Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას აზრით, კონგრესი ხელს არ შეუშლის ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ, მისი აზრით, კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს კონგრესი, ხელს არ შეუშლის ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებს. კანონს, რომელიც კონგრესს ნებისმიერი შეთანხმების გადასინჯვის საშუალებას აძლევს, ობამამ „გონიერი კომპრომისი“ უწოდა და თქვა, რომ აპირებს, ხელი მოაწეროს მას. პარასკევს თეთს სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ თქვა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბობ კორკერმა, და კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა წევრმა, ბენ კარდინმა, აღუთქვეს მას, რომ კანონპროექტში არ შევა ცვლილებები, რომლებსაც შეეძლება ირანთან ნებისმიერი შეთანხმების გაუქმება. აშშ-მა, საფრანგეთმა, რუსეთმა, ჩინეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ 2 აპრილს ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს ირანთან. ახლა ისინი იმედოვნებენ, 30 ივნისამდე საბოლოო სახე მისცენ ზოგად შეთანხმებას, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შემცირებას ითვალისწინებს სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. თეირანი უარყოფს დასავლეთის ქვეყნების ეჭვებს, რომ ის საიდუმლოდ მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნაზე.

XS
SM
MD
LG