Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და ევროკავშირის დელეგაციის წევრები ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოიანს შეხვდნენ და სირიიდან დევნილთა თავშესაფარი დაათვალიერეს. გავრცელებული ინფორმაციით მოგერინის უნდა დაერწმუნებინა თურქეთის ხელისუფლება, რომ ამ უკანასკნელმა არ შეარყიოს ევროკავშირის მიერ შემუშავებული ეკონომიკური სანქციების პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. ცნობილია, რომ ანკარა არ უერთდება დასავლეთში სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ, ევროკავშირი შეაშფოთა დეკემბრის დასაწყისში პუტინ-ერდოანის შეხვედრის დროს ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში ხელმოწერილმა შეთანხმებებმა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი და აშშ-ი ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გამო რუსეთთან ეკონომიკურ სანქციების რეჟიმში იმყოფებიან. თუმცა, თურქეთის საგარეო საქმეთაა მინისტრ აჰმეთ ჯავუშოღლუსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამ საკითხზე კონკრეტულად არაფერი უთქვამს. „რაც შეეხება კონკრეტულად თურქეთის როლს, ამაზე ჩვენ მოკლედ ვიმსჯელეთ, მაგრამ შევიტანეთ იმ მომავალი შეხვედრების დღის წესრიგში, რომელზეც „სამხრეთ დერეფნის“ საკითხში კოორდინირება უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მარშრუტების, არამედ ძირითადად ჩვენი ენერგომატარებლების მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებისათვის, რასაც დარწმუნებული ვარ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპისთვის, ისე თურქეთისთვის. ეს იქნება სამომავლო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთი პუნქტი.“ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ თურქეთში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთიანი მოქმედების თაობაზეც ისაუბრა.

XS
SM
MD
LG