Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა


საქართველოს ხელისუფლება გმობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმებას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევასაც ითხოვს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ დოკუმენტს იურიდიული ძალა არა აქვს, თუმცა, ამავე დროს, აუცილებლად მიიჩნევს საერთაშორისო რეაგირებას. საერთაშორისო დონეზე მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ოპოზიცია. "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულებას" ხელი სოჭში მოაწერეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. ხელშეკრულებას მოწინააღმდეგეები ჰყავს აფხაზეთშიც. პარტია „ამცახარა“მიიჩნევს, რომ აფხაზეთი სუვერენიტეტს დაკარგავს და რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდება.

იმ დროს, როცა სოჭში რუსეთის ფედერაციისა და თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტები "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულებას აწერდნენ ხელს, სოხუმში ხელშეკრულების გაფორმების მოწინააღმდგეების აქცია იმართებოდა. პარტია „ამცახარას“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისული ახრა გიბისკირი და დაურ ჭითანავა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში იმ საფრთხეებზე საუბრობდნენ, რასაც, მათი შეფასებით, ხელშეკრულება უქადით:

„მე ვეწინააღმდეგები ხელშეკრულების ამ სახით ხელმოწერას, რომლითაც ილახება აფხაზეთის ინტერესები და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია“.

ჩვენი ქვეყანა საკმაო დროის განმავლობაში განიცდიდა მნიშვნელოვან სირთულეებს და დღეს ჩვენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ახალ ფაზაში შევდივართ. ჩვენ, ეჭვგარეშეა, გავაფართოებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც ადრეც გვეძლეოდა რუსეთის ფედერაციისგან...
რაულ ხაჯიმბა

„ხალხი გარკვეულწილად უკმაყოფილოა, ანუ არის გარკვეული შიში ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი საფრთხე აფხაზური ენის განვითარების მუხლს უკავშირდება. ჩემთვის, როგორც აფხაზისთვის, ცოტა გაუგებარია, ამ საკითხებით რატომ უნდა იყოს დაკავებული რუსეთის ფედერაცია. კიდევ, ალბათ, თავდაცვის საკითხი - ეს გვაღელვებს. როგორ შეაფასებს ამას საერთაშორისო თანემეგობრობა და, ზოგადად, ჩვენი მომავლისთვის ეს როგორ გამოჩნდება, ვინ უხელმძღვანელებს: ჩვენ ვუხელმძღვანელებთ ამ გაერთიანებულ სამხედრო შენაერთებს თუ სხვა გვიკარნახებს როგორ დავიცვათ თავი და ხომ არ მოხდება ისე, რომ თუ საქართველო რუსეთთან მოილაპარაკებს, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ შეიარაღებულ ძალებს, რომლისთვისაც ხელსაყრელი იქნება ქართული მხარის პოზიცია. აი, სწორედ თავდაცვა აღელვებს ყველას“.

თუმცა სოჭში გამართული შეხვედრისას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გამოთქვა რწმენა, რომ ხელშეკრულებით, რომელიც ათი წლის ვადით გაფორმდა და რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ვადის გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს, აფხაზეთის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაა შესაძლებელი:

„ჩვენი ქვეყანა საკმაო დროის განმავლობაში განიცდიდა მნიშვნელოვან სირთულეებს და დღეს ჩვენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ახალ ფაზაში შევდივართ. ჩვენ, ეჭვგარეშეა, გავაფართოებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც ადრეც გვეძლეოდა რუსეთის ფედერაციისგან, რაც მოიცავს როგორც უსაფრთხოების, ასევე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს“.

აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ წარმატებით ვითარდება, ჩვენ საკმაოდ კარგი ნორმატიული ბაზა გვაქვს. ამასთან, ჩვენი ექსპერტები და პარლამენტის წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია მივიღოთ დამატებით ზომები...
ვლადიმირ პუტინი

თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების განსახორციელებლად აფხაზეთისთვის დაგეგმილია 5 მილიარდი რუსული რუბლის გამოყოფა. მისივე სიტყვებით, ასევე შესაძლებელია ტრანზიტული სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელება სოხუმი-თბილისის მიმართულებით, რომელიც, ერთი მხრივ, სომხეთს და, მეორე მხრივ, რუსეთს დაუკავშირდება:

„აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ წარმატებით ვითარდება, ჩვენ საკმაოდ კარგი ნორმატიული ბაზა გვაქვს. ამასთან, ჩვენი ექსპერტები და პარლამენტის წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია მივიღოთ დამატებით ზომები, რათა შეიქმნას საუკეთესო პირობები ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად, ასევე იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ აფხაზეთის უსაფრთხოება. ჩვენ ვიცით, რომ დაგეგმილია სწორედ დახმარების გაორმაგება, გასულ და მიმდინარე წელთან შედარებით“.

მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. საქართველოს მთავრობა გმობს ამ უკანონო ქმედებას...
თამარ ბერუჩაშვილი

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმებას საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. ამ ხელშეკრულების ხელმოწერას ექნება ნეგატიური გავლენა უსაფრთხოების მდგომარეობაზე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. ამასთან, მისი თქმით, ამ ხელშეკრულებას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, შესაბამისად, მას არასდროს არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. თამარ ბერუჩაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს დაგმონ რუსეთის ფედერაციის ეს ქმედება:

„მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. საქართველოს მთავრობა გმობს ამ უკანონო ქმედებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას“.

თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვაც. ესიყო ოპოზიციის ერთ-ერთი რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ხელისუფლებას 3 პუნქტისგან შემდგარი სამოქმედო გეგმა შესთავაზა:

„პირველი, დაუყოვნებლივ მიუერთდეს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და იმუშაოს იმაზე, რომ ამ სანქციებს შორის მოხვდეს საქართველოს ანექსიაც; მეორე, დაუყოვნებლივ მოვითხოვოთ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც განხილული იქნება ანექსიის საკითხი; ასევე ავამოქმედოთ ბერკეტები ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში; მომზადდეს სარჩელები საერთაშორისო სასამართლოებში და, მესამე, გაუქმდეს ან გაიყინოს დროში განუსაზღვრელი ვადით ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი“.

დაახლოებით მსგავსი ინიციატივით გამოვიდა მოგვიანებით „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და განაცხადა, რომ სამინისტროში შემუშავებულიც იყო სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს კომიტეტებში ანტიანექსიური სტრატეგიის განხილვას.

დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმებას, შეაფასა ის როგორც აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსია და საზოგადოებას საკითხთან დაკავშირებით კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.

ექსპერტები კი რუსეთზე ზემოქმედების სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავენ, მაგრამ, როგორც კონფლიქტოლოგი ლევან გერაძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე მაინც არ ღირს აბაშიძე-კარასინის ფორმატზე უარის თქმა. მისივე თქმით, ამ ფონზე საქართველომ უნდა გააძლიეროს არაღიარების პოლიტიკა და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო აზრის მობილიზება მოახდინოს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG