Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი გაეროში - აქცენტი დევნილებზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 22 სექტემბერს გაეროს შტაბბინაში გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა „მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე". იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნება და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება იყო პრემიერის გამოსვლის მთავარი აქცენტი. ღარიბაშვილმა ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზეც ილაპარაკა. გაეროს 69-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი მაღალი დონის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს მთავრობაში ასევე იმედოვნებენ, რომ გაერო მიიღებს რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რომელსაც წელს უფრო მეტი ქვეყანა დაუჭერს მხარს.

გაეროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა დროის კონფლიქტების გამო საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები 450 000 იძულებით გადაადგილებული პირი ახსენა და განაცხადა, რომ, მიუხედავად გარკვეული მიღწევებისა, ქვეყანაში დევნილების საკითხი კვლავაც გამოწვევად რჩება:

„კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დევნილების საკითხი. კონფლიქტის რამდენიმე ტალღის გამო საქართველოში 450,000-ზე მეტი ადამიანია იძულებით გადაადგილებული. დღემდე დარღვეულია მათი საკუთარ სახლებში, წარმომავლობის ადგილებში დაბრუნების უფლება, რადგან ვერ კმაყოფილდება მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები.

უფრო ცოტა ქალი იღუპება მშობიარობისას, გაიზარდა არასასურველი ორსულობის პრევენციის ფაქტები, გაფართოვდა ახალგაზრდების შესაძლებლობები. თუმცა, გაცილებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. გასულ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყება...
ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის ძირითად მიზნად რჩება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ რამდენიმე სხვადასხვა გეგმას მოცემული მიზნის მისაღწევად, თუმცა, ამ მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება“.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ოთხწუთიან გამოსვლაში ბოლო 20 წლის განმავლობაში, სამოქმედო პროგრამის მიღების შემდეგ, საქართველოს მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება. მიღწევები კი ეხება მშობიარობის დროს ქალთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას, საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებს, შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირებას და ა.შ.

„უფრო ცოტა ქალი იღუპება მშობიარობისას, გაიზარდა არასასურველი ორსულობის პრევენციის ფაქტები, გაფართოვდა ახალგაზრდების შესაძლებლობები. თუმცა, გაცილებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. გასულ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყება, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს თითოეული მოქალაქე ამბულატორიული, სტაციონარული და გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო მომსახურების საბაზისო პაკეტით. საქართველოს აქვს ასევე ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სტრატეგია, რომლის ძირითადი აქცენტები მიმართულია ღარიბი და სოციალურად დაუცველი ადამიანების დაცვასა და ხანდაზმულ ასაკში სიღარიბისაგან დაცვაზე.

2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. შემდგომ, 2014 წლის იანვარში, საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი სამოქმედო გეგმა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის შესახებ. ჩემმა ქვეყანამ განახორციელა რამდენიმე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ინიციატივა ადამიანის უფლებათა სფეროს მოსაწესრიგებლად, 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის, 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ჩათვლით“.

ლტოლვილების თემა გაეროს ფორმატში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ყოველწლიურად გააქვს რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მათი და იძულებით გაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ, ამიტომ მხარდაჭერის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს მთავარ ამოცანასაც ეს წარმოადგენს...
მაია ფანჯიკიძე

პრემიერის გამოსვლას გაეროში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ღარიბაშვილმა სწორი აქცენტები დასვა ქვეყანაში არსებული გამოწვევების და უკვე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თუ სხვა რეფორმების შესახებ: „მან ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომებლიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და განსაკუთრებით ხაზი გაესვა ჯანდაცვის იმ სოციალურ პაკეტს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს".

პარალელურად, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რამდენიმე ათეული შეხვედრა ექნება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესაც. ამ შეხვედრების შედეგები აისახება დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთ რაოდენობაზეც. თავად მაია ფანჯიკიძის განცხადებით, 193 ქვეყნიდან რეზოლუციას მხარს ამ ეტაპზე 69 ქვეყანა უჭერს, თუმცა მას იმედი აქვს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.

„ლტოლვილების თემა გაეროს ფორმატში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ყოველწლიურად გააქვს რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მათი და იძულებით გაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ, ამიტომ მხარდაჭერის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს მთავარ ამოცანასაც ეს წარმოადგენს“.

შეგახსენებთ, რომ რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან ყოველ წელს გადის კენჭისყრაზე და მას თავდაპირველად სულ 16 მხარდამჭერი ჰყავდა, 2012 წელს რეზოლუციას 60 ქვეყანა უჭერდა მხარს, 2013 წელს - 63. რეზოლუციას წმინდა ჰუმანიტარული მნიშვნელობა აქვს. ის გმობს ძალადობრივი გზით დემოგრაფიული ცვლილებების განხორციელებას და ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნებას. რეზოლუცია კიდევ ერთხელ განამტკიცებს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებას და გამოკვეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუზღუდავი მუშაობის მნიშვნელობას.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ პრემიერმა თავის გამოსვლაში მეტ-ნაკლებად სწორი აქცენტები დასვა, თუმცა როდესაც მან 450 000 იძულებით გადაადგილებული პირი ახსენა, იქვე უნდა ეხსენებინა, თუ რომელი ქვეყანა გახდა მათი საკუთარი სახლებიდან გამოდევნის მიზეზი.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილიც აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა დევნილებზე საუბრისას პრემიერს ჰქონოდა უფრო მწვავე მესიჯები რუსეთის მიმართ.

როგორი იქნება გაეროში პრემიერ ღარიბაშვილის მთავარი გამოსვლის პოლიტიკური ნაწილი და მესიჯები საერთაშორისო საზოგადოებისადმი, ამას 26 სექტემბერს შევიტყობთ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG