Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურა შეიქმნება


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

საქართველო მზად არის ნატოს ინფრასტრუქტურის განსათავსებლად თავის ტერიტორიაზე - ამ შინაარსის განცხადება 9 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. გეგმა, რომელსაც ნატოს უელსის სამიტზე მიღებული ”არსებითი პაკეტი” ითვალისწინებს, კატეგორიულად მიუღებელია მოსკოვისთვის. რუსეთის საგარეო უწყება მოსალოდნელ საფრთხეებზე ლაპარაკობს. რას უნდა მოელოდეს საქართველო შექმნილ სიტუაციაში?

როგორც თავდაცვის მინისტრმა ხუთშაბათს უთხრა ჟურნალისტებს, საქართველომ ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა, კონკრეტული გეგმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ორშაბათს გადაგზავნა და ახლა ”უახლოეს ერთ თვეში” ელოდება თანხმობას ნატოს წევრი ქვეყნებიდან. ირაკლი ალასანია საზოგადოებას ჰპირდება, რომ დეტალებთან დაკავშირებული ცნობისმოყვარეობა სწორედ ნატოს წევრი ქვეყნებიდან მიღებული თანხმობის შემდეგ დაკმაყოფილდება. მანამდე კი მინისტრი გარკვევით ამბობს, რომ საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება გადაწყვეტილია და რომ ეს აუცილებელია საქართველოს უსაფრთხოებისთვის:

”ეს არის ნატოს სამიტზე მიღწეული შეთანხმება. საქართველო-ნატოს პაკეტი სწორედ ამას ემსახურება, რომ საქართველოში გაიხსნას ნატოს ინფრასტრუქტურა, - საქართველოსთან ერთად, ბუნებრივია, - რომ ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები სამხედროებმა და ამით ავამაღლოთ შეკავების ფაქტორი იმ აგრესიისა, რომელიც რუსეთიდან მოდის და, ასევე, ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა”.

რუსეთმა გამოხატა შეშფოთება საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებულ იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება ნატოს ინტერესების შესაბამისად...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოჰყვა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 29-ე რაუნდის დასრულების კვალდაკვალ გამოქვეყნებულ განცხადებაში გაფრთხილება და ერთგვარი მუქარა იგრძნობა:

”რუსეთმა გამოხატა შეშფოთება საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებულ იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება ნატოს ინტერესების შესაბამისად. ასეთი ქმედება საფრთხეს შეუქმნიდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია”.

იმავე განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მოთხოვნაზე აპელირებს და იუწყება, რომ ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამო უფრო აქტუალური ხდება საკითხი, რომ ძალის არგამოყენების იურიდიულად დამავალდებულებელი ხელშეკრულება საქართველომ გააფორმოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან. ეს მიდგომა უცვლელად მიუღებელია თბილისისთვის, რომელიც რუსეთს უკვე მერამდენედ განუმარტავს, რომ საქართველოს სამშვიდობო დაპირება ცალმხრივად არაერთხელ აქვს დადებული და რომ ახლა იგივე უნდა გააკეთოს რუსეთმა.

დღეს დავამტკიცეთ არსებითი პაკეტი საქართველოსთვის, რომელიც მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ტრენინგებს, წვრთნებს, განმტკიცებულ კავშირს და ურთიერთთავსებადობის გაძლიერებულ შესაძლებლობებს. ეს ზომები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისა და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობების გაძლიერებას...
ნატო

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ზალკალიანს უკვირს, თუ რატომ აკავშირებს რუსეთი ნატოს თემას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საფრთხეს რეგიონში თავად რუსეთი ქმნის:

”ჟენევა ნატოსთან დაკავშირებული არ არის. ჟენევას აქვს თავისი დღის წესრიგი, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი კონკრეტული საკითხები და ნატო ჟენევასთან კავშირში არ არის. აქედან გამომდინარე, იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა რუსეთის ფედერაციამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ, პირიქით, რუსეთის სამხედრო ყოფნა და საქართველოს ოკუპაცია არის საფრთხე რეგიონის სტაბილურობისთვის”.

თბილისი მიესალმება ნატოს კიდევ უფრო გააქტიურებას საქართველოში, რაც ნატოს ბოლო სამიტის მონაპოვრად მიიჩნევა. გავიხსენოთ, რომ სამიტზე, რომელსაც 4-5 სექტემბერს უელსის ქალაქი ნიუპორტი მასპინძლობდა, საქართველომ ვერ მიიღო ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), მაგრამ, სამაგიეროდ, მიიღო ”არსებითი პაკეტი”. სამიტის მიწურულს დამტკიცებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის შეთავაზებული ”არსებითი პაკეტი” ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების მიზნის მიღწევაშიც დაეხმარება. ამონარიდი დეკლარაციიდან:

„დღეს დავამტკიცეთ არსებითი პაკეტი საქართველოსთვის, რომელიც მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ტრენინგებს, წვრთნებს, განმტკიცებულ კავშირს და ურთიერთთავსებადობის გაძლიერებულ შესაძლებლობებს. ეს ზომები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისა და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც დაეხმარება საქართველოს წინ წაიწიოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში”.

ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში მნიშვნელოვან, უალტერნატივო გადაწყვეტილებად მიიჩნევენ ექსპერტები. მაგალითად, როგორც პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ასეთ ნაბიჯს საფრთხეების შეკავების ძალაც ექნება:

”როდესაც ქვეყანაში იარსებებს - ბაზა იქნება ეს თუ რაღაც დამატებითი ცენტრი, სადაც რეგულარულად იქნება გარკვეული რაოდენობა წარმოდგენილი ნატოს შეიარაღებული ძალების პერსონალისა - ოფიცრებისა, სამხედროებისა - და მუდმივად იქნება აქტივობები აქ, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი. ნატოს პერსონალის წინააღმდეგ სამხედრო კონფრონტაცია უცილობლად გამოიწვევს იმას, რომ ნატო იქნება უფრო მეტად ჩართული ამ საკითხში და, შესაბამისად, რუსეთისთვის რისკები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სხვაგვარად იქნებოდა”.

ლევან ცუცქირიძეს არ უკვირს, რომ, უცვლელი საგარეო პოლიტიკური ხედვებიდან და რეგიონში ბატონობის სურვილიდან გამომდინარე, რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს დაახლოებას ნატოსთან. პოლიტოლოგი მოელის სხვადასხვა სახის ზეწოლას რუსეთის მხრიდან, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ნატოსთან სიახლოვე ერთი სწორი არჩევანია და რომ გამოწვევებს საქართველო მტკიცე და სტაბილური განვითარებით უნდა დაუპირისპირდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG