Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორები: თეონა სირბილაძე და თეონა მჭედლიძე

შაბათი. 17 დეკემბერი. დილის 7 საათი.
ავტომანქანის გაყინულმინებზე გაურკვეველი, თუმცა ჰარმონიული ფიგურებია გამოკვეთილი.
მძღოლი დრო და დრო მარილიან ჩვარს უსვამს საქარე მინას.
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვაკუუმში ხარ. სამყაროსგან, ყოველდღიურობისგან შორს,- მოწყვეტილი, მაგრამ სიცივე მაინც არ გაძლევს იდუმალების ბოლომდე შეგრძნების ფუფუნებას და ისეთი ფიქრები მოაქვს, სიტყვა “ნასოფლარის” გაგონებისას რომ აწვალებს- ხოლმე ადამიანის გონებას. ასეა, იქ სადაც ადრე სოფლები იყო, დღეს ხშირია ნასოფლარები, უკეთეს შემთხვევაში ოთხი- ხუთი ადამიანი თუ ცხოვრობს. ერთ-ერთი გვიდაქეა.
მთიულეთისთვის დამახასიათებელი ფიქალით ნაგები სახლებით, ცამდე აზიდული მთებით, ციცაბო ფერდობებით, ყინვამორეული თოვლიანი მწვერვალებით, ალაგ-ალაგ აჭრელებული ალპური მდელოებით, კლდიდან გადმოსული და ზედვე შეყინული წყლით, რომელიც ახლა უკვე რძისფერია...
ამ ყველაფრის ხილვას, ბუნებასთან სულით ხორცამდე სიახლოვეს შეუძლია ჭკუიდან გადაიყვანოს ადამიანი...
აქ მზე ჰორიზონტის მერე ვეებერთელა წრულუას, მზორენს და ხონთრუას უნდა ამოსცდეს, სოფლის სამ კომლს თავისი არსებობა რომ შეახსენოს. თუმცა ვასიკო პაპამ მის ცაზე ხეტიალს რომ უცადოს, საქმე დაუგვიანდება. უწინ, თურმე, მის ქვით ნაშენებ სახლში 38 სული ცხოვრობდა, დღეს კი ის და მისი ქალბატონები ჯიუტად ებრძვიან დროს და საუკუნოვანი ყოფის ზღვარზე, ჩვეული სიმშვიდით განაგრძობენ სამყაროში ამ სახით არსებობას.
ოჯახის უფროსმა ქრისტეშობას 90-ე წელი შეასრულა. არ ტრაბახობს, სიამაყის განცდა კი ნამდვლად აქვს გულში. წინაპართა ნათქვამს იშველიებს:- იშვიათია, გლეხ-კაცს ასეთ განსაკუთრებულ დღეს რომ ეყოლოს შვილი, ეგ ან დაგამხობს, ან აგაშენებსო. შეძლებისდაგვარად ანებივრებს თავისასაკსმიტანებულ მეუღლეს და 94 წლის დას. ადგომას ვერავინ დაასწრებს. დილის 7 საათიდან ფხიზლობს, საწოლს საგულდაგულოდ ასწორებს, მერე პირუტყვს უვლის, ჟანგისგან შეჭმულ ღუმელს ანთებს და ოჯახის დანარჩენი ორი წევრის გაღვიძებას ელოდება. საუზმეზეც, სადილსა და ვახშამზეც ას გრამ არაყს გამოწერილი წამალივით სვამს.
თანამედროვეობასთან ყველაზე მწყრალად ლიზაა. ძმისა და რძლისგან განსხვავებით, ვერც ტელევიზორს შეეჩვია და ვერც ტელეფონს გაუგო რამე. ეგ კი არა, ბოლო დროს, თურმე, იმაზე დარდი აეკვიატა, აღარაფრის მაქნისი ვარ და ოჯახს ტვირთად ვაწევარო.. ჰგონია, რომ სამყაროს ბურთივით გაეჩხირა ყელში ან ხორცმეტივით მიეტმასნა ნაფერებ სხეულზე. ჩვენ რომ გვკითხოთ, ასე სულაც არაა: არაგვის ხეობის სუსხით შემცივნებულებს დილაუთენია ჩაითაც გაგვიმასპინძლდა და ხაჭოს კვერების გამოცხობაშიც მიეხმარა დიასახლისს. ერთ რამედ ღირს იმის ნახვა, როგორ ეფიცხება მოხუცი ქალბატონი შუა ცაზე შეცურებულ მზეს, ნაოჭასხმულ ქუთუთოებს დაბლა ხრის და ინაბება.
ვასიკო პაპა საინფორმაციო გამოშვებას თუ შეავლებს ხოლმე თვალს (დანარჩენი სამყარო მხოლოდ “რუსთავი2- ისა” და “იმედის” საშუალებით აღწევს მათ სახლებში), ისიც საღამოს 7 საათამდე, მერე უნდა მოისვენოს, ღამეს ფიქრები შეაგებოს და მოთმინებით დაელოდოს გარიჟრაჟს, თუმცა დროდადრო გრძნობს ხოლმე, როგორ მტკივნეულად ჭვალავს მოძველებული სიახლით სავსე სამყარო გულის მხარეს, მარცხნივ და ეღვიძება.
სერიალებისთვის დროის გამონახვას მხოლოდ ნინა ახერხებს. ამ ასაკში ხელსაქმეს მოეშვა, ხალიჩები და წლების წინ დამუშავებული თექა, ახლა მხოლოდ მეორე სართულის კედლებს აფერადებს.
ოთახში დასჯილი ბავშვივითაა ატუზული პირდაუბანელი ღუმელი, რომელსაც ძველი ემალის ჩაიდანი ზედ თავზე აზის. წყობიდან გამოსული რადიოსთვის კი ქვის თაროზე მიუჩენიათ ადგილი. მტვრიანიმუყაოსფერია ჟურნალ- გაზეთების წყობა მის გვერდით- დიდი ხანია მათთვის აღარავის მოუცლია.
ვასიკო პაპა და მისი კნეინა დღის განმავლობაში რამდენჯერმე ასწრებენ კინკლაობას, თუმცა სერიოზული უთანხმოება თანაცხოვრების მანძილზე ჯერ არ ჰქონიათ. ან კი როგორ უნდა იჩხუბო, როცა გარემო საპირისპიროსკენ განგაწყობს.
აქ დრო ნელა გადის, იმდენად ნელა, რომ ზამთარი სამის ნაცვლად შვიდ თვეს გრძელდება. როგორც მასპინძლები ამბობენ: “მკაცრი ზამთარი იცის”. ზოგჯერ სამი მეტრი თოვლიც მოდის და სამყაროსგან ისედაც მოწყვეტილ სოფელს საერთოდ ავიწყებს სხვების არსებობას. ამ დროს “ზოვებიც ხშირია და წყალიც დიდობს ხოლმე”, თუმცა ნუგეშად კვირია ჰყავთ, ამინდის ანგელოზი,- შესთხოვენ და გამოიდარებს. წელს ყინვამ ცოტა ადრიანად მოუჭირა და ხეხილი სანახევროდ ხეებზევე შეჭირხლა...
ზაფხული გრილია, ზოგჯერ ცივიც. სოფელი კი, თითქმის, ისეთივე ჩუმი და იდუმალი, როგორც დანარჩენ თვეებში. დროდადრო შვილიშვილები თუ აამოძრავებენ ხოლმე ფოტოსურათზე გამოსახული კადრივით გაშეშებულ ერთფეროვნებას.
აქაურები მხოლოდ ერთმანეთის ხმაურს და მოძრაობას არიან შეჩვეულნი.
ჩვენგან მარჯვნივ, დაკიდებულ ფერდობზე თეთრი ძაღლის გამოჩენამ თვალსაც კი დაურღვია ჰარმონიის შეგრძნება.
ასე, შორიდან მას სოფლის ყველა მცხოვრები იცნობს, თუმცა ახლოდან კარგახანია არ უნახავთ,- მას შემდეგ რაც აქაურები კლდიდან გადაჩეხილი ახალგაზრდა მონადირის სუნთქვაშეჩერებულ სხეულთან მიიყვანა, მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებენ: როცა ვასიკო პაპას მეზობელს, ტარიელს შუაღამისას სახლში შეუვარდა და მანამ ექაჩებოდა შარვალზე, სანამ სოფლის ორღობემდე არ გაიყვანა. იქ მისულ მთიულს შიშველი ხელებით მოუხდა იერიშზე წამოსული გაავებული მგლის დახრჩობა. მკერდზე მისი ბრჭყალების ნაკვალევი დღემდე ატყვია, თუმცა ამის გარეშეც არ არის ტარიელი სხვების მსავსი.
ხშირ წარბებში ღრმად ჩამჯდარი წარბებიდან წამოსულმა მისმა მზერამ რამდენჯერმე გადაგვირბინა სახეზე. მერე მოგვიახლოვდა. ალბათ, მას შემდეგ, რაც ჩვენს კეთილგანწყობაში დარწმუნდა, სტუმრადაც მიგვიპატიჟა.
სახლს ქალის ხელი აკლდა. რძის სუნით გაჭღენთილი კედლები წითლად იყო შეფერილი. იატაკს აქა-იქღა შერჩენოდა მოშვინდისფრო საღებავი. ტარიელს თავად უწევს ყველა იმ საქმის კეთება, რაც ვასიკო პაპასთან ქალებს (ნინას და ლიზას) ევალებათ.
მეზობლები ერთმანეთს ხელს უმართავენ და ეხმარებიან, მითუმეტეს, რომ სოფელში არც მაღაზიაა და არც აფთიაქი. ძირითადად, მაინც რძის პროდუქტებით იკვებებიან. ჰყავთ 15 სული ძროხა, 6 სული ცხვარი და რამდენიმე ქათამი. ვერსად ნახავთ ღორს. კითხვაზე: - რატომ? კითხვაზე ყველა ერთხმად და გულწრფელად გვპასუხობს: - ხატი გვიწყენს!
გულწრფელობა არც სხვა მხრივ მორიდებიათ და რასაც ერთმანეთს ვერ ეუბნებიან, ჩვენ გაგვიმხილეს:
თურმე, დეკანოზი ნიკოლოზი, მაინც და მაინც თვალში არ მოსდით, თუმცა ამის მიუხედავად, მის საქმიანობას აფასებენ და პატივსც სცემენ.
კოლა 46 წელია დეკანოზია. მისი კურთხევის გარეშე მთის სალოცავებში არცერთი დღეობა არ იმართება. ახლა ცოტა შეუძლოდაა, მაგრამ ავადმყოფობას ხალხური მეთოდით ებრძვის და ტანზე ცხვრის ტყავი აქვს შემოკრული, “ფილტვებს ასე უფრო უხდება”.
მზე ჯერ ცის თავზე არაა ამოწვერილი, სიმაღლისგან გაამაყებული სადამპლის რუ თავისკენ რომ ექაჩება და ერთიანად ითრევს დაკბილულსხეულში.
აქ ჩამოსულებს ჩვენსავით უკვირთ, რომ დღის 3-4 საათზე სოფელი ისევ მთების ჩრდილში ექცევა, მზისგან გახალისებული და ცვარმოკიდებული ბალახი ისევ გაყინვას იწყებს და, თითქოს, ჰაერიც ნაცრისფერდება.
მერე ბინდდება, ნისლი უფრო და უფრო ეკვრის გულში დედამიწას...
ავტომანქანის მინები, ისევ სუსხის თარეშით ირთვება. ჩასხდომამდე კიდევ ერთხელ მოვავლეთ თვალი გვიდაქეს. მთვარე არ იყო, ჯერ წრულუას ჰყავდა დატყვევებული. Mხოლოდ აქა-იქ შემორჩენილი თოვლი ანათებდა სოფლის შუკაში გამოსულთა სახეებს.
მძღოლი დროდადრო დასწვდება ხოლმე მარილიან ჩვარს, სიცივეც არ აძლევს გონებას მოდუნების საშუალებას და ათასნაირი ფიქრით ახელებს. ალბათ, აქაურები ისევ ისე გააგრძელებენ ცხოვრებას: დაეხმარებიან ერთმანეთს, პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიანობას, აიღებენ სოციალურ დახმარებას, დილით მზეს დაასწრებენ ფაცი-ფუცს, საღამოს კი, მთვარის ამოსვლამდე, საქმისგან დაღლილები საინფორმაციოსაც შეავლებენ თვალს. ალბათ, კიდევ ესტუმრება ასეთ გარემოს შეუჩვეველი ხალხი, მათი დროის საზომიც ასცდება აქაურთა დროის საზომს და ალბათ ისინიც ჩვენსავით დაუსრულებლად უტრიალებენ ერთ დიდ კითხვის ნიშანს, რომელსაც სულ სხვა ცხოვრება ჰქვია...
“- ლამპიონები, გზა გამოჩნდა!..” მძღოლის სიტყვები…ძველ განზომილებაში გვაბრუნებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG