Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში მცხოვრებმა დევნილებმა ხმა მშვიდობას მისცეს


არჩევნები გორში
არჩევნები გორში
გორის 32-ე საარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდად და სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. დამკვირვებლები მხოლოდ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ. პირველი ბრალდება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ გაისმა. მათი თქმით, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს აქტიურად იყენებს. „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი კახა ტოლიაშვილი სოფელ ატენის რწმუნებულს ნუგზარ მძინარაშვილს ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი კოტე თავზარაშვილი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, სოფლების რწმუნებულები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები, რომ საარჩევნო პროცესში არ ჩარეულიყვნენ.

15 საათის მონაცემებით გორის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ამომრჩეველთა 25 პროცენტმა გამოხატა საკუთარი ნება. პოლიტიკური პარტიებიც და დამკვირვებლებიც აღნიშნავენ, რომ ეს ძალიან დაბალი აქტივობაა. საოლქო კომისიაში ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ერთი საჩივარი უკვე დაწერა, საქმე ეხება მე-3 საარჩევნო უბაზე პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას. არასამთავრობო ორგანიზაცია კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს.

შედარებით მაღალი აქტივობა იყო 101-ე საარჩევნო უბანში, სადაც ხმას ლიახვის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა აძლევს. მაია გელიაშვილი აცხადებს, რომ დევნილების მიმართ ხელისუფლების ყურადღება მოდუნებულია, ამიტომ მომავალმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.

ამალია გორგიშელმა ხმა მშვიდობას და დევნილთა პრობლემების მოგვარებას მისცა. მისი აზრით ახალმა ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის დავალიანებების დაფარვისას დევნილებს დახმარება უნდა აღმოუჩინოს.

წელს გორში პირდაპირი წესით პირველად ირჩევენ მერს, ასევე არჩეული იქნება გორის თემის გამგებელიც. გორის მერობისთვის შვიდი, ხოლო გამგებლობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის. გორის საკრებულოში ათი კაცი პროპორციული სისტემით ხუთი კი მაჟორიტარული წესით აირჩევა. 32-ე საარჩევნო ოლქის 107 უბანში 104, 517 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
XS
SM
MD
LG