Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში გაიმართა იოჰანეს ჰანისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრა


ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესდავით უსუფაშვილს და პარლამენტის წევრებს. შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკომისართან ისაუბრეს როლზე, რომელსაც პარლამენტი ასრულებს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში. დავით უსუფაშვილის თქმით, საუბარი იყო იმის შესახებაც თუ კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტამდე ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულოს ევროკავშირის კიდევ 15-მდე ქვეყანამ. „იოჰანეს ჰანისგან მივიღეთ ძალიან მაღალი შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მთავარი ამოცანა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში სერიოზული პროგრესის მიღწევაა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ძალიან მალე დადგება დრო, როცა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას საქართველოს მოქალაქეებისთვის სიტყვა ვიზა აქტუალური აღარ იქნება.“ ევროკომისარი იოჰანეს ჰანი თბილისს 15 იანვარს საღამოს ესტუმრა და პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს 44 მილიონ 500 ათასი ევროს გრანტს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებისთვის. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების გაძლიერებას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.

XS
SM
MD
LG