Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი-მუნი "შოკირებულია" უნგრეთის პოლიციის ქცევით


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა განაცხადა, რომ „შოკირებულია“ იმის ხილვით, თუ როგორ ეპყრობა უნგრეთის პოლიცია მიგრანტებს სერბიასთან საზღვარზე. ბან კი-მუნი 16 სექტემბერს ტელეფონით ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. მიგრანტებმა, რომლებსაც უნგრეთის სამართალდამცავებმა არ მისცეს სერბიიდან უნგრეთში შესვლის საშუალება, ქვები და წყლის ბოთლები დაუშინეს სამართალდამცავებს. უნგრეთის პოლიციამ მათ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხა. უნგრეთის სამართალდამცავებმა სერბიის ტერიტორიაზე შეჯგუფებულები მოიხსენიეს, როგორც „შეიარაღებული მიგრანტები“. გაეროს ლტოლვილთა უწყებამ გამოხატა „უკიდურესი შეშფოთება“ საზღვარზე მომხდარი ძალადობის გამო. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე მიგრანტი დაშავდა და ზოგიერთი ბავშვი მშობლებს მოცილებული აღმოჩნდა. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დაგმო, როგორც მან განაცხადა, მიგრანტებისადმი „სასტიკი მოპყრობა“. სერბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნებოისა სტეფანოვიჩმა განაცხადა, რომ საზღვარზე გაგზავნის პოლიციის დამატებით ძალებს იმისათვის, რომ „თავიდან იყოს აცილებული უნგრეთის პოლიციაზე სერბიის ტერიტორიიდან მორიგი თავდასხმები და იმისათვის, რომ ჰუმანური და ღირსეული გზით მოხერხდეს მიგრანტების დაშორება საზღვრის ხაზიდან და უნგრეთის პოლიციისგან“. უნგრეთმა 16 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ის გეგმავს საზღვრის დამცავი ჯებირის გაგრძელებას ხორვატიასა და რუმინეთთან საზღვრის მონაკვეთებზეც. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ განაცხადა, რომ „უნგრეთის ხელისუფლების ქცევას არაფერი აქვს საერთო ევროპის იდეასთან. ჯებირები, ძაღლები, პოლიციელები და იარაღი - ეს ჰგავს 1930-იანების ევროპას“.

XS
SM
MD
LG