Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი: სირიიდან შესაძლოა კიდევ სამი მილიონი ლტოლვილი წავიდეს


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, თურქეთმა ევროკავშირი გააფრთხილა, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს შესაძლოა კიდევ მილიონობით ლტოლვილი გამოექცეს. ტუსკმა ევროკავშირის პარლამენტარებს სტრასბურგში, 6 ოქტომბერს უთხრა - თურქეთის შეფასების თანახმად, შესაძლოა კიდევ სამი მილიონი ლტოლვილი წამოვიდეს მხოლოდ ალეპოდან - სირიის სიდიდით მეორე ქალაქიდან - და მის გარშემო მდებარე რეგიონებიდან. ტუსკმა დასძინა, რომ დღევანდელ დღეს მილიონობით პოტენციური ლტოლვილი და მიგრანტი ოცნებობს ევროპაზე. ამ გამოსვლამდე ერთი დღით ადრე ტუსკი ბრიუსელში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, ლტოლვილთა საკითხის განხილვის მიზნით. თურქეთში ამჟამად ორ მილიონამდე სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს, ათი ათასობით ლტოლვილი 2015 წელს ევროკავშირში ჩავიდა საბერძნეთის გავლით. ტუსკმა ევროკავშირის პარლამენტარები გააფრთხილა, ჩვენს გარშემო მსოფლიო არ აპირებს ევროპის დახმარებასო და დასძინა - ევროკავშირის მეზობლების ნაწილი ჩვენს პრობლემებს კმაყოფილებით ადევნებს თვალსო. სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო, მას შემდეგ დაიღუპა 250,000-მდე ადამიანი და ლტოლვილად იქცა მილიონობით პირი.

XS
SM
MD
LG