Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: საარჩევნო გარემო გაუარესდა


ანგარიშის წარდგენა
ანგარიშის წარდგენა
საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამოაქვეყნა წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო გარემო უფრო დაძაბული გახდა - გახშირდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა კანდიდატებზე ზეწოლა, არჩევნებში ჩართულ პირებზე თავდასხმა და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მიიჩნევენ, რომ მსგავსი ფაქტები აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და საფრთხეს უქმნის არჩევნების ჩატარებას თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში.

შეურაცხმყოფელი შეძახილებით, კვერცხების სროლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით დახვდნენ რამდენიმე რეგიონში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. სულ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონიტორინგის მიხედვით, 1 მაისიდან 10 ივნისამდე ინტერვალში, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ასოციაციის წარმომადგენლის ლელა ტალიურის თქმით, გამოვლინდა ასევე პოლიტიკური ზეწოლის 56, საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის ცხრა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და სამსახურიდან გათავისუფლების ორ-ორი ფაქტი, ლელა ტალიურით თქმით, მასშტაბური სახე მიიღო კანდიდატების მიერ რეგისტრაციის ეგრეთ წოდებულმა ნებაყოფლობითმა გაუქმებამ. 2 ივნისის მდგომარეობით, 9 რეგიონის 15 ოლქში 6 ოპოზიციური პარტიის 50-მდე კანდიდატმა - სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად - მოხსნა კანდიდატურა.

„ჩვენ შევეცადეთ, რომ გადაგვემოწმებინა ეს ყველაფერი და უნდა გითხრათ, რომ ძნელი იყო ამ ადამიანებამდე გასვლა, რადგანაც ნაწილი უარს აცხადებდა ჩვენთან კონტაქტზე, არ გვესაუბრებოდნენ და ამის გამო გვიწევდა პარტიების შტაბებთან ურთიერთობა, რომლებიც პირველწყაროზე
ლელა ტალიური
ლელა ტალიური
დაყრდნობით ფლობდნენ ინფორმაციას, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათთანაც არ გამოდიოდნენ კონტაქტზე“, უთხრა ლელა ტალიურმა რადიო თავისუფლებას.

ლელა ტალიურის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებამ ვერ შეძლო ძალადობრივი აქტებისა და დაპირისპირების შემცველი ინციდენტების სათანადო პრევენცია. ასევე უხეშად ირღვეოდა უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციები. ლელა ტალიურის თქმით, ამგვარ მძიმე ფონზე, ძალადობის უპირობო დაგმობისა და ეფექტური გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ხაზგასმის ნაცვლად, არაადეკვატური იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. ახალგაზრდა იურისტების ამ კრიტიკას არ იზიარებს მმართველი კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე, რომელიც მთავრობის სახელით გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას:

„ჩვენ, ხელისუფლება და მთავრობა, ყველა პირობას ვქმნით იმისათვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. თუ არის რაიმე ძალადობრივი ფაქტები, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, სამსახურებს, რომ დაიწყონ გამოძიება“.

თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურამ ზეწოლის 61 ფაქტიდან მხოლოდ 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. და ეს მაშინ, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხშირ შემთხვევაში ზეწოლა სამართალდამცავი ორგანოების საშუალებით ხორციელდება. ზეწოლის ნიმუშად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ასახელებს:

„მთელი დღის განმავლობაში არ გაჩერებულა მისი ტელეფონი და ყოველ 2-3 წუთში ერთხელ მისი პასუხი იყო: „არა, ჯერ ვერა“, „ჯერ ვერ მოვაწერე“, „მაცალეთ“ და ა.შ. ფაქტია, რომ ეს იყო პირდაპირი ზეწოლა და ამის დასტური იყო კიდევ ის, რომ მას შემდეგ, რაც კომისიის თავმჯდომარემ 6 საათამდე ვერ მოახერხა განკარგულებაზე ხელის მოწერა, 40 წუთის განმავლობაში მარნეულის პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს შეკეტილი ჰყავდათ სამუშაო ოთახში და არავინ იცის, რა ხდებოდა იქ და რა პირობებში მოხდა ხელმოწერა“.
ეს არჩევნები არ არის ისეთი ცუდი, როგორიც იყო 2012 წლის არჩევნები და არ არის ისეთი კარგი, როგორიც იყო 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნები. სადღაც შუაში ვართ!..
კახა კოჟორიძე

მარნეულის გამგებლობის ოპოზიციონერი კანდიდატისათვის რეგისტრაციის საეჭვო ვითარებაში გაუქმება ასევე შევიდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის რეგულაცია, რომელიც გამგებლობისა და მერობის კანდიდატებისაგან ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების ცენზს აწესებს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიების კანდიდატთა საწინააღმდეგოდ და სახელისუფლებო პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ განმარტა.

„მხედველობაში მაქვს ირაკლი ოქრუაშვილისა და მარნეულში აკმამედ იმამყულიევის საქმე, რომლიდანაც გამოჩნდა, რომ, როცა მმართველი კოალიციის კანდიდატებს ეხებოდა იმავე მუხლის ბუნდოვანი ჩანაწერი, საარჩევნო ადამინისტრაციამ მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა და რეგისტრაციაში დატოვა ეს ადამიანი (მხედველობაში მაქვს ფოთისა და რუსთავის მერობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“). როცა ეხებოდა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს, - მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილს გორში და იმამყულიევს მარნეულის რაიონში, - მათ რეგისტრაცია გაუუქმა. ვფიქრობთ, რომ არ იყო ცესკო თანმიმდევრული საკუთარ გადაწყვეტილებებში და კანონის ბუნდოვანება უნდა განემარტა კანდიდატების სასარგებლოდ“, უთხრა ლელა ტალიურმა რადიო თავისუფლებას.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშის მიხედვით, დადებითადაა შეფასებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები ხმას დისლოკაციის ნაცვლად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცემენ, თუმცა, ამის მიუხედავად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, 2013 წელთან შედარებით, საარჩევნო გარემო მაინც გაუარესდა:

„ეს არჩევნები არ არის ისეთი ცუდი, როგორიც იყო 2012 წლის არჩევნები და არ არის ისეთი კარგი, როგორიც იყო 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნები. სადღაც შუაში ვართ!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG