Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაგონი #1178 - კადრი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიიდან


12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა გამოფენა, რომელიც 1918-1921 წლების საქართველოს ცხოვრებას ასახავს - პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ამბებს. ამ გამოფენაზე, რომლის ორგანიზატორებიც საქართველოს ეროვნული არქივი და იუსტიციის სამინისტრო არიან, ნახავთ უნიკალურ ფოტო და დოკუმენტურ მასალას, დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალსა და „ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის, არქივის მასალებს, რომლებიც საქართველოში პირველად 2015 წელს ჩამოიტანეს.

„საქართველოს ღრუბლიანი ციდან 26-მა მაისმა ჩამოანათა... საქართველო ეკუთვნის საქართველოს ხალხს, - შესძახა მან მსოფლიოს და ამ გზაზე მამაცურად შედგა... 26 მაისს ქართველობა ერთსულოვნად გამოეყო ჩრდილოეთს, გამოვიდა მისი ტყვეობიდან, დალეწა მისი ბორკილები და მოიპოვა თავისუფლება...“ - ეს ნოე ჟორდანიაა, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე. 1918 წლის 26 მაისია და ის კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტს კითხულობს. ხმის ეს ჩანაწერი, რომელიც გამოყენებულია დოკუმენტურ ფილმში „ნოე ჟორდანია“, გურამ შარაძის არქივმა შემოინახა:

„თბილისის ხელის მომწერლებმა უნდა მიიღონ გამომცემლობის კანტორაში, რუსთაველის პროსპექტი #26-ში. ვისაც შემოტანილი აქვს ბე - ყველა 15 ტომის, 450 მანეთი თითო ეგზემპლარზედ, იმათ უნდა წარმოადგინონ ნაღდად 70 მანეთი...“ - ეს ამონარიდი კი ძველი საგაზეთო განცხადებიდან ნოე ჟორდანიას თხზულებების პირველ ტომს შეეხება. ამოკითხვა გაჭირდა - ასოები დღეს ძლივსღა ჩანს. თუ ამ დღეებში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში შეივლით, ორ დარბაზში გამოფენილი 1918-1921 წლების ამბები დაგხვდებათ. ფოტოები, დოკუმენტები, წერილები და ა.შ. პასუხებიც გექნებათ კითხვებზე - რას წერდნენ მაშინ, რაზე ფიქრობდნენ, რა ხდებოდა, საერთოდ, საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ვის რა აწუხებდა, ვის რა ეცვა, ვინ როგორ გამოიყურებოდა. გამოფენა საქართველოს ეროვნული არქივისა და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო და 12 ოქტომბერს გაიხსნა.

აი, ანონსი საქართველოს რესპუბლიკის გერბისა: „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აქვს თავისი სახელმწიფოებრივი გერბი. გერბად არის თეთრი გიორგი, შვიდი მნათობით. 1918 წელი, 20 სექტემბერი“. - ესეც ამ გერბის ესკიზი, მხატვარი იოსებ შარლემანი.

აი, ხარიტონ შავიშვილის პორტრეტი. 1919 წელს პირველად სწორედ მან აცნობა შვეიცარიის მთავრობას, რომ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

თბილისი, 1920 წელი. ჰოლანდიელი სტუმრები მატარებელ „საბჭოთა კავკასიის“ წინ ჩამწკრივებულან.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ორიგინალი. მიღებულია 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე და დადასტურებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის 12 მარტს.

„მაყურებელი რომ დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალს დახედავს, ნახავს ხელმოწერებს მასზე, მისთვის ეს უნდა იყოს დაახლოებით ისეთი რეაქცია, როგორიც ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ორიგინალის ხილვისას ექნებოდა ამერიკის მოქალაქეს. ძალიან ამაღელვებელია“, - გვეუბნება საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენელი ანტონ ვაჭარაძე.

ესეც „მხედარი“ - სამხედრო სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო სექციის ჟურნალი. 1920 წელი.

ანდა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერის შემდეგ გადაღებული ჯგუფური სურათი - ოპერის მსახიობთა შორის სხედან ზაქარია ფალიაშვილი და ალექსანდრე წუწუნავა. იქვე სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ წარმოდგენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა ეზოში. და თავად ქართული უნივერსიტეტის - 1920 წლიდან კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - შენობის ფოტო. გარშემო - დაბალსართულიანი სახლები და დიდი სივრცე.

სახალხო გვარდიის დღე და სამხედრო აღლუმი გოლოვინის - დღევანდელი რუსთაველის - გამზირზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯავშნოსანი ავტომობილები. 1920 წლის 12 დეკემბერია.

ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის - ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, რუსეთმა დააკმაყოფილა საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები, საქართველომ კი პირობა დადო, რომ საკუთარ მიწაზე არ განალაგებდა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ჯარებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განახორციელებდა კომუნისტური პარტიის ლეგალიზაციას და ბოლშევიკ აქტივისტებს გამოუშვებდა ციხეებიდან... ეს ხელშეკრულება მალევე დაირღვა.

ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი საქართველოს ეროვნული არქივიდან მოდის. არქივი სწორედ ის ადგილია, სადაც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წლები) შესახებ ყველაზე დიდი მასალა ინახება. ანტონ ვაჭარაძე საისტორიო არქივს ხელმძღვანელობს. ახლაც, როცა ამ ინტერვიუს ვიწერთ, მის მაგიდაზე ძველი, ფერგადასული საქაღალდეების დასტები აწყვია, ალაგ-ალაგ მელნით ნაწერს რომ ძნელად გაარჩევ. სადღაც აქ უნდა იყოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ამბებიც, ბევრი დოკუმენტი და ბევრი ფოტო, რომლებსაც წლების განმავლობაში სწავლობდნენ, ახარისხებდნენ.

ანტონ ვაჭარაძე
ანტონ ვაჭარაძე

მასალის ნაწილი ამ ეპოქის შესახებ საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას გაჰყვა და მხოლოდ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში დაუბრუნდა საქართველოს. ოთხი წლის წინ ამ არქივის დამუშავება დასრულდა. ის უკვე ხელმისაწვდომია ისტორიკოსებისა და მკვლევარებისათვის. ეროვნულ არქივში ამ პერიოდის საქართველოს ისტორიით დაინტერესებული ადამიანების ვიზიტებიც გახშირდა, გვეუბნება ანტონ ვაჭარაძე. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მოწყობილი გამოფენა, რომელიც სწორედ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრებას ასახავს, ასევე ამ მასალების კატალოგად გამოცემა ეროვნულმა არქივმა, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ამ თემაზე წლის მთავარ მოვლენად დაგეგმა. გამოფენის საბაბი ისიც გახდა, რომ, 2015 წელს პირველად, ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკიდან საქართველოში ჩამოიტანეს „ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის, არქივის მასალების ასლებიც. გამოფენა თემატურად ძალიან მრავალფეროვანია, გვეუბნება ანტონ ვაჭარაძე. ის ამ პერიოდის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და, რაც მთავარია, გვიჩვენებს საქართველოს მკაფიო სურვილს წავიდეს ევროპისაკენ:

„აქ გამოფენილი მასალა იმითაც არის გამორჩეული, რომ ხვდები, რომ ქვეყნის ცხოვრებაში ჩვეულებრივი ხალხიც მონაწილეობს. ეს არ არის მხოლოდ მეფეების და პრეზიდენტების ისტორია.. არც გმირი გენერლები უნდა დავივიწყოთ, რომლებმაც ხუთი ომი გამოიარეს და, მინიმალური საშუალებებითა და რესურსით, ოთხი მათგანი მოიგეს. მხოლოდ ბოლოს რუსეთის უზარმაზარ იმპერიასთან ვეღარ გახდნენ ვერაფერს. მნიშვნელოვანია ისიც, რაც ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ასი წლის წინ საქართველო კარგად აცნობიერებდა, რომ მხოლოდ დასავლურ დემოკრატიას შეუძლია გადაარჩინოს პატარა ქვეყანა ასეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში“.

ეს პირველი ქართული უნივერსიტეტის, კონსერვატორიის, ეროვნული არქივისა თუ ეროვნული ბანკის დაარსების წლებია. პირველი რეფორმების დაწყების წლებიც. ქვეყანას უჭირს - მთავრობის პირველი პირებისა და შუა რგოლის, ჩვეულებრივი მოხელეების, ხელფასი კი თითქმის ერთმანეთს უტოლდება. ეს ის დროა, როცა მსოფლიოში ქალებს ხმის უფლება ჯერ კიდევ არა აქვთ, საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში კი 5 ქალია.

„ვიცით ნოე ჟორდანია, გაგვიგია 25 თებერვალი, მხოლოდ რამდენიმე თარიღი და მოვლენა, მაგრამ, ჩემი აზრით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ საქართველოს საზოგადოებაში არ არის სათანადო დამოკიდებულება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს იყო ყველანაირად ჩამოყალიბებული პირველი ქართული სახელმწიფო, ისეთი მოწინავე დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, როგორიც დღესაც კი არ არის ბევრი სახელმწიფო მსოფლიოში“, - ამბობს ანტონ ვაჭარაძე.

სამი, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტით დატვირთული, წელი, როცა პირველად ჩამოყალიბდა თანამედროვე სახელმწიფო - ასე აფასებს ისტორიკოსი დიმიტრი სილაგაძე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს და, მისი აზრით, ესეც არის მთავარი მიზეზი, რატომაც უნდა იცოდეს საქართველოს ხალხმა უკეთესად ეს პერიოდი, რატომაც უნდა თავისი თვალით ნახოს ყველამ ეს გამოფენა:

„ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელიც დღესაც კი ბევრ რამეში შეიძლება სამაგალითო იყოს, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ. და, ამავდროულად, ძალიან ამაღელვებელია ის ფოტოები და დოკუმენტები, რომლებიც გამოიფინა. აი, მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის 16 თებერვლის ცნობილი მოწოდება სტუდენტებისა და ლექტორებისადმი სამშობლოს მიმართ თავდადებისა“.

დიმიტრი სილაგაძე გვეუბნება, რომ საქართველოს ისტორიის ეს პერიოდი ამ დრომდე არ არის სრულყოფილად შესწავლილი. საბჭოთა პერიოდში კი, გასაგები მიზეზების გამო, პირველი რესპუბლიკის შესახებ სკოლებში ან საერთოდ არ ასწავლიდნენ ან ასწავლიდნენ დამახინჯებულად. 90-იან წლებში კი, ამბობს დიმიტრი სილაგაძე, მემუარისტიკამ ფაქტობრივად წალეკა ისტორიოგრაფია - საარქივო მასალებს თითქმის აღარავინ იყენებდა:

„დღეს უკვე, როცა არქივის დიდი ნაწილი საქართველოშია, მკვლევარებს აქვთ ყველა შესაძლებლობა პირველი რესპუბლიკის შესახებ ფუნდამენტური ნაშრომები შექმნან“.

გამოფენა თბილისში 31 ოქტომბერს დაიხურება, ნოემბერში კი თელავში, კახეთის რეგიონალურ არქივში, ასევე, „თიბისი ბანკის“ ბათუმისა და ქუთაისის საგამოფენო სივრცეში გადაინაცვლებს.

მე კი ამბის თხრობას ერთი ფოტოკადრით დავასრულებ, რომელიც, ალბათ, დიდხანს არ დამავიწყდება:

ვაგონი #1178. თითქმის დაძრული შეიარაღებული ძალების სანიტარული მატარებელი და ფანჯრებიდან თავგამოყოფილი მედდებისა და ჯარისკაცების მზერა ობიექტივში. 1918-21 წლები.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG