Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცავებმა ორასამდე ადამიანი გამოიყვანეს თოვლში ჩარჩენილი ავტომობილებიდან


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო გზაში ჩარჩენილი ავტომობილებიდან სამართალდამცავებმა გამოიყვანეს ორასამდე ადამიანი, მათ შორის მცრეწლოვანი ბავშვები და მოხუცები. საქართველოს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, მგზავრები დროებით გადაიყვანეს ადგილობრივი პოლიციელების სახლებში. საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის გასაწმენდად საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობს. გზის ამ მონაკვეთის გარდა, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო შეზღუდვებია საქართველოს კიდევ რამდენიმე საავტომობილო მაგისტრალზე. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო ამავე გზის დარიალის ხეობის მონაკვეთზე ავტომანქანებს გაჩერება ეკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო მიმოსვლა შეზღუდულია ტყიბული-ამბროლაურის გზაზეც, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, სხვა სახის ავტომობილებისთვის კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უნდა გამოიყენონ. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმის დაცვას ზედამხედველობას და კოორდინაციას საპატრულო პოლიცია უწევს.

XS
SM
MD
LG