Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რუსეთის ბაზარი, ეკონომიკური სარგებელი და ფერმერთა წუხილი


თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული ღვინის 40-მდე კომპანია რუსულ ბაზარზე დაბრუნდა. რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში კონკრეტული კომპანიებისთვის და რა ეკონომიკური სარგებელი მიიღეს ფერმერებმა, რომლებიც თავს მევენახეობით ირჩენენ?

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ სხვებთან ერთად 2013 წელს რუსულ ბაზარზე შევიდა. „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინოსთან ერთად კონიაკსაც აწარმოებს. შპს-ს ხელმძღვანელი ზურაბ ჩხაიძე გვეუბნება, რომ რუსული ბაზარი მათთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის ერთადერთი. ჩხაიძის თქმით, რუსეთში სამ კონტრაქტორთან მუშაობენ და თითქმის ყველა მსხვილ ქსელში არიან წარმოდგენილი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ მხოლოდ რუსეთში 3 მილიონამდე ბოთლი ღვინო და კონიაკი შეიტანა. შპს „კახურ ტრადიციულ მეღვინეობაში“ ეკონომიკურ სარგებელზეც მიუთითებენ, რომელიც მოკლე და გრძელვადიან პერიოდებზეა გათვლილი.

„შეიძლება ითქვას, რომ ვაზის ნერგის დეფიციტია და მისი ფასი 3 ლარს აღემატება. თვალს თუ გადავავლებთ, ის პატარ-პატარა ნაკვეთები, რომლებიც მოუვლელი იყო, ახლა მოვლილია. გლეხი აშკარად უვლის ვენახს. ამას თუ ერთად შევკრებთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი აისახა გლეხზე და ფერმერზე, რომლებიც დაკავებული არიან მცირე და საშუალო მიწის მოვლით, მევენახეობით“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა აქვს 40-მდე ღვინის მწარმოებელ კომპანიას, თუმცა კახეთში ღვინის მწარმოებელი კომპანიების ნაწილი პრობლემებზე ალაპარაკდა. კომპანია „კახური ღვინის მარნის“ ინჟინერ-ტექნოლოგი შოთა სოფრომაძე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოდან რუსეთში ღვინის შეტანა შეფერხებულია:

„ჯერჯერობით გაჩერებულია. წელს, ფაქტობრივად, არაფერი ჩამოგვისხამს. ამის მიზეზი შესაძლოა რუბლის კურსის ცვალებადობაა. მე მგონია, რომ ეს უკრაინის მოვლენებსაც უკავშირდება, თუმცა ყველა გვეუბნება, რომ ყველაფერი მოწესრიგდება. ჩვენ ზუსტად არაფერი ვიცით“.

ქართული ალკოჰოლური სასმელებისთვის რუსული ბაზარი 2013 წლის ივნისში გაიხსნა. ამის გამო გასულ წელს ღვინის ქარხნებმა მოსახლეობისგან მოსავალი, სხვა წლებთან შედარებით, ძვირად და დიდი ოდენობით ჩაიბარეს. ყურძენი რომ კარგ ფასად ჩააბარეს, ამის გამო კმაყოფილები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ბერულაშვილები, თუმცა შიშობენ, რომ თუ საქართველოდან რუსეთში ღვინის შეტანას ისევ პრობლემები შეექმნა, პირველ რიგში, ფერმერები დაზარალდებიან:

„თუ ღვინის ქარხნები არ მიიღებენ ყურძენს, ჩვენ გავკოტრდებით. ბანკებიდან კრედიტი გვაქვს აღებული და ფულს ვაბანდებთ ვენახში. თუ ამ ფულს ვერ ამოვიღებთ, აზრი არ ექნება ყურძნის მოყვანას“.


„აუცილებელია რუსული ბაზარი, რათა ქარხნებს ჰქონდეთ ყურძნის მიღების სურვილი, ჩვენ კი შესაძლებლობა, რომ მეტი ყურძენი მოვიყვანოთ და ჩავაბაროთ“.

„ჩვენ დამოკიდებულები ვართ რუსულ ბაზარზე, რადგან შარშან მისი გახსნის შემდეგ გაიზარდა ყურძნის ფასი“.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ირწმუნებიან, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო თავისუფლად შედის. შეიძლება ქართულ კომპანიებს რუსულ ბაზარზე ისევ პრობლემები შეექმნათ? - ამ შეკითხვაზე შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ხელმძღვანელი ზურაბ ჩხაიძე გვეუბნება, რომ ეს შესაძლებელია და იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობა.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG