეფერენდუმით ინსპირირებული, ასე პირდაპირ რუსეთთან შეერთების მიმართ პოზიციას ხალხს, როგორც ყირიმში მოხდა, არ ეკითხებიან: უკრაინის აღმოსავლეთში ამ რეფერენდუმების მიზანია დამოუკიდებლობა, უკრაინისგან მეტი ავტონომია ან რუსეთთან შეერთება. კიევის ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც თვითონ ელის არჩევნებს 25 მაისს, როცა პრეზიდენტის არჩევაა დაგეგმილი, ისევე როგორც დასავლეთი, დონეცკსა და ლუგანსკში არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს. დეპუტატი ანატოლი გრიცენკო, 25 მაისის არჩევნების კანდიდატი, ამბობს, რომ ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებაში, მეამბოხეები ზეწოლას ახდენენ, მათი რეფერენდუმებისთვის მზადებაში ჩართვა სურთ. რუსეთის პოზიცია თითქოს არაა ცხადი, მაგრამ როცა პუტინი მოწოდებით გამოვიდა, რეფერენდუმი გადადეთო, არ უგულისხმია, საერთოდ არ ჩაატაროთო. მემარჯვენე რადიკალებთან საუბრის თაობაზე კი ზემოთ უკვე გითხარით.

რეფერენდუმისთვის მზადება მიდის, მაგრამ ჩატარდება თუ არა ის ან როგორ ჩატარდება, არ არის ცხადი. ვაშინგტონში დაფუძნებული „პიუ რესერჩ სენტერმა“ გამოკითხვა ჩაატარა და დაასკვნა, რომ აღმოსავლეთუკრაინელთა 70 პროცენტი არ ემხრობა უკრაინისგან მათი რეგიონის გამოყოფას. პროკიევურად განწყობილი მოქალაქეები ამ რეგიონებში აცხადებენ, რომ რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებენ, მაგრამ მაინც არის საშიშროება, რომ რეფერენდუმი სეპარატისტებისთვის სასარგებლო შედეგით დასრულდეს, რადგან რეფერენდუმის ორგანიზატორები, როგორიც უნდა იყოს კენჭისყრის რეალური შედეგი, მაინც გამარჯვებას გამოაცხადებენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG