Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისი ნიშანია არჩევნების მეორე ტური


15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, მართალია, ყველგან კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლიდერობენ, მაგრამ თვითმმართველი ქალაქების ნახევარზე მეტში, დიდი ალბათობით, მერების ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურია მოსალოდნელი 10-ზე მეტი თვითმმართველი თემის გამგებლის შემთხვევაშიც. რატომ გამოიკვეთა ასეთი აუცილებლობა და რაზე მიანიშნებს მეორე ტურის საჭიროება - მმართველი პოლიტიკური ძალის სისუსტესა თუ დემოკრატიის განვითარებაზე?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა პირველსავე ტურში გაიმარჯვეს 4 თვითმმართველ ქალაქში. ესენია: ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე და ამბროლაური. 12 თვითმმართველი ქალაქიდან არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ჩატარდება დარჩენილ 8 ქალაქში: თბილისში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმში. აქედან 4 ქალაქში მერობისთვის ”ქართული ოცნების” კანდიდატებს, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან, ხოლო დარჩენილ ასევე 4 ქალაქში მმართველ კოალიციას სხვა ოპოზიური პარტიები შეეჯიბრებიან.

ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, მართალია, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ნიკანორ მელიას თითქმის 20%-ით უსწრებს, მაგრამ ”ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ნარმანიამ ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა, რაც აუცილებელი იყო გამარჯვების პირველსავე ტურში მოსაპოვებლად. თუმცა მმართველ კოალიციას ეჭვი არ ეპარება, რომ, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს, როდესაც მეორე ტური გაიმართება, დავით ნარმანია აუცილებლად გახდება დედაქალაქის მერი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა,რომ აღნიშნული ბარიერის - უპრეცედენტოდ მაღალი ბარიერის - შემოღებით იქნებოდა ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე ოლქში გამართულიყო მეორე ტური, მაგრამ ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ექსპერიმენტზე...
ირაკლი ღარიბაშვილი


საქართველოს პრემიერ-მინისტრს - კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს -სჯერა, რომ მეორე ტურისთვის აუცილებლად გაიზრდება ამომრჩევლების მოტივაცია და ისინი უფრო მობილიზებულად მისცემენ ხმას სასურველ კანდიდატებს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 50%-იანი ბარიერის დაწესებით ამჟამინდელი ხელისუფლება შეგნებულად წავიდა რთული გზით, რომელზე სიარულიც, წაგების შიშით, ვერც ერთმა წინამორბედმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ გაბედა:

”ჩვენ, რა თქმა უნდა, თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა,რომ აღნიშნული ბარიერის - უპრეცედენტოდ მაღალი ბარიერის - შემოღებით იქნებოდა ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე ოლქში გამართულიყო მეორე ტური, მაგრამ ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ექსპერიმენტზე, ასე ვთქვათ. ვინაიდან ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ხალხი შევაჩვიოთ დემოკრატიულ არჩევნებს და ხალხს მივცეთ საშუალება, რომ მათ აირჩიონ რეალურად მათთვის სასურველი კანდიდატები... ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ ღირდა, სწორედ ამიტომ არის გამართლებული მეორე ტური”.

პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ხალხმა ყოველგვარი ძალდატანებისა და ზეწოლის გარეშე კონკრეტულ კანდიდატებს მისცა ხმა და არა პარტიებს და რომ მეორე ტური არათუ ტრაგედია არ არის, არამედ, პირიქით, ”ეს ძალიან კარგია ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის”.

შეუძლებელია წარუმატებლობასა და მართვის უცოდინრობას დავარქვათ დემოკრატიის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები, - ამბობს ჩვენთან საუბრისას კახი კახიშვილი, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი. მისი აზრით, რომ არა მმართველობისას დაშვებული ამდენი შეცდომა, „ქართულ ოცნება“ 50%-იანი ბარიერის გადალახვასაც აბსოლუტურად ყველგან უპრობლემოდ მოახერხებდა:


’ქართულმა ოცნებამ’ უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ მისი რეიტინგი ნელ-ნელა მცირდება და 2016 წელს არჩევნებზე იქნება საკმაოდ რთული ვითარება, თუკი ის არ გადადგამს საკმაოდ მკვეთრ და რეალურ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ქვეყანაში როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მდგომარეობა გამოსწორდეს...
ვახტანგ ძაბირაძე
”ამას მივაწერ თვითკმაყოფილებას, კომუნიკაციის არარსებობას, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილის გაგრძელებას - პრემიების გამოწერასა და ფუფუნების საგნების ყიდვას და ამას ვაბრალებ ასევე იმას, რომ, ძირითადად, ვისაც ეს ხელისუფლება უსმენდა, იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“. ხალხთან კომუნიკაცია მან შეწყვიტა... როდესაც ამდენი ხნის მანძილზე არავისი არ გესმის, ყველაზე დიდი ამოცანა რაც იყო, ქონების დაბრუნება, არ გინდა ეს გააკეთო, როდესაც გადასული ხარ საკუთარი თავისთვის ფუფუნების საგნების შექმნაზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, - მაპატიეთ, მაგრამ გინახავთ, რომ ასეთ ხელისუფლებას სადმე მოეგოს?!”

კახი კახიშვილი თვლის, რომ 2014 წლის 15 ივნისს ამომრჩეველმა მიანიშნა ხელისუფლებას, - მათ შორის, დაბალი აქტივობითაც, - რომ საპარლამენტო არჩევნებზე ”ავანსად გაცემული ნდობის მანდატი იწურება” და რომ მმართველობის სტილი აუცილებლად გადასახედია. კახიშვილის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა არათუ მოტივაციის შექმნა, არამედ საკუთარი მოტივირებული ამომრჩევლის მიყვანა არჩევნებზე, მაშინ როცა ეს შესანიშნავად მოახერხა, მაგალითად, ”ნაციონალურმა მოძრაობამ”.

ამომრჩევლის მესიჯებზე ლაპარაკობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძეც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ”ქართულ ოცნებას” მართებს დაფიქრება, თუ რატომ არ იაქტიურა მისმა ამომრჩეველმა და რატომ ვერ იქნა მიღწეული უპირობო გამარჯვება:

„’ქართულმა ოცნებამ’ უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ მისი რეიტინგი ნელ-ნელა მცირდება და 2016 წელს არჩევნებზე იქნება საკმაოდ რთული ვითარება, თუკი ის არ გადადგამს საკმაოდ მკვეთრ და რეალურ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ქვეყანაში როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მდგომარეობა გამოსწორდეს”.

არაერთი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, ვახტანგ ძაბირაძეც მიიჩნევს, რომ, ზოგადად, მეორე ტური ძალიან კარგი მოვლენა იქნება საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც წაადგება როგორც ქვეყანას, ასევე მთლიანად საზოგადოებას და რომ ეს დემოკრატიის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ასპექტია. ამასთან, ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ მეორე ტურში გამარჯვების რეალური შანსი ”ქართული ოცნების” ხელშია, თუმცა მმართველი კოალიციის მიერ ამ ეტაპისთვის მიღწეული არცთუ სახარბიელო შედეგები სიგნალია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც, რომ არჩევნები არ გაყალბებულა ძველებურად.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG