Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების დელეგაცია საქართველოში


ვიქტორია ნულანდი და გიორგი მარგველაშვილი
ვიქტორია ნულანდი და გიორგი მარგველაშვილი

17 თებერვალს თბილისს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ესტუმრა, მათ შორის, თეთრი სახლის წარმომადგენლები თავდაცვის დეპარტამენტიდან, სამოქალაქო და სამხედრო კუთხით, და, ასევე, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მაღალჩინოსნები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდნენ.

ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიქტორია ნულანდმა ბრიფინგი გამართა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერაზე ილაპარაკა:

„ჩვენ გვინდა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ კურსსა და სწრაფვას ევროპისა და ევროატლანტიკური მიმართულებით.

მინდა საქართველოს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთისა და სხვა საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან უსაფრთხოების კუთხით“.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა საქართველოს მხარი დაუჭიროს რეფორმების, ეკონომიკური განვითარებისა და სხვა კუთხითაც. ნულანდმა ილაპარაკა იმის შესახებაც, რომ ამერიკა ძალიან აქტიურად დაეხმარება საქართველოს ნატოს არსებითი პაკეტის დანერგვაში 2015 წელს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსა და უკრაინის ისტორიაში, რადგან ორივე ქვეყანა ცდილობს გაიკვალოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. მე მოვუწოდებდი საქართველოსა და უკრაინის ყველა მოქალაქეს, რომ ამ პროცესში ერთმანეთს მხარი დაუჭირონ...
ვიქტორია ნულანდი

ვიქტორია ნულანდმა ყურადღება გაამახვილა ცვლილებებზეც მართლმსაჯულების კუთხით. მისი თქმით, კანონის უზენაესობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული, რათა საქართველომ დემოკრატიულად განვითარება გააგრძელოს. მან აღნიშნა, რომ აშშ მიესალმება მთავრობის ინიციატივას გატარდეს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა.

ნულანდი შეეხო საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის საკითხსაც. საქმე ეხება პროკურატურის მოთხოვნას, უკრაინამ საქართველოს გადმოსცეს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. ვიქტორია ნულანდის თქმით, ეს ორი ქვეყნის შეთანხმების საკითხია:

„უკრაინა ეძებს გამოცდილ ექსპერტებს საერთაშორისო არენაზე... ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსა და უკრაინის ისტორიაში, რადგან ორივე ქვეყანა ცდილობს გაიკვალოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. მე მოვუწოდებდი საქართველოსა და უკრაინის ყველა მოქალაქეს, რომ ამ პროცესში ერთმანეთს მხარი დაუჭირონ“.

ვიქტორია ნულანდის თქმით, საქართველომ 2015 წელი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს - გააძლიეროს რეფორმები და სწრაფვა ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ, 18 თებერვალს, ბაქოში გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG