Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხს


აშშ ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხს - ამის შესახებ ვაშინგტონში, ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ. მისი ინფორმაციით, პრესის თავისუფლების საკითხი განხილული იყო აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარულ სესიაზე, რომელიც ამ კვირაში, ვაშინგტონში გაიმართა. ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ დააკვირდება მოვლენებს, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განვითარდება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებითვე, აშშ მიესალმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენზე მხარეთა მშვიდ და თავშეკავებულ რეაქციას. ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია და უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებისთვის.

XS
SM
MD
LG