Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა ბრეგვაძე: „მხოლოდ მკვდრები არიან უკვდავნი“


მთაწმინდის პანთეონი
მთაწმინდის პანთეონი

18 თებერვალს მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ბაჩანა ბრეგვაძეს ნათარგმნი აქვს სხვადასხვა ფილოსოფიური თუ მხატვრული ნაწარმოებები, მათ შორის, პლატონი, არისტოტელე, სერვანტესი... იყო პოლიგლოტი და თარგმნიდა ლათინური, ძველი ბერძნული, რუსული, გერმანული, ფრანგული და სხვა ენებიდან.

ბაჩანა ბრეგვაძე 14 თებერვალს გარდაიცვალა. სამი დღით ადრე, 11 თებერვალს, 80 წელი შეუსრულდა. ის 1936 წელს იყო დაბადებული რაჭის სოფელ სხვავაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ასპირანტურაში ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით სწავლობდა. იყო ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ორიოდე წლის წინ კი საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.

„გამორიცხეთ კულტურა ისტორიიდან და მიიღებთ ზოოლოგიას“, - წერს ბაჩანა ბრეგვაძე თავის წიგნში „ჩანაწერები“. ეს წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა. ზვიად კვარაცხელია, რომელიც „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორია, ამბობს, რომ ძლივს დაიყოლიეს ავტორი მისი ფოტო გარეკანზე გამოეტანათ. ის ძალზე მორიდებული ადამიანი იყო და ყოველთვის ჩრდილში დარჩენას ცდილობდა. ზვიად კვარაცხელია იხსენებს, რომ როდესაც „ვეფხისტყაოსნის“ პროზაულ ვერსიას გამოსცემდნენ, ბაჩანა ბრეგვაძე სასტიკი წინააღმდეგი იყო ყდაზე მიენიშნებინათ, რომ ეს ტექსტი მან მოამზადა:

„მწერლის, ხელოვანის საზომი, ალბათ, ის არის, შექმნა თუ არა მან თავისი სამყარო. ბაჩანა ბრეგვაძემ თავისი გამორჩეული და უკვდავი სამყარო შექმნა, მრავალფეროვანი პერსონაჟებით. უამრავი ისეთი სახელი შემოამატა ქართულ ლიტერატურას, სხვადასხვა ენებიდან თარგმნილი ფილოსოფოსების, მეცნიერების, პოეტების, მწერლების სახით, რომელიც მანამდე არ იყო“.

როდესაც „ჩანაწერები“ გამოიცა, რადიო თავისუფლებამ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ფილოლოგი დავით პაიჭაძე აღნიშნავდა:

„ხანდახან აცოცხლებს ხოლმე - მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც - პირდაპირ გულისამაჩუყებელ, გულწრფელად სენტიმენტალურ სიუჟეტებს და ამბებს თავისი ყოფიდან, ბავშვობიდან“.

ბაჩანა ბრეგვაძე
ბაჩანა ბრეგვაძე

ბაჩანა ბრეგვაძე ავტორია წიგნებისა: „ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი“, „ბლეზ პასკალი“, „მარკუს ავრელიუსი“, „მიქელანჯელოს პოეზია“, „სოკრატე“, „არისტოტელეს პოეტიკა“, „ნიკოლო მაკიაველი“...

მისი თარგმნილი წიგნები კი იმდენად ბევრია, რომ ჩამოთვლა ჭირს, თუნდაც: ნეტარი ავგუსტინის „აღსარებანი“, „პატარა უფლისწული“, „დონ კიხოტი“, რომლის თარგმნისას, როგორც თვითონ ამბობდა, ბევრი იცინა; შოპენჰაუერის „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები“ და „ახალი აღთქმა“ - ამ წიგნის თარგმნისთვის ის თავად იხდიდა მადლობას.

„მე მითარგმნია და დამიწერია არაერთი და ორი წიგნი, მაგრამ სულ სხვა იყო ის, რისი თარგმნაც მე დამავალა ჩვენმა დიდმა პატრიარქმა - ეს იყო „ახალი აღთქმა“. ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს - სიხარული და შიში: დიდ ათონელთა შემდეგ მე უნდა მეთარგმნა დიდი საღმრთო წიგნი. მაგრამ პატრიარქი მენდო და მე უფლება არ მქონდა უარი მეთქვა მისთვის. განზე გადავდე ყველა საქმე და მოწიწებით შევუდექი უმძიმეს შრომას. თავაუღებელმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო: ერთ წელიწადში დიადი წიგნის თარგმნა დასრულდა და დღემდე რამდენჯერმეც გამოიცა. მოწიწებით ვიხდი მადლობას“.

ბაჩანა ბრეგვაძე დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით, სხვადასხვა დროს მიენიჭა ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და დავით აღმაშენებლის პრემიები. არის ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი .

თუ ამ ჭრილში განვიხილავთ ქართული კულტურის ისტორიას, ანალოგიური სურათი წარმოგვიდგება თვალწინ, მხოლოდ აქ წლები კი არა, ასწლეულებია ამოვარდნილი...
ბაჩანა ბრეგვაძე

თავის წიგნში „ჩანაწერები“ ბაჩანა ბრეგვაძე ყველაზე მეტად თანამედროვე ყოფაზე დარდობს, კულტურის როლის დაკნინებასა და საბჭოთა წყობილების შედეგად მიღებულ ახალ ადამიანზე, რომელიც ბოლომდე ადამიანი არც არის. მისთვის საბჭოთა კავშირის პერიოდი დაკარგული წლებია. ამავე „ჩანაწერებში“ ხშირად გამოთქვამს წუხილს, რომ არც წინა საუკუნეებში ექცეოდა კულტურას სათანადო ყურადღება, რომ ილია ჭავჭავაძის არ იყოს, ჩვენი ისტორია მეფეების და ბრძოლების ისტორიაა და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ ერთი სიტყვით არ ახსენებს რუსთაველს. ამის საილუსტრაციოდ „ჩანაწერებში“ ბაჩანა ბრეგვაძე ჰყვება, როგორ გამოიკვლიეს ჩეხოსლოვაკიაში ხეები, რომლებიც ასაკით ორჯერ აღემატებოდნენ ეგვიპტის პირამიდებს:

„ანალიზის შედეგად ერთი უცნაურობა შენიშნეს: კონცენტრულ წრიულ რგოლებს აქა-იქ თითო, ზოგან კი ზედიზედ რამდენიმე რგოლი აკლდა - კანონით, უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო. ბევრი ფიქრის, კირკიტისა და თავის მტვრევის შედეგად, ჩემი აზრით, ერთადერთ სწორ დასკვნამდე მივიდნენ: იმ წელს თუ იმ წლებში საშინელი კლიმატური პირობები ყოფილა და ხეს მხოლოდ იმისთვის ჰყოფნია ძალა, რომ არ მომკვდარიყო; სხვა მხრივ, ის წლები ისე ამოვარდნილიყვნენ მისი „ბიოგრაფიიდან“, რომ კვალიც კი არ დაეტოვებინათ მასში.

თუ ამ ჭრილში განვიხილავთ ქართული კულტურის ისტორიას, ანალოგიური სურათი წარმოგვიდგება თვალწინ, მხოლოდ აქ წლები კი არა, ასწლეულებია ამოვარდნილი“.

პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ სოციალურ ქსელში განათავსა ვრცელი წერილი, რომელშიც ბაჩანა ბრეგვაძეს იხსენებს. ზურაბ კიკნაძე წერს, რომ ყოველივე ევროპულს ის როგორც მშობლიურს, ისე აღიქვამდა.ვინმესგან დასავლური კულტურის შეფასებისას უბრალო დაეჭვებასაც ვერ იტანდა. ასეთ დროს გაფიცხდებოდა და სახეზე ალმური მოედებოდაო, - წერს ზურაბ კიკნაძე.

მიუხედავად ამისა, ერთი პერიოდი ეგვიპტური ენის შესწავლას მიჰყო ხელი. ზვიად კვარაცხელია ამბობს, რომ მისი ინტელექტი განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანდა მისივე თარგმანების დანართებში:

ზვიად კვარაცხელია
ზვიად კვარაცხელია

„ყოველ ავტორს, რომლსაც ჩვენ ვიცნობთ ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანებით, გარდა იმისა, რომ ეს თარგმანები არის ბრწყინვალე, ერთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ორიგინალზე არანაკლები კომენტარები და შესავალი. ფაქტობრივად, როდესაც ის თარგმნიდა ბლეზ პასკალს, ნეტარ ავგუსტინეს, პლატონს, ისეთი რანგის კომენტარებსა და სამეცნიერო აპარატს უკეთებდა წიგნს, რომ ჩვენ არ გვიწევს ამ წიგნიდან გახედვა, ამ წიგნიდან გასვლა და ამითაც არის ბაჩანა ბრეგვაძის ღვაწლი განსაკუთრებული“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც სიონის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, თქვა, რომ ბაჩანა ბრეგვაძის ნააზრევმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. მწერლის შესახებ ილაპარაკა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემაც:

„კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება. ბაჩანა ბრეგვაძის სახით ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა დიდი მეცნიერი და მწერალი“.

„მხოლოდ მკვდრები არიან უკვდავნი“, - ამბობს ბაჩანა ბრეგვაძე თავის წიგნში. თავდაპირველად მწერლის დაკრძალვის ადგილად საბურთალოს პანთეონი იყო შერჩეული, რამაც საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია. შეიქმნა პეტიცია, რომლითაც ხალხი ითხოვდა, საბურთალოს პანთეონი მთაწმინდით შეცვლილიყო. საბოლოოდ, სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ბაჩანა ბრეგვაძე 18 თებერვალს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG