Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასატანი მედიაგარემო არჩევნების წინ


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ მედიამონიტორინგის ანგარიშის წარდგენა
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ მედიამონიტორინგის ანგარიშის წარდგენა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოაქვეყნეს მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშები, რომლებიდანაც ირკვევა, რომ, მთლიანობაში, მედიასაშუალებები დაბალანსებულად აშუქებდნენ წინასაარჩევნო მოვლენებს. გარდა ამისა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, თითქმის არ ჰქონია ადგილი ჟურნალისტებზე ზეწოლის, მათთვის ხელის შეშლის ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს, თუმცა ორივე ანგარიშმა აჩვენა, რომ კვლავ პრობლემად რჩება წინასაარჩევნო კამპანიების ზედაპირული გაშუქება და გასართობი პროგრამების მიკერძოებული გამოყენება ცალკეული საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის 94 პროცენტისათვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას მთავარი ყურადღება ტელემაუწყებლების საქმიანობაზეა გამახვილებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაანალიტიკოს ნანა საჯაიას თქმით, საანგარიშო პერიოდში მედიასაშუალებები, ძირითადად, დაბალანსებულად აშუქებდნენ საარჩევნო მოვლენებს. ამასთან, 2012 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, ადგილი არ ჰქონია მედიის პოლიტიკური ფულით ბომბარდირებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მასობრივ შემთხვევებს.

„2012 წელს თუ არსებობდა, მაგალითად, „მეცხრე არხი“, რომელსაც ფლობდა ოპოზიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, ოჯახი, ამ არჩევნებზე ასეთი მაგალითი არ გვქონია. ასევე ნაკლები იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტების მიმართ აწარმოებდნენ ზიზღის კამპანიას, რაც ახასიათებდა
ნანა საჯაია
ნანა საჯაია
2012 წლის არჩევნებს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც რამდენიმე ორგანიზებული ჯგუფი დასდევდა „ინფო 9“-ის ჟურნალისტებს და ხელს უშლიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში“, უთხრა ნანა საჯაიამ რადიო თავისუფლებას.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, არც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჰქონია ადგილი ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს, თუმცა, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, თვალშისაცემი იყო ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნეგატიური რეაქცია კრიტიკულ კითხვებსა და გადაცემებზე. იგულისხმება როგორც 4 ივნისის პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის მწვავე რეაქცია ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებზე და მათი დადანაშაულება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში, ასევე პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადება ვახო სანაიას გადაცემაში გამოთქმული კრიტიკის პასუხად.

„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის ზოგადი განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმოდა ლიდერების მხრიდან და მათი რეაქციები კრიტიკულ კითხვებზე. მართალია, ამ წინასაარჩევნო პერიოდში ამას არ ჰქონია მასობრივი ხასიათი და კარგია, რომ ეს არ გავრცელდა მუნიციპალიტეტებსა და სხვა საჯარო
მოხელეებზე, მაგრამ, ვფიქრობ, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი არის ძალიან აგრესიული კრიტიკულ კითხვებთან მიმართებაში, ეს არის პრობლემა და შეიძლება სხვა საჯარო მოხელეებმაც გამოიყენონ“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.

ანგარიშში ასევე შევიდა ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ხელმძღვანელობის კაბინეტებში დამონტაჟებული ფარული კამერების აღმოჩენის ფაქტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის მუქარა, რომლის ადრესატი ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე იყო. გარდა ამისა, მონიტორინგის შედეგების თანახმად, მთავრობისა და მმართველი კოალიციის წარმომადგენლები, მიპატიჟების მიუხედავად, ძალიან იშვიათად იღებდნენ მონაწილეობას ტელეკომპანია „ტაბულას“ გადაცემებში. და კიდევ, ანგარიშში ასევე ვკითხულობთ:

„გასული წლების მსგავსად, სიღრმისეული გაშუქების დეფიციტი თვალშისაცემია. მედიასაშუალებების უმეტესობის წინასაარჩევნო გაშუქება, გარკვეული გამონაკლისის გარდა, საარჩევნო სუბიექტების ყოველდღიური საქმიანობის აღწერით შემოიფარგლებოდა, სადაც ნაკლებად ისმოდა კრიტიკული კითხვები და კანდიდატების დაპირებების დეტალური ანალიზი“.
სრულიად აშკარაა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევა გასართობ პროგრამებში. მაგალითად, „პროფილში“ წარმოდგენილი იყო მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, როგორც ყველაზე საუკეთესო სასიძო, ყველაზე კარგი ოჯახის წევრი, ყველაზე კარგი სპორტსმენი და ა.შ...
ნათია კუპრაშვილი

წინასაარჩევნო კამპანიების ზედაპირულ გაშუქებაზეა ლაპარაკი „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომლის ერთ-ერთი ავტორი, ნათია კუპრაშვილი, ასევე ხაზს უსვამს პობლემას, რომელსაც პირობითად გასართობი პროგრამების მიკერძოებული გამოყენება შეიძლება ვუწოდოთ. საქმე ის არის, რომ მაუწყებლები - ძირითადად „რუსთავი ორი“ და „იმედი“ - გასართობი გადაცემების სივრცეს იყენებდნენ ამომრჩეველზე ზემოქმედების მოსახდენად.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი პირდაპირ მიუთითებს მაუწყებელს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია კანდიდატის მიწვევა გასართობ გადაცემაში, თუ არჩევნების პროცესამდე აქვს დაგეგმილი, რომ ეს პიროვნება უნდა მივიდეს გადაცემაში. მაგრამ წარმოუდგენელია, რომ „ვანოს შოუს“ წინასწარ დაეგეგმა ასმათ ტყაბლაძის მიწვევა მანამ, ვიდრე კანდიდატი გახდებოდა. სრულიად აშკარაა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევა გასართობ პროგრამებში. მაგალითად, „პროფილში“ წარმოდგენილი იყო მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, როგორც ყველაზე საუკეთესო სასიძო, ყველაზე კარგი ოჯახის წევრი, ყველაზე კარგი სპორტსმენი და ა.შ.“, უთხრა ნათია კუპრაშვილმა რადიო თავისუფლება.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ანგარიშის მიხედვით, მედიასაშუალებებმა საინფორმაციო პროგრამების არსებითი ნაწილი, ისევე როგორ წინა არჩევნებზე, ახლაც მთავრობისა და ორი ძირითადი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოღნების“ - ღინისძიებებს დაუთმეს, რაც საარჩევნო ურნებთან მისულ მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ცუდ წინაპირობას უქმნის.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG