Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოების სამსახური - საფრთხე და პერსპექტივა


პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ ექსპერტები და ამბობენ, რომ მისი ფუნქციები გაურკვეველი და სახიფათოა.

კანონპროექტი „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში მომზადდა. ის პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების გამიჯვნას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავრობას დაექვემდებარება, უშუალოდ მის დაქვემდებარებაში კი შევა: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, ანტიკორუფციული სააგენტო, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი (ფარული საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი დანაყოფი), ე. წ. „შავნაბადას“ სპეცდანიშნულების დანაყოფი.

შსს-ს დღეს მოქმედი ყველა სხვა დანაყოფი საპოლიციო ფუნქციის განმახორციელებელი ერთეულია, რის გამოც ეს დანაყოფები დარჩება ისევ შსს-ს შემადგენლობაში.

მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ ძალუფლება კვლავ ერთი სტრუქტურის ხელშია. კერძოდ, უსაფრთხოების სამსახურს აქვს გამოძიების, სამართალდაცვითი, ოპერატიულ-სამძებრო და ანალიზის ფუნქცია...
ლიკა საჯაია

ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია ამბობს, რომ შსს-გან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას თავიდანვე მიესალმებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ კანონპროექტმა ისეთი სახე მიიღო, რომ მისი დადებითად შეფასება აღარ შეუძლიათ:

„მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ ძალუფლება კვლავ ერთი სტრუქტურის ხელშია. კერძოდ, უსაფრთხოების სამსახურს აქვს გამოძიების, სამართალდაცვითი, ოპერატიულ-სამძებრო და ანალიზის ფუნქცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სახით ფორმულირებული უსაფრთხოების სამსახური კვლავ იქნება საფრთხის შემცველი, ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. გარდა ამისა, სახეზეა შსს-ს ბევრი ფუნქციის დუბლირებაც“.

ლიკა საჯაია ამბობს, რომ რეფორმის შედეგად ერთის მაგივრად ახლა უკვე ორი შსს მივიღეთ, თანაც ამ შემთხვევაში ახალი სამსახურის გამჭვირვალობის ხარისხი გაცილებით დაბალია.

ახლაც ვფიქრობთ, რომ კანონპროექტი ნათლად ვერ აყალიბებს, თუ რა ფუნქციების მატარებელი იქნება უსაფრთხოების სამსახური და ეს ბუნდოვანება ხელს შეუწყობს იმას, რომ უსაფრთხოების სამსახურის არამიზნობრივი გამოყენება იქნება შესაძლებელი...
სოფო ვერძეული

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული ამბობს, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს კანონპროექტში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ვერ მოხერხდა შეეცვალათ კანონპროექტის საერთო სულისკვეთება. პრინციპული საკითხები, რომლის მიმართ ყველაზე მეტი პრეტენზია ჰქონდათ, ხელუხლებელი დარჩა.

„ახლაც ვფიქრობთ, რომ კანონპროექტი ნათლად ვერ აყალიბებს, თუ რა ფუნქციების მატარებელი იქნება უსაფრთხოების სამსახური და ეს ბუნდოვანება ხელს შეუწყობს იმას, რომ უსაფრთხოების სამსახურის არამიზნობრივი გამოყენება იქნება შესაძლებელი, თუკი ამის პოლიტიკური ინტერესი იარსებებს“.

როგორც სოფო ვერძეული ამბობს, უსაფრთხოების სამსახურს ექნება როგორც დანაშაულის გამოძიების, ასევე პირის დაკავების და ისეთი საშუალებების გამოყენების უფლება, როგორიცაა, მაგალითად, ხელკეტი ან წყლის ჭავლი. გარდა ამისა, პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურს ბევრი მსგავსი ფუნქცია ექნება, რაც მათ მუშაობასდა კოორდინაციას კიდევ უფრო გაართულებს:

„უსაფრთხოების სამსახურს შეეძლება მოქალაქეების ქუჩაში შეჩერება, მათი იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება... ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ძალიან სახიფათო დებულებები იყო და არ შეიძლებოდა ასეთი მანდატის, ამ მოცულობის ფუნქციის მინიჭება. როგორც ეს სხვა სახელმწიფოებში არის მიღებული, უსაფრთხოების სამსახურს მხოლოდ ანალიზის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. ეს ასე ხდება იმ ქვეყნებში, სადაც უსაფრთხოებისა და პოლიციის სამსახურები გამიჯნულია. სამწუხაროდ, არც ერთი ეს არგუმენტი კანონპროექტის ავტორებმა არ გაითვალისწინეს“.

თუმცა, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, უსაფრთხოების სამსახურის ცალკე გამოყოფის მიზანი და მოტივი სწორედ ის არის, რომ ეს სტრუქტურა, ამ გზით, უფრო მეტად დამოუკიდებელი და ეფექტური გახდეს.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარადგენს საქართველოს მთავრობა და ამტკიცებს პარლამენტი 6 წლის ვადით. ახალმა სტრუქტურამ ფუნქციონირება 1 აგვისტოს უნდა დაიწყოს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG