Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იტბორება თბილისი ძლიერი წვიმის დროს?


თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რაიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ დატბორა საცხოვრებელი სახლები, დააზიანა ქუჩები, წააქცია ხეები და ელექტრობოძები. ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისის ძაღლების თავშესაფარი დატბორა, სტიქიამ რამდენიმე ძაღლის სიცოცხლეც იმსხვერპლა. სეტყვამ დააზიანა ნათესები დუშეთისა და გორის რაიონების სოფლებშიც.

ყეფის ხმა თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, გვიან ღამით, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში გაისმა. გვიან ღამით დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ მდინარე ვერე აადიდა, მოვარდნილმა წყალმა ვოლიერები მთლიანად დატბორა. თავშესაფარში ამ დროს 450-მდე ძაღლი იყო მოთავსებული. ნაწილის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

„ვოლიერების ნაწილი განადგურებულია, ის ძაღლები, რომლებიც მოვასწარით და გარეთ გამოვუშვით, გადარჩნენ. თუმცა ათზე მეტი ძაღლი წყალმა წაიღო. სამწუხაროდ, მათი შველა ვეღარ შევძელით“, - განაცხადა მედიასთან საუბრისას თამაზ ელიზბარაშვილმა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სტიქიის შედეგების თაობაზე საგანგებო თათბირი 4 ივნისს დილიდან მოიწვია და ღამით დედაქალაქში მოსული უხვი ნალექით მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შემდეგ კი მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსებს დავალებები მისცა:

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

„ზედამხედველობის სამსახურს ვავალებ, რომ რაიონულ გამგეობებთან ერთად ყველა იმ პრობლემას მიხედოს, რაც ამ დროისათვის დედაქალაქში არსებობს, ყველა სამსახურმა კომპეტენციის ფარგლებში უნდა მიხედოს საქმეს, კეთილმოწყობის სამსახურს ევალება, რომ სანიაღვრე ქსელები და გზის დაზიანებული მონაკვეთები შეისწავლოს და მიხედოს, სწრაფ რეჟიმში უნდა აღვადგინოთ ქვაფენილები. მართალია, ძალიან დიდი ზიანი არ არის, თუმცა სტიქიამ მაინც დაგვაზარალა და ეს ზიანი ფინანსურადაც უნდა დავითვალოთ“.

სტიქიამ თბილისში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა, ვარაზისხევსა და მამადავითის ეკლესიისაკენ მიმავალ გზაზე დაზიანებულია ქვაფენილი, დედაქალაქის შემოსასვლელთან კლდის ნაწილი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, წვიმის შედეგად დატბორილ ქუჩებში ღამით გადაადგილება უჭირდათ მანქანებს. ძლიერმა ქარმა კი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ხე წააქცია, რამაც გარე განათების ბოძები დააზიანა და რამდენიმე ქუჩაზე განათების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შედარებით მარტივად მოსაგვარებელ პრობლემებს დღესვე მიხედავენ. სუდაძის თქმით, გადაადგილების პრობლემა ამ დროისათვის თბილისის არც ერთ რაიონში არ არსებობს. ჯერჯერობით, ზარალი დათვლილი არ არის. ვაკის რაიონში, როგორც ამავე რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე ამბობს, სტიქიამ ხუთი ოჯახი დააზარალა, კონკრეტულად ძლიერმა წვიმამ მათ სახლები დაუტბორა, ამიტომ გამგეობა დროებით ქირით საცხოვრისს შესთავაზებს:

„ხუთი ოჯახია ისეთი, სადაც საცხოვრებელ სახლებშია წყალი შესული და სანამ მათი სახლები გაიწმინდება, ჩვენ გავიყვანთ მათ ქირით და კომპენსაციაზეც ვიზრუნებთ“.

რაც შეეხება დედაქალაქის ქუჩებს, გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ ადგილზე დღემდე გრძელდება, აცხადებს „თბილსერვისის“ დირექტორის მოადგილე ლევან ჯღარკავა: „რამდენიმე რთულ წერტილში სამუშაოები ახლაც გრძლდება და დღის ბოლომდე ყველა ადგილი გაიწმინდება“.

სტიქიამ, თბილისის გარდა, დააზარალა დუშეთის რაიონის სოფლებიც. დაზიანდა გზები, სოფელ მლაშეში ადიდებულმა მდინარემ 5 ბოძი წაიღო, რის გამოც სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ. თუმცა, როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ დვალიშვილი აცხადებს მედიასთან საუბარში, აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება.

სეტყვა მოვიდა გორის რაიონის სოფლებშიც. სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების –კარბის, გუგუთიანთკარის და მერეთის მოსახლეობა გორის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და ადგილობრივ ხელისუფლებას ზარალის დათვლა და ანაზღაურება მოსთხოვა.

სანიაღვრე სისტემა მხოლოდ ზედაპირულად გაკეთებას არ ნიშნავს. მხოლოდ „ხუფები“ კი არ უნდა გაუკეთდეს. „ხუფი“ – კოსმეტიკაა. ეს სისტემა მთლიანად, კაპიტალურად უნდა გაიწმინდოს. ადრე რატომ არ იტბორებოდა თბილისი? იმიტომ, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებდა...
ჭიჭიკო ჯანელიძე

რატომ იტბორება თბილისი ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ და რატომ ებრძვის ხელისუფლება სტიქიის შედეგებს და არა მიზეზებს? გეოგრაფი, პროფესორი ჭიჭიკო ჯანელიძე იხსენებს 70-იან წლებში მდინარე ვერეს ადიდების ერთ ფაქტს, როდესაც ზოოპარკში შევარდნილმა ნიაღვარმა ძუძუმწოვრების დიდი ნაწილი გალიებშივე დაახრჩო. ყოველ 30 წელში ამ მდინარეს უხვი ნალექის პირობებში ადიდება ახასიათებს.

„მსგავსი რამ ყოველ 20-30 წელიწადში ერთხელ ხდება. საწყენი ისაა, რომ ზოოპარკიდან დაწყებული, მდინარე ვერეს ხეობის მთელ გაყოლებაზე, სწორედ იქ, სადაც მდინარის წყალმა შეიძლება აიწიოს, ტერიტორიები ინტენსიურად ათვისებულია და ახლაც მიდის შენების პროცესი. არავინ ითვალისწინებს ამ მდინარისათვის დამახასიათებელ პერიოდულად გამოვლენად კატასტროფულ წყალდიდობას“.

ჭიჭიკო ჯანელიძე კიდევ ერთ, 60-იან წლებში, აბანოთუბანში მომხდარ შემთხევას იხსენებს, როცა დაბახევის წყალი ადიდდა და 4 მეტრის ნალექმა სრულად გადაფარა და ამოქოლა თბილისის ცნობილი აბანოები. ეს ორი მაგალითიც დასტურია იმისა, რომ მდინარეებს პერიოდულად ახასიათებთ კატასტროფული წყალმოვარდნა, ამიტომ: „გარემოს დაცვის შესაბამის სამსახურებში მუშაობენ ჰიდროლოგები, არის შესაბამისი მასალები და ნებისმიერმა მშენებელმა, როდესაც რაღაც შენობას აშენებს ხეობის ძირზე, უნდა იცოდეს, რა სიმაღლეზე შეიძლება ამ მდინარეში წყალი ადიდდეს. მაგრამ ამას, როგორც ჩანს, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ“.

ჭიჭიკო ჯანელიძე ყაზბეგის გამზირზე უკვე 50 წელზე მეტია ცხოვრობს. ამბობს, რომ ძლიერი ნალექი დედაქალაქში ადრეც არაერთხელ მოსულა, თუმცა თბილისი ასე არასოდეს იტბორებოდა. ის ამბობს, რომ სანიაღვრე სისტემები, სავარაუდოდ, გასაწმენდია. მართალია, სისტემაში წყალი ჩადის, თუმცა მას თან მოაქვს ნარჩენები, ცელოფანის პარკები, ჩვრები თუ სხვა ნაგავი, რაც სისტემას ჭედავს და წყალს აღარ უშვებს. შესაბამისად, პასუხიც კითხვაზე – რატომ იტბორება თბილისი ყველა ძლიერი წვიმის დროს – ადვილი გამოსაცნობია:

„სანიაღვრე სისტემა მხოლოდ ზედაპირულად გაკეთებას არ ნიშნავს. მხოლოდ „ხუფები“ კი არ უნდა გაუკეთდეს. „ხუფი“ – კოსმეტიკაა. ეს სისტემა მთლიანად, კაპიტალურად უნდა გაიწმინდოს. ადრე რატომ არ იტბორებოდა თბილისი? იმიტომ, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებდა. შესაბამისად, მარტივია პასუხიც: თუ ქალაქი დღეს იტბორება, სანიაღვრე სისტემა არ არის წესრიგში“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG