Accessibility links

18 მაისი, კვირა
დღეს კვირაა. გუშინ 17 მაისი იყო. ორი თვის წინ დავიწყეთ შეხვედრები ადამიანის უფლებათა დამცველებმა. ვიკრიბებოდით და ვსაუბრობდით ლგბტ პირების უფლებებზე, შეკრების თავისუფლებაზე, ევროკავშირზე, სეკულარიზმზე, თეოკრატიაზე. ბოლოს კი გადაწყდა, რომ არაფერს გავაკეთებდით 17 მაისს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და ვერ გავრისკავდით ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას...

ჰოდა აი ასე, 17 მაისს მთელი დღე ვმუშაობდი: ნარკომომხმარებელ ქალებს შევხვდი და ისეთი ამბები მოვისმინე, რამდენიმე საათით გადამავიწყდა კიდეც 17 მაისი, ხოლო როცა კი მახსენდებოდა, გული მწყდებოდა, რომ მე და უამრავმა ჩემმა თანამოაზრემ დავკარგეთ ხმა. ჩვენი ხმა არ ისმოდა 17 მაისს, თითქოს არც ვარსებობდით. სამაგიეროდ, გუშინ აღინიშნა სახელდახელოდ მოგონილი „ოჯახის სიწმინდის“ დღესასწაული, რომელიც ლგბტ პირების ჯინაზე, სპეციალურად 17 მაისს დააწესა პატრიარქმა. დღესასწაულმა უფერულად ჩაიარა, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა - შარშანდელი 40 ათასის ფონზე მკვეთრი კლებაა. აქციის მონაწილეებმა გეების ძიებაში ერთმანეთს მსუბუქად „წააყარეს“ კიდეც. მოკლედ, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ამჯერადაც ჰომოფობიის გამობრწყინებით დასრულდა.

მაგრამ დღეს უკვე 18 მაისია და უხილავები და ხმაწართმეულები ანონიმურად, მაგრამ მაინც გამოჩნდებიან, გამოვლენ შუაღამისას, გამოაწყობენ ფეხსაცმელებს აქციის მონაწილეთა ნაცვლად, გააკრავენ პროკლამაციებს, ცისარტყელას ფერებში შეღებავენ კიბეს, კედლებზე დატოვებენ „სტენსილებს“ წარწერით: „ვინც უცოდველია, პირველმა ესროლოს ტაბურეტი“. დღეს დაიწყება კამპანია „მე აქ ვარ!“

გრძელდება ბრძოლა საჯარო სივრცის მოსაპოვებლად.

19 მაისი, ორშაბათი
დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაიმართა აქცია „წითელი ზონის“ დახურვის მოთხოვნით. აქციის მონაწილეთა რისხვა გამოიწვია ჰომოფობიისადმი მიძღვნილმა გადაცემამ და ლია ჯაყელის ფილმმა სათაურით: „დედა, მამა, მე გეი ვარ“. რაღაცნაირად ვცდილობ ლიას და გოგის გამხნევებას.

დღის უმეტეს ნაწილს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ოფისში ვატარებ. უკვე მესამე თვეა დიდი პროექტი დაიწყო თემაზე: „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა შრომით ურთიერთობებში“. შევადგინეთ კითხვარი, რომლითაც გამოვარკვევთ, თუ რა სახე და მასშტაბი აქვს ქალთა დისკრიმინაციას შრომით ურთიერთობებში. სწორედ ამ გამოკვლევის საფუძველზე დაიწერება პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი. გარდა ამისა, გაკეთდება ვიდეო, რომელშიც თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრებენ შრომითი დისკრიმინაციის ნამდვილი მსხვერპლები. ვიდეოზე ელიზაბეთ სამერსი მუშაობს. დღეს ელიზაბეთისთვის კარგი სიახლე მაქვს. უკვე მესამე ქალი დავითანხმე, რომ ვიდეოთი ჩავწეროთ. მისი ამბავი კი ასეთია: აიყვანეს საჯარო სამსახურში, გაატარეს ტრენინგები, ჩააბარებინეს გამოცდები... ვისაც საუკეთესო შედეგი ექნებოდა, კოორდინატორად ის უნდა დაენიშნათ. რეიტინგში პირველობის მიუხედავად, ეს ახალგაზრდა ქალი კოორდინატორად არ დანიშნეს. უშუალო ზედამხედველმა გულწრფელად და დაუფარავად უთხრა, რომ კოორდინატორად კაცი ერჩივნათ და, შესაბამისად, დანიშნეს რეიტინგში მეორე ადგილზე გასული ახალგაზრდა კაცი.

20 მაისი, სამშაბათი
დილას, ჩვეულებისამებრ ფეისბუკს ვრთავ. შევხედავ, რომელი მეგობარი შემეხმიანა, თვალს გადავავლებ მათ გაზიარებულ სახალისო ფოტოებს კარგი განწყობის შესაქმნელად და წავიკითხავ სტატიებს და სიახლეებს. მაგრამ დღეს შემზარავი სიახლე მხვდება ფეისბუკზე: 19 წლის ფეხმძიმე გოგო მოუკლავს მეუღლეს. გაშტერებული შევცქერი ეკრანს. ზუსტად ოთხი დღის წინ 27 წლის გოგო ყოფილმა ქმარმა ჩაცხრილა. ის ამბავი რომ წავიკითხე, ნახევარი საათი ვტიროდი. სრული უძლურების განცდა მქონდა. სოციალურ ქსელებში ვწერდი: „ვინ დაუპირისპირდება მკვლელებს, რომლებიც ქმრებად იწოდებიან? დღეს ქალისათვის ოჯახი გახდა ყველაზე სახიფათო სივრცე, სადაც მას ამცირებენ, სცემენ და კლავენ. სად არის სახელმწიფო? სად არის საზოგადოება, რომელიც დაიცავს ოჯახში გამომწყვდეული ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას? კიდევ რამდენი ქალი უნდა მოკლან, რომ ჟურნალისტებმა დაიწყონ მზარდ ფემიციდზე ლაპარაკი?“

ყველაზე მეტ მხარდაჭერას ამ დღეს ჩემი ქმრისგან ვგრძნობდი.

აი დღეს კი, ოთხი დღის მერე, გამოშტერებული ვუყურებ ეკრანს და ამბავს ვაზიარებ ფეისბუკზე. ამჯერად ყოველგვარი გრძელი და აღელვებული სტატუსის გარეშე. ერთ-ერთი მეგობარი მწერს, რომ გურჯაანში დარეკა და მკვლელობა არ დასტურდება. გოგონა გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ორი დღე მუცლით ატარა მკვდარი ნაყოფი. ჩვენი ჯანდაცვა ქვის ხანაშია!

ვხვდები მეგობარს, რომელიც კავშირ „საფარის“ ვებგვერდის შექმნაში მეხმარება. მინდა, რომ ვებგვერდს კარგი საძიებო სისტემა ჰქონდეს, რადგან გვერდზე უნდა ავტვირთო ყველა ის კანონი, რომელიც ეხება ქალებს, ოჯახში ძალადობას. ასევე ასატვირთია გამოკვლევები, რომლებიც ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში. მინდა ისეთი საიტი იყოს, რომელიც თავს მოუყრის ბევრ საჭირო ინფორმაციას.

შუადღისას შევამჩნიე, რომ ჩემს ავტომობილს ბამპერის ნაწილი მოპარეს - უკვე მეორედ ამ თვეში! ვიძახებ პოლიციას. მოდიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და აშკარად ცდილობენ საქმის არაღძვრას. ხან მისვამენ ისეთ უცნაურ შეკითხვას, როგორიცაა: „თუ არ მოძვრა და მოპარეს შენს ავტომობილს ეს პლასტმასი, მაშინ სხვა ავტომობილებსაც რატომ არ დახსნეს მსგავსი ნაწილები?“ მერე მეუბნებიან, დაზღვევა მაინც არ აგინაზღაურებთ და ცნობა რად გინდათო. ბოლოს კი მეუბნებიან, რომ ალბათ მოუწევთ მანქანის „ამოღება“, ანუ გამოძიებისათვის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა ორი-სამი დღით, შეიძლება მთელი კვირითაც. გაბრაზებული ვეუბნები, რომ საჩივარს ნებისმიერ შემთხვევაში დავწერ და ვერ გადამაფიქრებინებენ. ჩემი ნათქვამი აშკარად იწყინეს. მანქანა საჯარიმოზე არ გადაჰყავთ და რამდენიმე საათში ცნობაც ხელთ მაქვს. ამასობაში სამუშაო დღეც მიიწურა.

21 მაისი, ოთხშაბათი
„ნიუპრესში“ იბეჭდება ჩემი ინტერვიუ, სადაც ვსაუბრობ ქალების გახშირებულ მკვლელობებზე. ვცდილობ ავხსნა, რომ ქალზე ძალადობა პირდაპირ კავშირშია გენდერულ უთანასწორობასთან. დღეს საზოგადოება პატრიარქალურია, ანუ აღიარებს კაცის ფიზიკურსა და გონებრივ უპირატესობას, ქალს კი მორჩილებას სთხოვს და მკაცრად აკონტროლებს მის ქცევას. ასეთი გარემო ნოყიერ ნიადაგს ქმნის ძალადობისთვის.

სამსახურის მერე ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეხვედრაზე მივდივარ. დღის თემა ქალების მკვლელობებია. რამე უნდა მოვიმოქმედოთ. ვფიქრობთ აქციის მოწყობაზე, მედიაკამპანიაზე, რომელიც აუცილებელია დაიწყოს, რათა კაცმა დამნაშავე მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებში კი არ ეძებოს, არამედ მტერი საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებში დაინახოს. მირეკავენ ტელეარხ „კავკასიიდან“, მთხოვენ მივიდე „ბარიერში“, სადაც საუბარი იქნება გაუარესებულ კრიმინალურ ვითარებაზე და საშუალება მომეცემა, ვისაუბრო ქალთა მიმართ ძალადობაზე. როგორც იქნა, ტელევიზიაც დაინტერესდა სოციალური პრობლემით!

22 მაისი, ხუთშაბათი
დღეიდან მეწყება სამდღიანი ტრენინგები: ადვოკატები უნდა „დავატრენინგო“ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ევროპის საბჭოს პროექტია, ვაცნობ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ადვოკატების ნაწილი ღიად უჭერს მხარს ლგბტ პირების დისკრიმინაციას, ამბობენ, რომ ისინი თავად არასოდეს აიყვანენ ასეთ ადამიანებს სამსახურში და არც მათ უფლებებს დაიცავენ. ნაწილი ადვოკატებისა ასეთ გამონათქვამებზე ღიზიანდება, მათთვის პროფესიული ეთიკა უფრო მაღლა დგას და ადამიანთა თანასწორობისაც ბევრს სჯერა. ჩემი მიზანი მხოლოდ ცოდნის გაზიარება არ არის, უაღრესად მნიშვნელოვანია მათი მგრძნობელობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლებაც. ვესაუბრები მათ, როგორც იურისტი იურისტებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ენით. იურიდიული არგუმენტაცია გონებას შეიძლება ხიბლავდეს, გულს კი - ვერა. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანის გულს შევეხო, გულს გაცილებით უკეთესი მეხსიერება აქვს, ვიდრე გონებას.

დღეს ცესკომ გენდერული სტატისტიკა გამოაქვეყნა ადგილობრივი არჩევნებისთვის. მდგომარეობა ჯერაც ცუდია. პოლიტიკაში ქალების ჩართულობა 12%-ს არ აღემატება. ცესკოს მონაცემებს თუ გადახედავ, მიხვდები, რომ გაუმჯობესებას არც ამჯერად უნდა ველოდეთ. ქალთა უფლებების დასაცავად არაფერია ისე საჭირო, როგორც ქალები პოლიტიკაში.

ცესკოს შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ელექტრონული წერილიც. ამ საკითხით დაინტერესებულ ქალებს უკვე ჩამოუყალიბდათ აზრი, რომ საქართველოში აუცილებელია საპარლამენტო კვოტების მოთხოვნა. არც ერთმა წამახალისებელმა საშუალებამ არ იმუშავა. თუ პოლიტიკურ პარტიებს არ დავავალდებულებთ, წამოწიონ ქალები საარჩევნო სიებში, ასე დავრჩებით კიდევ, სულ ცოტა, ერთი ან ორი ათწლეულის განმავლობაში.

ტრენინგის მერე თავისუფალ უნივერსიტეტში გავრბივარ, საჯარო ლექცია მაქვს ჩასატარებელი ახალ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე. ამჯერად აუდიტორია ბევრად უფრო ღია და გახსნილია, ახალგაზრდაცაა. ოპტიმიზმი მემატება: მომავალი ჩვენია!

P.S.: დღეს კიდევ ერთი საზარელი რამ მოხდა: ქმარმა ორსულ ცოლს ყელი გამოჭრა!

23 მაისი, პარასკევი
დილაუთენია შვილი მაღვიძებს და მეუბნება, მომენატრეო. ზედიზედ მეორე დღეა, ისე გვიან ვბრუნდები შინ, რომ დაძინებული მხვდება. „ხო მოგწონს ჩემი ქუდი? დღეს ქუდების დღეა სკოლაში“, - მეუბნება. სხვა რაღაცეებსაც მეუბნება, მაგრამ კარგად ვერ ვუსმენ. ეს დღეები ძალიან ცოტა მძინავს, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ გამაღვიძა.

გრძელდება ტრენინგი ადვოკატებთან. საბოლოო ჯამში ტრენინგით კმაყოფილები მიდიან, ამბობენ, რომ ბევრი ახალი რამ გაიგეს და ბევრ რამეზე თავიდან დაფიქრდნენ. ეს უკვე კარგი შედეგია.

ძალიან ხმამაღალი და ომახიანი ლაპარაკი ვიცი, განსაკუთრებით მაშინ, თუ რამეს ვხსნი. ამდენი ხმამაღალი ლაპარაკისგან ყელი ძალიან მტკივა, ან, როგორც მე ვიძახი ხოლმე: ხმა მტკივა J

ტრენინგიდან მივდივარ ქალთა ფონდში, სადაც საქველმოქმედო საღამო იმართება. ბევრი ნაცნობი სახე ვნახე, მერე ცალკე ოთახშიც შევედით ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი რამდენიმე ქალი და ხვალინდელი ფლეშმობისთვის პოსტერები გავამზადეთ. სახლში მივიჩქარი. მინდა, საღამოს დარჩენილი ნაწილი ქმართან და შვილთან ერთად გავატარო.

24 მაისი, შაბათი
დილას ისევ ადვოკატების ტრენინგზე მივრბივარ. დღის თემაა სტრატეგიული საქმისწარმოება. ჩვეულებრივი სამართლებრივი საქმისწარმოება სტრატეგიული მაშინ ხდება, როცა ახალი პრეცედენტის, კანონის ან პოლიტიკის ცვლილებისკენ არის მიმართული. როდესაც საშუალება არ გაქვს, საკანონმდებლო ორგანოში ან ხელისუფლებაში იყო, მაგრამ გინდა, ცვლილება შეიტანო გარედან, სტრატეგიული საქმისწარმოება ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა. ტრენინგი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბრით სრულდება. ნაჩქარევად და შეცვლილი სახით მიღებულ კანონში რამდენიმე გვარიანი იურიდიული ნონსენსი (ანუ სისულელე!) იკითხება, რაც მოგვიანებით აუცილებლად გამოსასწორებელი იქნება.

ორ საათზე გოგოები ვიკრიბებით „თბილისი მოლში“, სახეზე „სინიაკებს“ ვიხატავთ და გვინდა ფლეშმობი გავმართოთ, ვიაროთ პლაკატებით, რომლებზეც ეწერება: „საქართველოში კლავენ ქალებს!“; დავარიგოთ ფურცლები, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ქმრების ან ყოფილი ქმრების მიერ მოკლული ქალების სიაა. „თბილისი მოლის“ პიარი ფლეშმობის ჩატარების ნებას არ გვრთავს, გამოვდივართ შენობიდან ჩვენი პლაკატებით. თუმცა, კადრების გადაღებას მაინც ვასწრებთ. მივდივართ რუსთაველზე, მეორე მოლში, იქიდანაც გვყრიან. მერე რუსთაველზე დავდივართ „ჩალურჯებული“ თვალებით და პოსტერებით ხელში. რეაქციები განსხვავებულია. ერთი ასაკოვანი ქალი გვაჩერებს:

- სად კლავენ ქალებს, საქართველოში?

- თქვენ ტელევიზორს არ უყურებთ?

- ააა, იმ ქალებზე ამბობთ, რომ მოკლეს?

მხვდება ბოშა ბიჭი, წინ მეღობება და კითხულობს ჩემს პოსტერს: „საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია“. და მეკითხება: „გცემენ?“ „ჰო“, ვუპასუხებ მე და ვაგრძელებ გზას. გვხვდება კიდევ ერთი კაცი, რომელიც როცა ჩაგვივლის, უკნიდან ამრეზით მოგვაძახებს: „ვინ გცემთ, თქვე უბედურებო?!“ „თქვეეენ!!!“ - ვუყვირი, რომ ხმა მივაწვდინო.

ხუთი საათისთვის მივედით თავისუფლების მოედანზე. გოგოების ნაწილი უერთდება კანცელარიასთან, სწორედ ამ საკითხზე მიმდინარე გამართულ აქციას, ნაწილი კი სხვა ვიდეოს გადასაღებად მივდივართ ოფისში. სამშაბათს გავმართავთ აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ძალიან კონკრეტული მოთხოვნებით. თუ სახელმწიფომ რამე არ იღონა, ფემიციდი (ანუ ქალის მკვლელობა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალია), გავრცელებულ დანაშაულად ყალიბდება „წილხვედრში“.
XS
SM
MD
LG