Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუკმაყოფილებელი საჩივრების გამო საია სასამართლოს მიმართავს


გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა. 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების დროს საოლქო კომისიაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან 35 საჩივარი შევიდა. კომისიამ ამ საჩივრების დიდი ნაწილი დააკმაყოფილა. კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს, რომ დაუკმაყოფილებელი საჩივრების შესახებ დავა სასამართლოში გრძელდება.

საოლქო საარჩევნო კომისიაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 17 საჩივარი შეიტანა. კომისიამ ნაწილი დააკმაყოფილა. საია 4 საარჩევნო უბანზე კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნების ადმინისტრაციული წესით დასჯას მოითხოვდა. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ გადასწორებული ოქმების გამო შეტანილი საჩივრები საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა, რის გამოც სასამართლოს მიმართეს.

საიას გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც“ მიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენელი თეა თედლიაშვილი აცხადებს, რომ კომისიამ 9 წარდგენილი საჩივრიდან 8 დააკმაყოფილა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საოლქო კომისიის უარის შემდეგ გორის სასამართლოს მიმართა, თუმცა ადგილობრივმა სასამართლომ ეს საჩივრები განუხილველად დატოვა. ამიტომ საია ახლა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. გორის საოლქო კომისიაში კი ყველა სამართლებრივი პროცედურის დასრულებას ელოდებიან, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადონ. კომისია ბოლო ვადებით ისარგებლებს და შედეგებს 26 ივნისს გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG