Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა იურისტების მონიტორინგის ანგარიში


გორი
გორი
გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის პრეზენტაცია გამართა. იურისტები წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტების შესწავლას და მათზე რეაგირებას, მონიტორინგს უწევდნენ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას, შეისწავლიდნენ საარჩევნო დარღვევებს და საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტურ ორგანოებს მიმართავდნენ. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის ირიბი გამოყენება, როცა საჯარო მოხელეები არასამუშაო საათებში აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწეოდნენ. საიამ ორი საქმე გამოყო, რომლებიც, მათი აზრით, კითხვებს იწვევს. მერობის კანდიდატ თამაზ მაყაშვილის საქმეზე პროკურატურამ მოკვლევაც დაიწყო. კანდიდატს ბაზრის მოვაჭრეებთან შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ შეხვედრის ორგანიზატორი შალვა გოლოშვილი აღარ გამოჩენილა. მოგვიანებით მაყაშვილმა განაცხადა, რომ შალვა გოლოშვილზე პოლიციელებმა ზეწოლა მოახდინეს. ეს ფაქტი იურისტებთან შეხვედრისას გოლოშვილმაც დაადასტურა, მაგრამ პროკურატურაში უარყო, პროკურატურამ კი გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გოლოშვილმაც და მაყაშვილმაც ზეწოლის ფაქტი უარყვეს, რასაც მაყაშვილი არ ეთანხმება და ეს არც მის მიერ მიცემულ ჩვენებაში ფიქსირდება.

მეორე საქმეა ქალაქის ზედამხედველობის სამსახურისა და „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ სასამართლო დავა, რომელიც პლაკატების ჩამოხევა-გადაკვრას ეხება.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი შენგელია აცხადებს, რომ „ერთიანმა ოპოზიციამ“ კანონი დაარღვია და ადმინისტრაციულ ჯარიმას იმსახურებს.

მის აზრს არ იზიარებს „ერთიანი ოპოზიციიდან“ გორის მერობის კანდიდატი მამუკა ნოზაძე, რომელიც ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს მმართველი კოალიციის შეკვეთის შემსრულებლად მიიჩნევს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის აზრით, გაუგებარია, რატომ გამოარჩია ზედამხედველობის სამსახურმა „ერთიანი ოპოზიცია“, როცა მსგავს ქმედებებში სხვა პარტიებიც შემჩნეულები არიან.

ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ სამართალდარღვევათა ოქმები სხვა პარტიების მიმართაც არის შედგენილი და სასამართლო მათ უახლოეს დღეებში განიხილავს. საიას ანგარიშის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფხაზეთის“ წარმომადგენელი იამზე გოჩაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ამომრჩეველმა არჩევნების დღეს სამოქალაქო აქტივობა გამოიჩინოს.

რაც შეეხება საიას მიერ წინასაარჩევო პერიოდის შეფასებას, იურისტები აცხადებენ, რომ, სხვა ქალაქებთან შედარებით, გორში ვითარება მშვიდია, მაგრამ დაძაბულობა მაინც შესამჩნევია. 15 ივნისს საია ცხელ ხაზს აამოქმედებს და საარჩევნო დღეზე დაკვირვება მუდმივად იწარმოებს.
XS
SM
MD
LG