Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქ კობანიში ებრძვიან "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს


სირიელი ქურთების ქალაქ კობანიში მიმდინარეობს ბრძოლა ქურთ მეომრებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ექსტრემისტებს შორის. მანამდე, ორშაბათს, ექსტრემისტებმა დაიპყრეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციები კობანის აღმოსავლეთით მდებარე გარეუბნებთან. ამასობაში ექსტრემისტებმა წინ წაიწიეს სირიელი ქურთების ქალაქის სამხრეთისა და დასავლეთისაკენ. კობანი თურქეთთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ადგილობრივი ქურთების წარმომადგენელმა, იდრის ნაასანმა ჩვენს რადიოსთან საუბარში აღნიშნა, რომ სამშაბათს დაიწყო შეტაკებები კობანის ქუჩებში: „ახლა ვითარება შეიცვალა აღმოსავლეთ გარეუბნებში შეტაკებებიდან - საკუთრივ კობანის ქუჩებში შეტაკებებით. სამხედრო თვალსაზრისით ვითარება ძალიან მძიმეა. „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქს ბომბავს და ასეთი ინტენსიური შეტაკებების გამო ხალხი თურქეთში გაიქცა. აქ ხალხს ძალიან მძიმე ვითარებაში უწევს ცხოვრება. და თურქეთის ტერიტორიაზეც - ჰუმანიტარული ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ აუცილებელ მომარაგებას“, - უთხრა ჩვენს რადიოს კობანელი ქურთების წარმომადგენელმა. თვითმხილველების მონათხრობზე დაყრდნობით იუწყებიან ასევე, რომ წუხელ საჰაერო იერიში განახორციელეს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საბრძოლო თვითმფრინავებმა. მაგრამ სირიელი ქურთი მეამბოხეები ამბობენ, რომ საჰაერო იერიშებს არ შეუჩერებია ექსტრემისტების წინსვლა.

XS
SM
MD
LG