Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანქვაბი გადადგა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ანქვაბმა გამოაქვეყნა აფხაზეთის ხალხისადმი მიმართვა, რომელშიც ის აცხადებს, რომ გადადგა და იშველიებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლს. ანქვაბი თავის მიმართვაში ბრალს სდებს ოპოზიციას, რომ ძალით მოხდა 27 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის და სახელმწიფო ტელევიზიის შენობების დაკავება. მოლაპარაკება ოპოზიციასთან არ მოხერხდა, რადგან აზრთა სხვადასხვაობა იყო ერთობ დიდი, წერს ანქვაბი, რომელიც თვლის, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში იოლია დაიკარგოს „წმინდა სასიცოცხლო სივრცე- აფხაზეთი“.

ანქვაბი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის სიცოცხლეზე თავდასხმების უკან დგანან ძალები, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს. ანქვაბის მიმართვის თანახმად, სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ამოცანაა ტერორიზმში ბრალდებულების განთავისუფლება. ანქვაბი, რომელიც, თავისი სიტყვებით, სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით გადადგა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობას მოუწოდებს სიმშვიდისკენ და ვადამდელი არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებისკენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ოპოზიციურმა კანონმდებლებმა შაბათს განაცხადეს, რომ პრეზიდენტს არ შესწევს უნარი, შეასრულოს თავისი მოვალეობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნეს. ვადამდელი არჩევნები სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაინიშნა 24 აგვისტოსათვის. პარლამენტმა 31 მაისს, თავმჯდომარე, ვალერი ბგანბა დაასახელა გარდამავალი პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად.
XS
SM
MD
LG