Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დაპირებები მიიღო საქართველომ ნატოს მინისტერიალზე


ნატოს მონისტერიალი ბრიუსელში
ნატოს მონისტერიალი ბრიუსელში

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების თავყრილობაზე, ბრიუსელში, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავაც უპასუხოდ დარჩა შეკითხვა – როდის შესრულდება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და როდის გახდება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, თუმცა დასკვნით დეკლარაციაში მინისტრებმა წერტილი დაუსვეს საქართველოში არსებულ ვარაუდებს იმის თაობაზე, რომ ქვეყანას ნატოში გასაწევრიანებლად შესაძლოა სულაც არ დასჭირდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). რა უნდა გააკეთოს საქართველომ ნატოსთან დასაახლოებლად, რას ჰპირდება მას ნატო და რა იმედები ჩაუსახა საქართველოს ჩერნოგორიის მაგალითმა?

ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების თვალთახედვით, საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ქვეყნის სამომავლო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად და ისინი ასევე მოუწოდებენ საქართველოს სრულად გამოიყენოს ალიანსთან დაახლოების შესაძლებლობები, რომლებსაც მას აძლევს: ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის (Enhanced Opportunities Partner) როლი, ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების მშენებლობის ინიციატივა (Defence Capacity Building Initiative) თუ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცებულ ერთობლივ დეკლარაციაში ასევე ნახსენებია გაწევრიანების სამოქმედო გეგმაც (MAP), როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, ანუ ნატოში საქართველოს გაწევრიანების დაპირების, აღსასრულებლად. ამ საკითხზე 2 დეკემბერს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც ილაპარაკა:

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო პროგრესის მიღწევას განაგრძობს... კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც ასევე გულისხმობს MAP-ის საჭიროებას. მუდმივად ასეთია ჩვენი მიდგომის ნაწილი. MAP-ი იგულისხმება იმ პროგრესის მოთხოვნებში, რომლის მიღწევასაც ჩვენ საქართველოსთან ერთად ვაპირებთ“.

ის, რაზეც იენს სტოლტენბერგი ლაპარაკობს და რაც მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცებულ დეკლარაციაშიც არის ასახული, თავისებურად ოპტიმისტურად აღიქვეს თბილისში. მაგალითად, როგორც ცალკეულმა თანამდებობის პირებმაც აღნიშნეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც არის აღნიშნული, MAP-ი „ფაქტიურად ხდება საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი“.

2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს MAP-ი აუცილებლად რომ დასჭირდება, ამაში ეჭვი არასოდეს ეპარებოდა დამოუკიდებელ ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს და, აქედან გამომდინარე, ის არასოდეს ეთანხმებოდა ვარაუდებს ნატოში MAP-ის გვერდის ავლით გაწევრიანების შესაძლებლობის თაობაზე. სხვათა შორის, ასეთი შესაძლებლობა დაშვებული იყო თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ბოლო პერიოდის ცალკეულ კომენტარებშიც. ზაალ ანჯაფარიძეს ჩვენთან საუბარში ჩერნოგორიის მაგალითიც მოჰყავს და აღნიშნავს, რომ MAP-ის აუცილებელ ეტაპს ვერც ჩვენ გადავაბიჯებთ:

„ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაროთ ეს სტადია, უნდა მივიღოთ MAP-ი და შევასრულოთ მის მიერ გათვალისწინებული მოთხოვნები და ამის შემდეგ უკვე დაიწყება უშუალოდ ჩვენი წევრად მიწვევის პროცედურა, რაც მოხდა ჩერნოგორიის შემთხვევაში. ჩერნოგორიამ 2009 წელს მიიღო MAP-ი და, შესაბამისად, ნატო 6 წელიწადი მუშაობდა ჩერნოგორიასთან MAP-ის ფარგლებში, რათა ის მოემზადებინა წევრობისთვის“.

მნიშვნელოვანია ასევე ნატოელ მოკავშირეებთან თავსებადობის საკითხი, მათ შორის, იმ საერთო ღირებულებების შესრულების კუთხით, რაც დემოკრატიის საფუძველია – რამდენად პროგრესს მივაღწიეთ ამ კუთხით...
გიორგი მუჩაიძე

ჩერნოგორიამ, საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, 2 დეკემბერს მიიღო ოფიციალური მიწვევა ნატოში გასაწევრიანებლად და ის ალიანსის 29-ე წევრი გახდება. ნატოს ღია კარის პოლიტიკამ იმედი გაუჩინა არაერთ ქვეყანას და მათ შორის არის საქართველოც. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, „ამ გადაწყვეტილებით მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება „ღია კარის“ პოლიტიკის მიმართ, რამაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას და მის დემოკრატიულ განვითარებას“.

ჩერნოგორიის მაგალითმა სამომავლო იმედები გაუძლიერა ანალიტიკოსების ერთ ნაწილსაც და ამ ნაწილს მიეკუთვნება, მაგალითად, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, „ინფლაციური მოლოდინის“ შექმნა გაუმართლებელია, მაგრამ 2 დეკემბერს ჩერნოგორიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, რამაც რუსეთი მეტად უკმაყოფილო დატოვა, ნატომ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ალიანსის გაფართოების გასაღები მოსკოვში არ დევს და რომ რეალურ გადაწყვეტილებებს ბრიუსელი იღებს, ამა თუ იმ ქვეყნის მზადყოფნის შესაბამისად:

„რა თქმა უნდა, არსებობს სტრატეგიული კონტექსტი, – სტრატეგიული და პოლიტიკურია ეს (გაფართოების შესახებ) გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, - მაგრამ ამ მხრივაც მხარდაჭერის კრიტიკული მასა გროვდება, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ვართ ჩვენ ალიანსის მტკიცე მოკავშირეები (რაც ვართ და ამას ვადასტურებთ სერიოზული კონტრიბუციით ნატოს ეგიდით გამართულ სამშვიდობო ოპერაციებში) და, მეორე, მნიშვნელოვანია ასევე ნატოელ მოკავშირეებთან თავსებადობის საკითხი, მათ შორის, იმ საერთო ღირებულებების შესრულების კუთხით, რაც დემოკრატიის საფუძველია – რამდენად პროგრესს მივაღწიეთ ამ კუთხით“.

მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს შეინარჩუნოს იმპულსი თავისი მრავალმხრივი რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში, რასაც ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს...
დეკლარაციის ტექსტი

მინისტერიალის გადაწყვეტილებებმა კმაყოფილი დატოვა თბილისი. მაგალითად, ქართული მხარე მიესალმება გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ „ვარშავის სამიტისთვის, ნატოს მიერ განხილული იქნება ახალი პრაქტიკული საშუალებები არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისკენ მიმართული ძალისხმევის გასამყარებლად, მათ შორის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და, ასევე, თავდაცვის და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროებში გაზრდილი თანამშრომლობის მეშვეობით“. ეს აქცენტი ხაზგასმულია საგარეო უწყების მიერ 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნატოს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე და საგარეო საქმეთა მინისტრების საბოლოო დეკლარაციაშიც არის ნათქვამი, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული განვითარების კუთხით – იქნება ეს კანონის უზენაესობის განმტკიცება, სასამართლო სისტემის რეფორმირება, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროების მოდერნიზება თუ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. თუმცა მინისტერიალის საბოლოო დეკლარაციის ტექსტში დასმულია აქცენტი, რომელიც მეტის გაკეთების აუცილებლობაზე მიანიშნებს და, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის ბოლოდროინდელ საქმეს უკავშირდება:

„მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს შეინარჩუნოს იმპულსი თავისი მრავალმხრივი რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში, რასაც ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს“.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული დეკლარაციის 14-პუნქტიან ტექსტში, სადაც 4 პუნქტი შეეხება საქართველოს, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნატო კვლავაც მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უკანონოდ მიიჩნევს მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებულ ე. წ. ხელშეკრულებებს და მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის -დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება. დეკლარაციის ტექსტში გამოხატულია მადლიერება საქართველოს მისამართით გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG