Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიას ბორჯომში მსხვერპლი მოჰყვა


ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ სასწრაფოდ შესასრულებელი სამუშაოების სია განსაზღვრა. 3 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სამი სოფლის ბორჯომთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა სამ ადგილას დააზიანა. სპეციალისტები მთელი ღამე მდინარე საკირულას კალაპოტის შესაცვლელად მუშაობდნენ, რათა წყალს ცენტრალური გზისთვის მთავარი საყრდენი არ გამოეცალა და სამი სოფლის 1000–მდე ოჯახი გარესამყაროს არ მოსწყვეტოდა. სოფელ საკირეში სტიქიისგან მიყენებულ ზარალზე საუბრობენ.

სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. სოფელ დვირში ადიდებულმა მდინარემ 25 წლის მურმან ლომსაძე გაიტაცა. სამი სოფლის – დგვარის, ტაძრისისა და საკირეს - მოსახლეობა ამბობს, რომ მოსავლის გარეშე დარჩა. მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, მოგლიჯა მიწის ნაკვეთები და დააზიანა საცხოვრებელი სახლები. ჩანგრეული გზის გამო საძოვარზე გასული პირუტყვი შინ ვერ ბრუნდება, საკირეში აღარ არსებობს სასაფლაომდე მისასვლელი გზა. სოფლის უხუცესებს მსგავსი სტიქია არ ახსოვთ.

სტიქიის შედეგად მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეც დარჩა. სტიქიისგან დაზარალებული სოფლები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი შექმნილ მდგომარეობას სავალალოს უწოდებს და მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება. აკაკი მაჭუტაძე საკირელებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი პრიორიტეტი პირველ ეტაპზე სავალი გზის აღდგენა და მოსახლეობისათვის სასმელი წყლის დროული მიწოდებაა. სოფელში დაახლოებით შუადღის 2 საათისთვის ისევ წვიმა დაიწყო. საკირელები შიშობენ, ჭარბი ნალექის შემთხვევაში დაზიანებული ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები მთლიანად არ განადგურდეს.
XS
SM
MD
LG