Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათარგმნი წიგნების მოსავალი


2014 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 10-ზე მეტ ქვეყანაში 28 საერთაშორისო მთარგმნელობითი პროექტი განხორციელდა. საერთო ჯამში, ითარგმნა 40-მდე ქართველი ავტორის ნაწარმოები ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, თურქულ, ბერძნულ, არაბულ, ებრაულ, მაკედონიურ, უკრაინულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე. 22 იანვარს კულტურის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე სწორედ 2014 წელს ნათარგმნი ქართული ლიტერატურის მოსავალი დაითვალეს და 2015-ში, სულ მცირე, 50-მდე ახალი წიგნის თარგმნის ამბავიც დააანონსეს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის დეა მეტრეველის წინ, მაგიდაზე, სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი 28 წიგნია გაშლილი. 28-ვე 2014 წელს ითარგმნა და გამოიცა - ზოგი გერმანიაში, ზოგი ამერიკაში, ზოგი თურქეთში, ზოგი ისრაელში... ვისაც ლიტერატურა უყვარს და ლიტერატურულ პროცესებსაც თვალს აქტიურად ადევნებს, მისთვის ეს ავტორები და მათი ნაწარმოებები კარგად ნაცნობია. ნათარგმნი წიგნების რიცხვი, როგორც დეა მეტრეველი ამბობს, 2015 წელს გაიზრდება:

„ჩვენ ყველანი ვემზადებით 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის პროექტისათვის, მაგრამ საქართველო რომც არ გამხდარიყო საპატიო სტუმარი ქვეყანა, ეს საქმე, რასაც ლიტერატურის თარგმნა და პოპულარიზაცია ჰქვია, ისედაც სახელმწიფოს გასაკეთებელია და პრიორიტეტი უნდა იყოს. ფრანკფურტის მიღმაც ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

რამდენი ქართველი ავტორის წიგნი იქნება ნათარგმნი უცხოურ ენებზე 2018 წლისთვის, როცა საქართველო ფრანფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება, ზუსტი რაოდენობა ჯერ არ ვიცით, თუმცა ნათარგმნი წიგნებისა და ქართული ლიტერატურით დაინტერესებული გამომცემლობების რიცხვი ნელა, მაგრამ მაინც ყოველ წელს იზრდება.

დეა მეტრეველი
დეა მეტრეველი

2014 წელს კი ითარგმნა და გამოიცა: გერმანიაში - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ქართული ლიტერატურის ანთოლოგია, მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“, ალექსანდრე ყაზბეგის „ელისო“, ვაჟა-ფშაველას მოთხრობები, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, აშშ-ში - ერლომ ახვლედიანის „ვანო და ნიკო“, დათო ბარბაქაძის პოეტური კრებული „ნატურმორტი თოვლში“, თამაზ ჭილაძის „ბრეიგელის მთვარე“, მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“, ანა კორძაია-სამადაშვილის „მე, მარგარიტა“, იტალიაში - ქართული პოეზიის ანთოლოგია, ზაზა ბურჭულაძის „ადიბასი“, ბასა ჯანიკაშვილის „აბსურდისტანი“, თურქეთში - ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“, ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“, ზურაბ ქარუმიძის „Dagny or a Love Feast”, საბერძნეთში - დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, უკრაინაში - ბასა ჯანიკაშვილის „ომობანა“, რუსეთში - ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზი“, თამთა მელაშვილის „გათვლა“, ისრაელში - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, მაკედონიაში - ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“ და „თეთრი ბაირაღები“, ეგვიპტეში - ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითი“, სომხეთში - ირაკლი სამსონაძის „ყურთბალიში“, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, აზერბაიჯანში - აკა მორჩილაძის „გადაფრენა მადათოვზე და უკან“.

დეა მეტრეველი გვეუბნება, რომ ქართულ თარგმანებს წამყვან ევროპულ გამოცემებში უკვე არაერთი საინტერესო გამოხმაურებაც მოჰყვა. მაგალითად, ქართველ ავტორებზე დაიწერა გერმანულ „შპიგელსა“ თუ ბრიტანულ „ინდიპენდენტში“. 2018 წლამდე ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს.

თავად ავტორებისათვის კი აქტუალურ შეკითხვად რჩება: როგორ უნდა ითარგმნოს და გამოიცეს მათი ნაწარმოები უცხოეთში, ვინ წყვეტს ამ საკითხს, ვინ არჩევს მწერლებს. დეა მეტრეველი განმარტავს, რომ წიგნის ეროვნული ცენტრი და კულტურის სამინისტრო ამ პროცესში ბოლოს ერთვება, როცა ავტორს და მის ქართველ გამომცემელს უცხოელ გამომცემელთან წიგნის დასტამბვაზე უკვე აქვთ შეთანხმება მიღწეული:

„ავტორების და მათი ნაწარმოებების შერჩევის პროცესში კულტურის სამინისტრო და წიგნის ეროვნული ცენტრი არ ერევა. გარანტორი, რომ ამა თუ ამ ავტორის ნაწარმოები ითარგმნოს და საზღვარგარეთ გამოიცეს, არის გამომცემელი, მთარგმნელი და ლიტერატურული აგენტი, თუკი ასეთი ჰყავს ავტორს. სწორედ ისინი უნდა გააქტიურდნენ, რომ მეტი უცხოელი გამომცემელი დაინტერესდეს ქართული ლიტერატურით. ჩვენ ამ პროცესში ვერთვებით მაშინ, როცა შეთანხმება მიღწეულია და ვაფინანსებთ უკვე თარგმანებს“.

აი, ახლა 2018 წლისთვის ვემზადებით და მგონია, რომ ერთგვარად შეტევითი პოლიტიკაც უნდა ჰქოდნეს კულტურის სამინისტროსა და სააგენტოს, ეცადოს ჩართოს ამ პროცესში უცხოეთში საქართველოს საელჩოები, რომ ისინიც დაგვეხმარონ, გააქტიურდნენ, ხელი შეგვიწყონ ჩვენი მწერლების უკეთესად წარმოჩენაში...
მარიამ წიკლაური

იტალიაში, როგორც ზემოთაც ვთქვით, გამოიცა ქართული პოეზიის მცირე ანთოლოგია, რომელში შესული ლექსებიც ნუნუ გელაძემ თარგმნა. ავტორებს შორის იყო პოეტი მარიამ წიკლაურიც, რომელიც ამბობს, რომ პოეტური კრებულების გამოცემას უცხოელი გამომცემლები მისი არაკომერციულობის გამო ძალიან ერიდებიან, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ამჯერად გამომცემლის მოთხოვნა იყო შერჩეულიყო ყოველ ათწლეულზე ოთხი ავტორი - ორი ქალი, ორიც მამაკაცი. ამ პირობის გათვალისწინებით, ცხადია, ყველა ავტორი წიგნში ვერ მოხვდა. მარიამ წიკლაური ფიქრობს, რომ არა მხოლოდ პოეზიის თარგმანის პოპულარიზაციის, არამედ, ზოგადად, საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის უკეთესად წარმოჩენისათვის კიდევ უფრო გასამძაფრებელია სტრატეგია. მაგალითად, მისი წინადადებაა, მეტად იაქტიურონ საქართველოს საელჩოების კულტურის ატაშეებმა ან უფრო ხშირად მიიღონ მონაწილეობა ქართველმა მწერლებმა სხვადასხვა ღონისძიებებში უცხოეთში:

„აი, ახლა 2018 წლისთვის ვემზადებით და მგონია, რომ ერთგვარად შეტევითი პოლიტიკაც უნდა ჰქოდნეს კულტურის სამინისტროსა და სააგენტოს, ეცადოს ჩართოს ამ პროცესში უცხოეთში საქართველოს საელჩოები, რომ ისინიც დაგვეხმარონ, გააქტიურდნენ, ხელი შეგვიწყონ ჩვენი მწერლების უკეთესად წარმოჩენაში. იქნებ ამ საქმეში ჩაერთონ სხვა წარმატებული ქართველებიც, ვინც უცხოეთში ცხოვრობს და თავისი წვლილის შეტანა შეუძლია - ზოგი უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, ზოგი სამეცნიერო წრეებშია დამკვიდრებული, იქნებ მათ გავაგებინოთ ჩვენი პრობლემა. ვთხოვოთ, რომ რაღაცნაირად პოპულარიზაცია გაუკეთონ ჩვენს ავტორებს. ბესიკ ხარანაული რომ გამოვა აუდიტორიის წინაშე და ისაუბრებს, გივი ალხაზიშვილი თუ ვახტანგ ჯავახაძე, სხვებიც, თანამედროვე ავტორებიც, ეს ამ პროცესს ხომ შეუწყობს ხელს, დაინტერესება ხომ გაიზრდება? მგონია, რომ სწორედ ასეთი აქტივობები უნდა გახდეს იმ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც უნდა გვქონდეს 2018 წლისათვის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის“.

ლევან ბრეგაძე
ლევან ბრეგაძე

„შვლის ნუკრის ნაამბობი“, „სათაგური“, „მთანი მაღალნი“ და სხვა მოთხრობები შევიდა ვაჟა- ფშაველას გერმანულენოვანი თარგმანების კრებულში, რომლის ავტორიც გერმანიაში მცხოვრები გიორგი ბრეგაძე გახლავთ. ის ლიტერატურის ცნობილი კრიტიკოსისა და მთარგმნელის, ლევან ბრეგაძის ვაჟია. უცხო ენებზე ნათარგმნი წიგნების პრეზენტაციას კულტურის სამინისტროში სწორედ ლევან ბრეგაძე ესწრებოდა და მან მოგვითხრო, პროფესიით ეკონომისტმა მისმა ვაჟმა, რომელსაც ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ვაჟას შემოქმედება, როგორ დაიწყო მისი ნაწარმოებების თარგმნა გერმანულ ენაზე. ვილაპარაკეთ თარგმანის მნიშვნელობაზეც:

„თარგმანი არაჩვეულებრივი მოვლენაა. ის საინტერესოა იმით, რომ ჩვენი ლიტერატურა გადის საზღვარგარეთ, იქაური კი ჩვენთან შემოდის. ეს აუცილებელი ურთიერთობაა, რომელიც ხალხებს ეხმარება გაუგონ ერთმანეთს.. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთარგმნიდით ბერძნებს, ევროპულ ლიტერატურას, რაღაც პერიოდში ეს პროცესი შენელდა, ახლა ისევ არის ძვრები. ვფიქრობ, კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს. ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ქართულ კულტურას - არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ ზოგადად - აქვს რამდენიმე თვისება, რაც დღეს მსოფლიოს სჭირდება. ერთს დავასახელებ: აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კულტურული ურთიერთობები ძალიან გამძაფრდა და ანტაგონისტურიც კი გახდა, ქართული კულტურა კი კარგი მაგალითია იმისა, რომ ეს დაპირისპირება ანტაგონისტური არ იყოს და განსხვავებები მხოლოდ დაეხმაროს ერებს იმაში, რომ უკეთ შეიცნონ საკუთარი თავი და კულტურა“.

ბესო ხვედელიძე
ბესო ხვედელიძე

საკუთარ გამოცდილებაზე მოგვითხრობს მწერალი ბესო ხვედელიძეც, რომლის მოთხრობების კრებული უკვე გამოიცა გერმანულ ენაზე.მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინგლისურ დ ამერიკულ გამომცემლობებთან. მაშინ კი, სულ თავიდან, მისი მოთხრობა „თაგვის გემო“ გერმანულად ითარგმნა და მანანა თანდაშვილის ხელშეწყობით მომზადებულ მცირე ანთოლოგიაში შევიდა, რომელსაც „პოსტსაბჭოთა შპაგატი“ ერქვა:

„ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა კრებული. მანანა თანდაშვილის დახმარებით, ერთი გამომცემლობაც დავაინტერესეთ. წიგნი გამოიცა. ეს იყო ლაიფციგის გამომცემლობა, რომელმაც ამ წიგნის დაბეჭდვა ითავა და ასე დაიძრა ეს პროცესი. რაღაც ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს საზღვრები გაარღვიე და გახვედი. წიგნს და მწერალს ხომ მეტი სივრცე სჭირდება, რამდენიმე ადამიანისთვის არ წერ და ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ეს შესაძლებლობა გიღებს იმ ფანჯარას, რაც აქ არ გვაქვს, რაც აქ ჩაკეტილია. ამის შემდეგ დაინტერესება სხვა გამომცემლობებიდანაც წამოვიდა“.

წიგნის ეროვნულ ცენტრს კი უკვე რამდენიმე თვეა გამოცხადებული აქვს კონკურსი საცდელ თარგმანებზე. საკონკურსო განაცხადების მიღება თებერვალში იწურება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი გამარჯვებული პროექტები. მომავალი წლის ლიტერატურული მოსავლის შეფასებისას სხვა წიგნების გვერდით ეს თარგმანებიც შეიძლება აღმოჩნდეს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG