Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურაში გაიმართა მაღაროელთა საპროტესტო აქცია


ჭიათურაში გაიმართა მაღაროელთა საპროტესტო აქცია, რომელზეც „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულმა მაღაროელებმა სახელმწიფოსგან მათი პრობლემებით დაინტერესება მოითხოვეს. „ნეტგაზეთი“ ავრცელებს ადგილობრივი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა სამხარაძის სიტყვებს, რომ აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან დაუფაროს ხელფასიდან დაკარგული 40%. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჭიათურაში მადნის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ოთხი თვით, 20 იანვრიდან 20 მაისამდე აჩერებს საქმიანობას. მედიასთან განცხადებებში კომპანია ამის მიზეზად ასახელებს საერთაშორისო ბაზარზე მანგანუმის ფასის შემცირებას. კომპანია აცხადებს, რომ მუშებს ამ ოთხი თვის განმავლობაში გადაუხდიან ხელფასის 60 პროცენტს და ისინი სამედიცინო დაზღვევის პაკეტითაც ისარგებლებენ. მედიაში ვრცელდება საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის სიტყვები, რომ 300-მდე მაღაროელთან ერთად 21 იანვრის აქციას სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ რუსთავის აზოტის, ქსნის მინის ტარის ქარხნის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ტყიბულის შახტების თანამშრომლები. მისი თქმით, აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის სოლიდარობის ქსელის, სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელის, ჭიათურელთა კავშირის წარმომადგენლებმა.

XS
SM
MD
LG