Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარაში პოლიციამ სამგლოვიარო აქცია დაშალა


თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამდღიანი გლოვა დაიწყო 10 ოქტომბერს ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის დროსაც 100-ი კაცი დაიღუპა. 48 დაჭრილის მდგომარეობა კვლავაც მძიმე რჩება. დღეს პოლიციამ სამგლოვიარო აქციის ჩატარების საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით დაშალა პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ მიერ ორგანიზებული მსვლელობა, რომლლის მონაწილეებიც ყვავილების მიტანას ცდილობდნენ თურქეთის დედაქალაქში გუშინ მომხდარი აფეთქების ადგილას. პოლიციამ, რომელიც აცხადებდა, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა, დემონსტრანტთა ლიდერები უკან გააბრუნა. 10 ოქტომბერს ორი აფეთქება მოხდა თურქეთის დედაქალაქის ცენტრალური რკინიგზის მახლობლად, სადაც მოქალაქეები „თავისუფლების მარშზე“ შეიკრიბნენ და აპროტესტებდნენ თურქეთის მთავრობასა და ქურთ ექსტრემისტებს შორის მიმდინარე ბრძოლებს, რაც მეორე თვეა გრძელდება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. თურქეთის მთავრობამ აფეთქებას ანკარაში „ტერორისტული აქტის“ კვალიფიკაცია მისცა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტმა მას „ამაზრზენი დანაშაული“ უწოდა.

XS
SM
MD
LG