Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავუბრუნოთ „სალაყბო“ ხალხს


წლებია თბილისელები უშედეგოდ მოითხოვენ გაიხსნას ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე სკვერი, ე. წ. სალაყბო ბაღი, რომელიც მას შემდეგ შემოიღობა და დაიხურა, რაც თბილისის მერიამ საკუთრებაში გადასცა საქართველოს საპატრიარქოს. ძველ ქალაქში, ისტორიული სალაყბოს ტერიტორიაზე მდებარე პატარა სკვერი, თბილისელების თავშეყრის საყვარელი ადგილი, დღეს, მართალია, კარგად მოვლილი და დასუფთავებულია, მაგრამ მის ტერიტორიაზე ბავშვებისა და მათი მშობლების ნაცვლად დააბიჯებს უზარმაზარი კავკასიური ნაგაზი, რომელიც მზისგან გათანგულ თბილისელებს სკვერთან მიახლოების სურვილს უკარგავს. რას კარგავენ თბილისელები სკვერის დახურვით და რა უშლის ხელს მის გახსნას?

ვასილ ჩხიტუნიძე ყოველ დილით ეტლით ასეირნებს პატარა ქეთევანს. ბაბუა და შვილიშვილი იძულებული არიან წრეები დაარტყან დაკეტილ სკვერს და მზის მწველ სხივებს ერეკლე მეორის ვიწრო ქუჩაში დაემალონ:

„არ უნდა იყოს დაკეტილი! აქ ჩემს ბავშვობაში ჩამოვდიოდით ხოლმე და ვერთობოდით, მაგრამ ახლა შეუძლებელია... რისი ეშინიათ, რა უნდა მოხდეს? რას დააშავებს აქ ადამიანი, დაჯდება და დაისვენებს... ახლა კი ტყუილად არის ეს სკამები. ისიც კი გასაკვირია, ვინ არის წინააღმდეგი ამ სკვერის გახსნის. ამბობენ, საპატრიარქოს ეკუთვნისო. ძალიან მიკვირს, რომ საპატრიარქომ აქამდე არ გახსნა, ძალიან მიკვირის!“

ხეებია, სიმწვანეა, სიჩუმეა, გზისგან შორსაა... ერთი სიტყვით, მშვენიერი ადგილია, მაგრამ რატომღაც სულ ასეა დაკეტილი და ეს ძაღლი წევს სულ აქ. თან, პრობლემაა ისიც, რომ ახლომახლოში სხვა დასასვენებელი ადგილი არ არის...
თამარ დროზდოვა

ვასილ ჩხიტუნიძის მსგავსად, გაკვირვებას და უკმაყოვილებას ვერ მალავს ახალგაზრდა დედა თამარ დროზდოვა, რომელიც პატარა ნოესთან ერთად ვერ ბედავს შემოღობილი სკვერის ალაყაფის კართან მიახლოებას, თუმცა ძალიან მოსწონს იქაურობა:

„ხეებია, სიმწვანეა, სიჩუმეა, გზისგან შორსაა... ერთი სიტყვით, მშვენიერი ადგილია, მაგრამ რატომღაც სულ ასეა დაკეტილი და ეს ძაღლი წევს სულ აქ. თან, პრობლემაა ისიც, რომ ახლომახლოში სხვა დასასვენებელი ადგილი არ არის. ერთი ყოფილ პიონერთა სასახლესთან არის და მეორე ალექსანდრეს ბაღია, რომელიც აქედან ძალიან შორსაა“.

ძველი ქალაქის ამ ნაწილში ეს პატარა ბაღი მართლაც ერთადერთი გამწვანებული ადგილია, სადაც, რომ არა მაღალი ღობე და რკინის დახურული კარი, დასვენება და სულის მოთქმა შეიძლება. 2006 წლის 25 სექტემბრიდან დაახლოებით 1 300 კვადრატული მეტრი ფართობის ეს სკვერი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სკვერი საპატრიარქოს გადაეცა "საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის" კონსტიტუციური შეთანხმებისა და თბილისის მთავრობის 2000 წლის 13 იანვრის დადგენილების საფუძველზე. ორი წლის წინ, როცა სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა სკვერის გახსნა მოითხოვა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა:

ყოველ საღამოს ხან ერთი ხის ძირში იყო ცეცხლი დანთებული და ხან - მეორის. ეყარა ნახმარი შპრიცები და იკრიბებოდნენ ლოთები... ხე მანდ აღარ იყო და ბაღი. როცა ჩვენს საკუთრებაში გადმოვიდა, შემოვღობეთდა მოვუარეთ...
კახაბერ მახათაძე

„ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სკვერში სვამდნენ და ანაგვიანებდნენ მას. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ბაღის დაკეტვის გადაწყვეტილება მიეღო საპატრიარქოს. ვფიქრობ, მომავალში სკვერი გაიხსნება და მას დაცვა ეყოლება".

თუმცა ამ განცხადებიდან ორი წლის შემდეგ სკვერში შესასვლელი ორივე კარი ბოქლომითაა დაკეტილი. ვითარებაში გასარკვევად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომელს კახაბერ მახათაძეს, რომელიც იურიდიულ და ქონებრივ საკითხებზე მუშაობს.

„ყოველ საღამოს ხან ერთი ხის ძირში იყო ცეცხლი დანთებული და ხან - მეორის. ეყარა ნახმარი შპრიცები და იკრიბებოდნენ ლოთები... ხე მანდ აღარ იყო და ბაღი. როცა ჩვენს საკუთრებაში გადმოვიდა, შემოვღობეთდა მოვუარეთ. შიგნით ქვაფენილი დავაგეთ, ხეები და ყვავილები დავრგეთ, ბალახი დავთესეთ... ერთი სიტყვით, ვუვლით და ვპატრონობთ. ჩვენი საკუთრება შემოღობილი და დაცული გვაქვს და ეს რატომ არის გასაკვირი, ვერ ვხვდები. ახლა რომ გავხსნათ, ისევ ისეთი სიტუაცია შეიქმნება, როგორიც იყო. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ დაცვა დავაყენოთ და თუ ვინმე დაცვას დააყენებს და ხელფასს გადაუხდის, ვფიქრობ, წინააღმდეგი არავინ იქნება“, უთხრა კახაბერ მახათაძემ რადიო თავისუფლებას.

იმ ფაქტს, რომ ბაღის ტერიტორიაზე მართლაც იყო ანტისანიტარია, არ უარყოფენ ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც წლებია მოითხოვენ სკვერის გახსნას, თუმცა „პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე მიიჩნევს, რომ სკვერის დაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს:

ნატა ფერაძე
ნატა ფერაძე

„ეს არ არის გამოსავალი! მაშინ მთელი ქვეყანა უნდა დავკეტოთ. მით უფრო, რომ ახლა ნაგავი ყრია პარკის გარშემო. არავინ არ ალაგებს. იქაურობა მოსვრილია ძაღლების ფეკალიებითა და ნახმარი ბოთლებით. ამ სკვერის გარშემო კი წრეებს ურტყამენ ბავშვები და მათი მშობლები. ერთი სიტყვით, დაუშვებელია ასეთი საზოგადოებრივი სივრცეების დაკეტვა. იმაზე არაფერს ვიტყვი, რომ სკვერებისა და სარეკრეაციო უბნების საოცარი ნაკლებობა აქვს ჩვენს ქალაქს, ეს კი, მოგეხსენებათ, როგორი მნიშვნელოვანია. აღარ დარჩა ადგილი, სადაც ჩამოჯდები და დაისვენებ. იყოს იმისი, ვისიც არის. უბრალოდ, გაგვიხსნან და შეგვიშვან შიგ. შევთავაზეთ კიდეც საპატრიარქოს, თუ მხოლოდ ანტისანიტარიის გამოა ჩაკეტილი, მაშინ ჩვენ, „პარტიზანი მებაღეები“, ვიღებთ ჩვენს თავზე კვირაში ერთხელ დასუფთავების აქციის მოწყობას, ოღონდ გახსნან, მაგრამ სასტიკ უარზე არიან“.

ნატა ფერაძე და სხვა აქტივისტები ამ უარის დასაძლევად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. ერთ-ერთის ორგანიზატორია მხატვარი ლევან ლუტიძე, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მოწოდება „დავუბრუნოთ სალაყბო ბაღი ხალხს“ და თანაქალაქელები 18 აპრილს დანიშნულ საპროტესტო აქციაზე მიიწვია.

„არანაირი დიდი მოთხოვნები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზიები საკუთრებაზე. საერთოდ არ გვაინტერესებს, ვის საკუთრებაშია. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, ბაღი იყოს ღია, ნებისმიერ მსურველს შეეძლოს შესვლა და იყოს ისეთივე სისუფთავე, როგორიც სხვა სკვერებშია. ეს არის და ეს! ყველა განვითარებულ ქვეყანაში ყველა სივრცე ვიღაცას ეკუთვნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაუკეტო ხალხს. აქ ახლა ძაღლებია გაშვებული, მაგრამ მე მინდა, რომ ძაღლებთან ერთად ადამიანებმაც ისეირნონ იქ“, უთხრა ნიკოლოზ ლუტიძემ რადიო თავისუფლებას.

არადა, ტერიტორია, რომელზეც დაკეტილი სკვერი მდებარეობს, ყოველთვის იყო ღია საზოგადოებრივი სივრცე. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, სწორედ აქ მდებარეობდა ცნობილი სალაყბო:

ლაშა ბაქრაძე
ლაშა ბაქრაძე

„ეს ადგილი ისტორიულად იყო სამეფო სასახლის წინ. სასახლე იდგა იქ, სადაც ახლა საპატრიარქოა და გრძელდებოდა იმ ტერიტორიამდე, სადაც ახლა „ქართული ოცნების“ ოფისია განთავსებული. ამ სასახლის წინ იყო მოედანი, რომელიც, როგორც ჩანს, ყოველთვის ღია და თავისუფალი იყო. და ერთ ნაწილს მისას ერქვა „სალაყბო“. თვითონ ეს სიტყვა პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ ხალხი იკრიბებოდა და საუბრობდა ყველაფერზე, ანუ ლაყბობდა. მოკლედ, ეს ადგილი იყო ერთ-ერთი ღია სივრცეთაგანი, რომელიც მდებარეობდა ქალაქში და რასაც დიდი ტრადიცია აქვს“.

და მართლაც, ისტორიული მასალების მიხედვით, სალაყბო მოთავსებული ყოფილა მეფე ერეკლეს სასახლის წინ, ყოფილ ეგზარხოსის მოედანზე, სადაც სკამების ნაცვლად ეწყო ტივის მორები, რომლებზეც „სალაყბოდ“ სხდებოდნენ როგორც ადგილობრივნი, ისე ჩამოსულნი, და შეიტყობდნენ ერთმანეთისგან ქვეყნის ოთხ კუთხეს ვინ როგორ იყო, სად რა მოხდა, ანუ ლაყბობდნენ. 1858 წლის „ცისკრის“ პირველ ნომერში მიხეილ თუმანიშვილი წერდა:

„სალაყბო არი პატარა მეიდანი, აი იქ, ძველი მეფეების წინ. იქ ძველ დროს იყო შუაგული, სადაც ყოველი ახალი ამბავი მოგროვდებოდა და ჰპოვებდა ბინას. აქ სცნობდა კაცი კარგსაც და ავსაც ქალაქისას, ქართლისას, სანამდისაც კი გაჰსწვდებოდა გეოგრაფიული ცნობა მაშინდელთა ქართველთა“.

თუმცა, ასეთი კულტურული და ისტორიული კავშირი რომც არ არსებობდეს, ლაშა ბაქრაძით თქმით, თბილისში იმდენად მწირი გამწვანებაა, რომ დაუშვებელია სკვერებისა და ბაღების ჩაკეტვა, რაც სულის მოთქმის საშუალებას უსპობს სიცხითა და გამონაბოლქვით ისედაც გატანჯულ თბილისელებს.

„თბილისში ძალიან ცოტა ბაღია დარჩენილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ცოტა ხნით მაინც ისუნთქონ სუფთა ჰაერით. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუკი საზოგადოება ყურადღებას მიაქცევს და იტყვის, რომ საზოგადოებრივ ადგილებშისაზოგადოებრივი პარკები ადამიანებს უნდა ეკუთვნოდეთ, მათთვის ყოველთვის ღია უნდა იყოს და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება ისეირნონ ასეთ ბაღებში, რადგანაც ასეთი ადგილები თითებზე ჩამოსათვლელი დარჩა. ამიტომ, ვის ეკუთვნის ეს ბაღი და რატომ არის დაკეტილი, არის მეორეხარისხოვანი საკითხი. მთავარია ეს ბაღი გაიღოს და ყველასთვის ღია იყოს, ისევე როგორ ყველგან, მთელ მსოფლიოში იქნებოდა ღია და როგორც ჩვენთან იყო ღია ამ რამდენიმე წლის წინ“, უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG