Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში ბევრი დაიწერა ღაზის სექტორში გამწვავებულ ვითარებასა და ისრაელის შეტევაზე. კვირის ბოლოს, პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპული იყო 1,500-მდე პალესტინელი, ძირითადად სამოქალაქო პირი. ისრაელის მხრიდან დაიღუპა 63 სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი. კვირის დასაწყისში - ორშაბათს, 28 ივლისს - გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ წერდა: „აშშ-მა დაკარგა გავლენა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე, ეგვიპტე კი აღარ შეიძლება ჩაითვალოს ჰამასთან მიმართებით შუამავალ ძალად. ახლა სურათში ყატარი და თურქეთი ფიგურირებენ, თუმცა, ისრაელის საწინააღმდეგო ტირადებით ისინი საკუთრივ პრობლემის ნაწილი უფრო არიან, ვიდრე მისი გადაწყვეტის. ამდენად, კონფლიქტის ბედი ახლა ძალთა თავისუფალ ურთიერთმიმართებაზეა დამოკიდებული. იმის გამო, რომ დიპლომატიური გადაწყვეტის პერსპექტივა არ ჩანს, კონფლიქტი მხოლოდ მეტოქეების მიერ დანაკარგისა და მოგების აწონ-დაწონის შედეგად შეიძლება დასრულდეს“.

28 ივლისს ჰააგის კომერციულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქტივების უკანონოდ მითვისებაში. სასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებს 50 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. მოსკოვი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. პრესა აქტიურად გამოეხმაურა ამ ამბავს. იტალიაში გამომავალი ბიზნესგამოცემა „ილ სოლე ვენტიკვატრო ორე“ სამშაბათს, 29 ივლისს, წერდა: „ეკონომიკური შედეგების გარდა, რაც, თანხის ოდენობის გათვალისწინებით, რუსეთის მსგავსი გიგანტისთვისაც კი მტკივნეულია, განაჩენს პოლიტიკური განზომილებაც აქვს. ის უპრეცედენტოდ მკაფიოდ უსვამს ხაზს რუსეთის სახელმწიფოს უკანონო ქმედებებს და სასამართლო სისტემის მთავრობის სამსახურში ყოფნას. და ეს ხდება იმ დროს, როცა უკრაინის დრამატულმა მოვლენებმა და ამსტერდამიდან მიმავალი მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ გააძლიერა შიში, რომ რუსეთის იმპერიალიზმი მორიგ ჯერზე განიცდის აღზევებას“.

მიმდინარე კვირაში ბევრი დაიწერა იმ სანქციებზეც, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა. 28-წევრიანი ბლოკი სამშაბათს შეთანხმდა მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტზე, რომლის სამიზნეები მოიცავს საბანკო, თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორებს. საფრანგეთის მემარცხენე-ლიბერალური ყოველდღიური გამოცემა „ლიბერასიონი“ ოთხშაბათს, 30 ივლისს, წერდა: „ეს სანქციები გამართლებულია. მალაიზიის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდება, რაც, საფუძვლიანი ვარაუდით, რუსეთის რაკეტით მოხდა, უბრალოდ, პუტინის აგრესიული პოლიტიკის კულმინაციას წარმოადგენს. ეს პოლიტიკა კვლავ აკვირვებს და აბნევს ევროპის ლიდერებს, რომლებსაც სწამდათ, რომ მათი კონტინენტი პერმანენტული მშვიდობის გზაზე იყო. ამ ახალი პარადიგმის წინაშე აღმოჩენისას, ევროკავშირმა - კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აშშ-მა - უნდა გადახედოს მოსკოვის მიმართ გატარებულ პოლიტიკას. რასაკვირველია, საუბარი არ არის „თვალი თვალის წილ“ და „ომი ომის წილ“ მიდგომაზე. მაგრამ აუცილებელია ყველა პოლიტიკური, დიპლომატიური, კომერციული და ეკონომიკური ბერკეტის გამოყენება საიმისოდ, რომ რუსეთმა, მისმა ლიდერებმა და ელიტებმა დაინახონ რუსეთის იზოლაციისა და აგრესიულობის ფასი“.

რუსეთმა უპასუხა დაწესებულ სანქციებს და განაცხადა, რომ ფასს გაზრდის ენერგეტიკაზე. ამასთან, მოსკოვმა აკრძალა პოლონეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი. პოლონეთში გამომავალი „ნიუსვიკ პოლსკა“ ხუთშაბათს, 31 ივლისს, წერდა: „ევროკავშირის ახალი სანქციები პუტინს მყისიერად ვერ დაანგრევს, მაგრამ, როგორც იქნა, ახლა ის ევროპას ნამდვილად სერიოზულად აღიქვამს. რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ მკაცრი ენა ესმის. მართალია, მან დაუყოვნებლივ შემოიღო კონტრზომები, მაგრამ ევროპა და აშშ ბოლოს მაინც უფრო ძლიერები იქნებიან. საბოლოო ანგარიშით, კრემლს მოუწევს უკრაინაში ომისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის გადახდა. ევროპა უწინ არასოდეს დამდგარა მოსკოვის წინააღმდეგ ასეთ მკაფიო პოზიციაზე. ... რუსეთი, რომელსაც ახლა სანქციები დაეკისრა, სულ უფრო და უფრო მეტად ხდება ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო წესებს უგულებელყოფს. მაშინაც კი, თუკი პუტინი სრულმასშტაბიან სავაჭრო ომს წამოიწყებს, გადაკეტავს გაზის მიწოდებას და გააფართოებს ემბარგოს ევროკავშირის ხილზე, ხორცსა და სხვა პროდუქციაზე, საბოლოო ანგარიშით, ზარალი მაინც რუსებს მიადგებათ, ვინაიდან რუსეთის სოფლის მეურნეობის სექტორი არ არის საკმარისი და ვერ დააკმაყოფილებს 140 მილიონი მცხოვრების საჭიროებებს“.

XS
SM
MD
LG