Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერიმ და პუტინმა მოილაპარაკეს საერთო პოზიციაზე „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ადასტურებს, რომ 18 დეკემბერს ნიუ-იორკში გაიმართება დაგეგმილი საერთაშორისო შეხვედრა სირიის კრიზისზე მოსალაპარაკებლად. ლავროვის ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრას, რომელიც 15 დეკემბრის საღამოს მოსკოვში გაიმართა. ლავროვის განმარტებით, მიღწეულია შეთანხმება ნაბიჯებზე, რომლებიც უფრო შედეგიანს და უფრო კოორდინირებულს გახდის ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას. ჯონ კერიმ კი პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა ვაშინგტონის მზადყოფნა, რუსეთთან ითანამშრომლოს „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად. „ვფიქრობ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივეს გვჯერა: ჩვენი ქვეყნებისათვის უკეთესია, როცა ჩვენი ხალხები უკეთ არიან და მსოფლიო თანამეგობრობისათვის კარგია, როცა ჩვენ საერთო პოზიციაზე შეთანხმებას ვახერხებთ. დღეს აქ მოვედით, რათა ვცადოთ ამ სივრცის გაფართოება", - განაცხადა კერიმ მოსკოვში პუტინთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, საუბრის დროს შეთანხმდნენ, სირიელი ოპოზიციონერების რომელი ჯგუფების მიწვევას მიიჩნევენ მიზანშეწონილად ნიუ-იორკში 18 დეკემბრის შეხვედრაზე. შეხვედრის მონაწილეებს შორის არ იქნებიან არც „ისლამური სახელმწიფოს" და არც ალ ყაიდის მოკავშირე "ალ ნუსრას ფრონტის" წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG